
ოლიგარქმა მისი ბანკის მიერ ღია ცის ქვეშ დატოვებული ოჯახებისთვის ვერ ,,მოიცალა’’
08:41:23     18-05-2012
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, ბინათმშენებლობით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ოლიგარქმა განაცხადა, რომ კორპორატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულებულთა პრობლემა 90-იან წლებში დაიწყო. ხელისუფლება დაზარალებულებს დაჰპირდა რომ ამ პრობლემას 2012 წლამდე მოუგვარებდა, თუმცა მოსახლეობას მხოლოდ მიწის ნაკვეთები გამოუყვეს. ოლიგარქმა აქვე დაამატა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მოხდება.
არადა, დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ივანიშვილს შუშის სასახლესთან მისი ბანკის მიერ უსახლკაროდ დატოვებულმა 300–მდე დაზარალებულმა მიაკითხა. მაშინ ოლიგარქს იმ მოქალაქეებთან შეხვედრის სურვილი არ გასჩენია.
ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ბანკმა” თბილისში, ხილიანის ქუჩაზე მცხოვრები 300–მდე ადამიანი უსახლკაროდ 1999 წელს დატოვა.
მათ საკუთარი სახლები ჩააბარეს იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანია ,,კავოტექსს’’ მათთვის ახალი ბინები აეშენებინა, თუმცა ივანიშვილის ბანკმა ,,აბსოლუტბანკის’’ შესყიდვის შემდეგ მისი ქონება დააყადაღა და კომპანიამ მშენებლობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ივანიშვილის მიერ დაზარალებული ადამიანები ჯერ ,,ქართუ ბანკთან’’ შეიკრიბნენ, თუმცა ოლიგარქის ბანკისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი მიიღეს.
1999 წლის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები აცხადებენ, რომ თორმეტი წლის მანძილზე არაერთხელ სცადეს ,,ქართუ ბანკთან’’ მოლაპარაკება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომ ,,ქართუ’’, რომელიც ,,აბსოლუტბანკის’’ სამართალმემკვიდრეა, მის მიერ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა, ვერაფრით მივიდნენ.
დაზარალებულებმა ოლიგარქს შუშის სასახლესთან ბოლოს 22 მარტს მიაკითხეს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილთან შეხვედრის იმედი გადაეწურათ და სცადეს აქციით მაინც მიეპყროთ მისი ყურადღება.
თუმცა ,,მეცენატად’’ მოვლენილი ოლიგარქი აღნიშნული ოჯახების პრობლემებით დღემდე არ შეწუხებულა, მიუხედავად იმისა, რომ 22 მარტს აქციაზე შეკრებილთ ხიდაშელი დაჰპირდა: ივანიშვილი ახლა ძალიან დაკავებულია, მაგრამ თქვენთან შესახვედრად ახლო მომავალში მოიცლისო.
დღეს ივანიშვილმა მართლაც მოიცალა ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის, თუმცა მათთვის ვერა, ვინც მისმა ბანკმა დააზარალა და ღია ცის ქვეშ დატოვა.