Dying Russia: სოჭის ოლიმპიადა მსოფლიოს სპორტსმენებისთვის სარისკოა

  21:29:24     17-05-2012

სოჭის ოლიმპიადაზე ჩასვლა საშიშია, მსოფლიოს უძვირფასესმა სპორტსმენებმა ეს არ უნდა გარისკოსნ - წერს ამერიკული გამოცემა Dying Russia-ს ავტორი კიმ ზიგფელდი.
რისკებმა განსაკუთრებით გასულ კვირას იმატა, როცა გაირკვა, რომ რუსეთის ცა ყველაზე საშიში ცაა საფრენად და როცა თავად მოსკოვმა აღიარა იმის შესახებ, რომ სოჭის ოლიმპიადა, შესაძლოა, ტერორისტების არენად იქცეს.

„გასულ კვირას საშინელი ცნობები მოვიდა მათთვის, ვისაც აღელვებს ბედი, რომელიც შეიძლება ეწიოთ 2014 წელს მსოფლიო სპორტსმენებს“ - წერს ზიგფელდი. უპირველეს ყოვლისა ის რუსულ ავიაწარმოებაზე საუბრობს, კერძოდ, რუსული ავიალაინერის Superjet 100-ის შესახებ, რომელმაც ერთი კვირის წინ ინდონეზიაში კატასტროფა განიცადა და რომელიც რუსეთის მთავარი იმედი იყო იმისთვის, რომ მსოფლიოს ავიაბაზარზე გასულიყო. როგორც ცნობილია, ლაინერი, 50-მდე მგზავრით სადემონსტრაციო ფრენის დროს ჩამოვარდა. სწორედ ამ რეისს უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, თუ როგორი შესანიშნავია ეს რუსული თვითმფრინავი. ზიგფელდი იხსენებს ისევ რუსულ ლაინერზე რუსეთის ჰოკეის ნაკრების დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევასაც.

„ნუთუ მსოფლიო მართლაც მზადაა ამ საშინელი რისკის ქვეშ დააყენოს თავისი უძვირფასესი სპორტსმენები, მსოფლიოში, თითქმის, ყველზე არამეგობრულ ცაში?“ - წერს ის.

ამას პლუს ტერორიზმის საფრთხე, რომელზეც მოსკოვი თავად ალაპარაკდა, - რომ სოჭის ოლიმპიადისთვის სამზადისის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მისი ტერორიზირების მოსამზადებელი სამუშაოებიც.

„იმისათვის, რომ თამაშებამდე ჩავიდნენ, მონაწილეებს მოუწევთ იფრინონ მსოფლიოში ყველაზე საშიშ ცაში, მაგრამ მაშინაც, თუკი წარმატებულად ჩაფრინდებიან, ისინი, ფაქტობრივად ტირის სამიზნეებად იქცევიან, რომელსაც რუსეთის ქუჩები დაემსგავსება“ - ამბობს სტატიის ავტორი და რუსეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღასაც ეხება, რომელსაც „დიქტატორ ვლადიმერ პუტინის“ საწინააღმდეგო აქციას უწოდებს. თუმცა საფრთხეს იმაშიც ხედავს, რომ ეს პროტესტი მინელდა, რადგან „რუსები ხედავენ იმ საშინელებას, რაც ხდება, მაგრამ ეს მათ, უბრალოდ, არ აღელვებთ, ისევე, როგორც არ აღელვებდათ საბჭოთა პერიოდში. ისინი მზად არიან უფლება მისცენ თავის ხელისუფლებას, საბოლოოდ შეიშალონ ჭკუიდან“. ზიგფელდის აზრით, სწორედ რუსეთის მოქალაქეების ასეთი დამოკიდებულებაც შეიცავს რისკს.

და ბოლოს, ის მსოფლიო ლიდერებს „უპასუხისმგებლოებს“ უწოდებს, როცა ამ რისკების გათვალისწინებით, მაინც უფლებას აძლევენ თავის სპორტსმენებს - ჩავიდნენ სოჭში.