
პავლე არძინბა – ანქვაბის ლიკვიდაციის ორგანიზატორი
17:26:31     17-05-2012
„პრესა.ჯი“–მ უკვე გაუწყათ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთ, 16 მაისს „გენპროკურატურამ“ბრალდებები ოფიციალურად წაუყენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ 14 მაისს ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს ვინმე პავლე არძინბას, რომელიც ამჟამად მთავარ ფიგურანტად ითვლება და მასზე „საერთაშორისო“ ძებნაც გამოცხადდა. „გენპროკურატურის მტკიცებით, არძინბამ აწ გარდაცვლილ ყოფილ „შინაგან საქმეთა მინისტრ“, ალმასბეი კჩაჩთან(დაკავების ოპერციის დროს თავი მოიკლა –ავტ.) ერთად, არა მხოლოდ ანქვაბის ლიკვიდაცია შეუკვეთა, არამედ „სახელმწიფო გადატრიალებასაც“ გეგმავდა.
სანამ უშუალოდ პავლე არძინბაზე გადავიდოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ალმასბეი კჩაჩსა შევეხებით. იგი ვლადისლავ არძინბას „პრეზიდენტობის“ დროს „შინაგან საქმეთა მინისტრი“ გახლდათ. თვითმკვლელობის წინ ალმასბეი კჩაჩმა დატოვა წერილი, რომელშიც ირწმუნება, რომ ანქვაბზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ანქვაბს დემონად და მოღლატედ მოიხსენიებს:
„ჩემო ძვირფასებო!
მივდივარ თქვენგან. იმიტომ რომ ამ „დემონმა“, გამყიდველმა მშვიდად ყოფნის საშუალება არ მომცა. თავდასხმებში მე არ ვმონაწილეობდი და არც არავინ გამიგზავნია მის მოსაკლავად. არ ვფიქრობ, ამ საქმეზე ა. ბუთბამ გააგზავნა გამოუცდელი ბიჭები.
ა.ზ. ანქვაბს მე ვძულვარ, რადგანაც ყველაზე მეტად ვიცი, რომ ის მოღალატეა და ჩვენს სამშობლოს დამარხავს.
ვისაც შეგიძლიათ დღესვე აღსდექით მის წინააღდეგ, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება.სჯობს მე მოვკვდები გენერლად, ვიდრე, როგორც ანქვაბი ა.ზ., მოღალატედ.
მშვიდობით, კჩაჩი ა.ი.“.
უნდა აღინიშნოს, საქმეში, ჯერჯერობით, მრავალ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. კერძოდ, რა კავშირია ანქვაბზე თავდასხმასა და იმ ადამიანების გეგმებს შორის, რომლებიც პრესამ „აფხაზურ ჯამაათად“ მონათლა, ან რა კავშირია 2007 წლის ანქვაბზე თავდასხმასა და ბოლოდროინდელს შორის და ა.შ.
ერთი სიტყვით, აქ ბევრი „ შავი ლაქაა“, მაგრამ, როგორც აფხაზეთში ვარაუდობენ, ლოგიკამ გამოძიება მიიყვანა იქამდე, სადაც უნდა მიეყვანა – აფხაზური პოლიტიკის „ჩრდილოვანი“ სექტორის მთავარ ფიგურებამდე.
თუ გარე ფაქტორის შესახებ კონსპიროლოგიურ ვერსიას არ მივაქცევთ ყურადღებას, მაშინვე ნათელი ხდება, რომ აფხაზეთში მსგავსი რამის ორგანიზება ცოტა ვინმეს შეეძლო. იმ ხალხის წრეც საკმაოდ მცირეა, რომლებსაც ასეთი სერიოზული ინტერესები გააჩნიათ. ცხადია, რომ ამ ადამიანებს შორის ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან ისეთი ფიგურები, რომლებსაც საზოგადოება თითქმის არ იცნობს, მაგრამ აფხაზეთში ვეებერთელა გავლენით სარგებლობენ.
მაშ, ასე, ვინ არის პავლე არძინბა?
პრინციპში, საქმეში ჩახედულთა მტკიცებით, კაცი–ლეგენდა. ამბობენ, რომ მას ვლადისლავ არძინბას დროს „ქვეყნის საქმეებზე“ კოლოსალური ზეგავლენა ჰქონდა და მის „ ოჯახსა“ და მოგვარეებში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ. ეს დაჯგუფება აფხაზეთის ეკონომიკაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენდა. ნიშანდობლივია ისიც, როგორც სეპარატისტული მასმედიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ დაჯგუფების წევრების საქმიანობაზე ფაქტოლოგიური მასალა თითქმის არ არსებობს. ცნობილია, რომ ამ დაჯგუფების მრავალი წევრი შეკვეთილ მკვლელობებს ემსხვერპლა.
როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ იქცა პავლე არძინბა „რუხ კარდინალებს“ შორის შედარებით მძლავრი ფიგურად. ის მედიაში საერთოდ არ ჩნდებოდა. არის, თურმე, მხოლოდ ერთ–ერთ აფხაზურ გაზეთში დაბეჭდილი ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც სერგეი ბაღაფშის გაპრეზიდენტებას უკავშირდებოდა. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ „არძინბელებმა“(ვლადისლავ არძინბას მომხრეებს ასე მოიხსენიებდნენ) ყველაფერი იღონეს იმისათვის, არ მომხდარიყო სერგეი ბაღაფშისთვის ძალაუფლების გადაცემა. ვლადისლავ არძინბას პროტეჟე რაულ ხაჯიმბა გახლდათ და თუ რა ბატალიები მოჰყვა ბაღაფშის ხელისუფლებაში მოსვლას, ცნობილია.
პავლე არძინბა მაშინ თითქმის არავის უნახავს, მაგრამ საარჩევნო ბატალიებში მისი მონაწილეობის ხარისხზე, ბევრს საუბრობდნენ. სწორედ მაშინ მიუცია მას ინტერვიუ აფხაზი ჟურნალისტი ქალისთვის, რომელსაც იგი აფხაზური პროვინციის ჩვეულებრივ, თუმცა წარმატებულ მცხოვრებად წარუდგა.
ხელისუფლებაში ბაღაფშის მოსვლის შემდეგ, ვლადისლავ არძინბას მოგვარეთა გავლენა და შესაძლებლობები შესუსტდა, მაგრამ დანაკარგი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. კერძოდ, 2009 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ „სახელმწიფო ორგანიზაცია „აბხაზსკოე მორსკოე პაროხოდსტვოს“ დირექტორმა, ზაურ არძინბამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და „ქვეყნის ხელმძღვანელობას“ ძალიან სეროზულად აკრიტიკებდა, მაგრამ დიდი სურვილის მიუხედავად, „ხელისუფლებამ“ მისი თანამდებობიდან მოხსნა ვერ შეძლო.
ახლა უკვე საქმე სულ სხვაგვარადაა. პავლე არძინბა და ანქვაბზე თავდასხმაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი აფხაზეთიდან გაქცეულია. ამგვარად, გამოდის, რომ „არძინბელები“ თავიანთი გავლენის ნაშთებსაც კარგავენ. მეტიც, როგორც იქაურ საქმეში კარგად ჩახედულნი ვარაუდობენ, „არძინბელების“ ბიზნეს–სტრუქტურებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. გამომდინარე აქედან, ეკონომიკაში გავლენების გადანაწილება მოხდება და იქ ახალი ხალხი გამოჩნდება, რომლებიც პოლიტიკაზეც ზეგავლენას იქონიებენ. რა კურსს აირჩევენ ისინი პოლიტიკაში, ძნელი სათქმელია.