
გიორგი ასანიძე: ზვიადაურს, სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა არ ეკადრება
12:59:57     17-05-2012
ათენის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კოალიცია - „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ყოფილი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება, ათენის ოლიმპიური ჩემპიონის, დეპუტატ გიორგი ასანიძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კანონმდებელის შეფასებით, ზვიადაური აპოლიტიკური ფიგურა იყო და მას ხშირად ურჩევდა, რომ პოლიტიკისთვის თავი დაენებებინა. დეპუტატს იმის ახსნაც უჭირს, თუ რა დგას ზვიადაურის გადაწყვეტილების უკან, მაგრამ ამბობს, რომ „არც ასანიძეს და არც ზვიადაურს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა არ ეკადრება“. ზვიადაურის ოპოზიციურ ფლანგზე გადასვლასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ გიორგი ასანიძეს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ ზვიადაურის გადაწყვეტილებას?
- ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, რომ პოლიტიკაში ჩაერთო. ეს გრძნობა მეც განმიცდია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და ყველას უფლება აქვს თავისი ამბიცია და სურვილი გამოხატოს. მთავარია, რომ ერის საქმეს აკეთებდე. რაც შეეხება ზვიადაურის გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე, მასთან ბევრჯერ მქონდა საუბარი, თუმცა, თვითონ ძალიან აპოლიტიკური ფიგურა იყო და ძალიან ბევრჯერ მირჩია, პოლიტიკას თავი დაანებეო, მაგრამ დღევანდელმა დღემ, მასაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ სამომავლო პოლიტიკური საქმიანობამ მისი ოლიმიური ჩემპიონობა არ უნდა შებღალოს. ვფიქრობ, რომ ზვიადაური, სადაც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს, თუმცა თუ პირიქით მოხდება, ეს ძალიან ცუდი იქნება.
- ზვიადაური „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოიაზრებოდა.
- წლების განმავლობაში, ერთად ვიდექით და იმ საქმეს ვაკეთებდით, რაც ქვეყანას სჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
- როდესაც, ზვიადაურის პოზიციის შესახებ გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილება ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა. . .
- გამომდინარე იმ ჭორებიდან, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებდა გეტყვით, რომ ზვიადაურს არანაირი ბიზნესი არ აქვს. თუმცა, შეიძლება, მე არ ვიცი და მას აქვს რაიმე ბიზნესი.
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაფუძნებაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი დივიდენი მხოლოდ თანამშრომლობა იყო და სანაცვლოდ, ფართებით დაგვაკმაყოფილებდნენ. სხვა რაიმე ფინანსური დაინტერესება არ იყო. ამ კომპანიასთან, არანაირ სხვა გარიგებაში არ ვყოფილვართ. პირადად „ოლიმპიური ვარსკვლავის“ პრეზიდენტის, ზაზა რაზიკაშვილის ვალდებულება კი, ამ კომპლექსის მშენებლობა იყო.
- ზვიადაური წარდგენისას შეეცადა პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა და აღნიშნა, რომ ის ივანიშვილთან ერთად იბრძოლებს. პოლიტიკას გაართმევს თავს?
- არ შემიძლია მის ტვინში ჩავიხედო და მისი გადაწყვეტილების მიზეზი ვთქვა, მაგრამ ამის საბაბი მას ნამდვილად არ ჰქონია. ალბათ, მან ეს გადაწყვეტილება პიროვნულად მიიღო, თუმცა, თუ ადამიანი ბოღმაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ღებულობ, ეს ჩემთვისაც, მისთვისაც და სხვისთვისაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება პოლიტიკოსობას, მას რთული ბარიერების გადალახვა მოუწევს, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკას დამკვიდრება სჭირდება. მე დავმკვიდრდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გაწრთვინილი და აქტიური პოლიტიკოსი ვარ. საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი პოლიტიკოსობა - ქვეყნის სიყვარულია. არც ასანიძეს და არც ზვიადაურს, სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა არ ეკადრება.
- სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ყოფნა, თქვენს მეგობრობაზე აისახება?
- ზვიადაურს დღესაც შევხვდი და ამ თემაზე ვისუაბრეთ. მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა, ეს ჩვენს მეგობრობაზე არ უნდა აისახოს და რაღაც ბზარი არ უნდა გააჩინოს. მოწინააღმდეგეთა ფლანგზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენს შორის შუღლს ჩააგდებს, მაგრამ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ სიმართლეს ერთმანეთს გულახდილად ვეტყვით.