მუხრანი „ახალი შამქორის“ მიწაში განისვენებს

  08:43:34     17-05-2012

2010 წლის 17 მაისს მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა... ორი წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, მისი დაკარგვა ისევ ვერ მოგვინელებია...

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს სოფელ არგვეთი, საჩხერის რაიონში. 1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 - 1964 წლებში იყო ჟურნალ 'პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967 - 1982 წლებში ჟურნალ 'დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ 'საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

მისი პირველი ლექსები 1952 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული  'ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა მუხრან მაჭავარიანის კიდევ ორი კრებული, 'წითელი მზე და მწვანე ბალახი" და 'სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. 1959 წელს ამ კრებულისათვის მუხრან მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება.შემდგომ პოეტმა გამოსცა კრებულები: 'ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962 წელს; 'იარონ" - 1970 წელს; 'თქვი" - 1971 წელს; 'ვინც იყო, იგი რომ არა..." - 1973 წელს; 'დუმილი რეკავს" - 1974 წელს; 'ლექსები" - 1976 წელს; 'ერთტომეული" - 1979 წელს.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

საქართველოს რომ პოეტები ჰყოლია, ალბათ, არა მარტო რომელიმე მრავალრიცხოვან ერს, არამედ მთელს რასას ეყოფოდა საამაყოდ და სასახელოდ ქვეყნიერების დასასრულამდე. ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია იყო ნამდვილი პოეტი, ხოლო თითქმის შეუძლებელია იყო დიდი პოეტი. მით უმეტეს, გალაკტიონის მერე, როცა თითქმის ყველა შესაძლებლობანი ამოიწურა რითმისა, რიტმისა, ლექსიკისა, თემისა, პოეტიკისა.

მაგრამ, ქართული ნიჭი ქართველი პოეტებისა, ვითარცა ქართული „ღვინო ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში", გადადის პოეტიდან პოეტში, შესანიშნავი პოეტიდან შესანიშნავ პოეტში, დიდი პოეტიდან დიდ პოეტში - როგორც ქართული უკვდავი სისხლი, უკვდავი სული, უკვდავი გენი, უკვდავი ქართული სიტყვა გადადის კაციდან კაცში.

გადის დრო და კიდევ მოკვდავთა შორის იბადებიან ისინი, ვინც მოწოდებულია დაადასტუროს, რომ ქართული ენის პოეტური სამყარო, ქართული მრავალფეროვანი და უმდიდრესი პოეტიკა ამოუწურავია, რომ ქართული ენის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ ქართული ენის მატარებელი გენი, ქართული ენის მატარებელი სისხლი მარადიულია (სანამ უფალს არ მობეზრდება კაცობრიობა). ასეთი ენის მატარებელ ხალხში დიდი პოეტი იყო მუხრან მაჭავარიანი.

განგება საგანგებოდ ურჩევს განსაკუთრებულ ადამიანებს ისეთ სახელებს, ადვილად რომ გამოთქვა, ადვილად რომ დაიმახსოვრო, უფრო სწორად, ადვილად რომ შეიყვარო. და მერე ამ სახელის გაგონებისას მისი მატარებელი პიროვნების მთელი სამყარო რომ წარმოგიდგეს თვალწინ თუ გაგიცოცხლდეს გულში. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თვითონ ქმნიან სახელს უკვდავად. მუხრან მაჭავარიანის სახელი კი ორივე დატვირთვას ატარებს. ჩემი აზრით, განგებამ მუხასთან, ძველი ქართული რწმენა-წარმოდგენების, ტრადიციების მატარებელ ფესვმაგარ ხესთან დააკავშირა, რომელიც ტოტებითაც ძლიერია, ტოტებამოყრილია და რომელსაც გარშემო პატარა მუხნარი შემოზრდია. ამასთან, თვითონ მუხრანმა თავის ვაჟკაცურ, ფესვებიან სახელსაც პოეტური ფერადოვნება და ჟღერადობა შესძინა.

ჩვენი თაობა ბედნიერია, ჩვენ მოვესწარით და ვიცნობდით რამდენიმე დიდ ქართველს. პირადად ვიცნობდი მუხრან მაჭავარიანს, ეროვნული მოძრაობიდან, რომელსაც თავისი მუხისებური პოეზიის ფესვებით ქართული პოეზიის უკვდავი წყარო მიაწოდა. რაღაცნაირად მიუწვდომელი იყო, შორეული, ამაღლებული... თუმცა, ურთიერთობაში თბილი, ღიმილიანი, ვაჟკაცური და უბრალო, როგორც უბრალო შეიძლება და უნდა იყოს დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

ზვიადის გარდაცვალების მერე სცადა დაქსაქსული და დამარცხებული ეროვნული მოძრაობის გაერთიანება. მისი იმედი გვქონდა, მისი დიდი ავტორიტეტის... ავტორიტეტი კი მართლა დიდი ჰქონდა, როგორც პოეტს და მოქალაქეს საქართველოში შეიძლება (უნდა) ჰქონდეს.
შარშან მეგობრებმა მიმიწვიეს საჩხერეში მუხრანის საიუბილეო ზეიმზე, სადაც შემეძლო მის მშობლიურ გარემოსაც გავცნობოდი და სხვებთან ერთად კიდევ ერთხელ მეხილა, თითქოს წინა საუკუნეებიდან გადმოსული მისი ქართული სახე... ვერ მოვახერხე წასვლა...

თურმე მალე უნდა დაგვეკარგა, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვჯერა, რომ დიდი ადამიანები მიდიან?! თუმცა არ მიდიან, მათი მხოლოდ სხეული მიდის, ხოლო მათი საქმენი ჩვენთანაა, "მათი ნაქონი სისხლით" კი თბილისის ქუჩებში დადიან!

მუხრან მაჭავარიანი ქართველმა ხალხმა დაკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მთაწმინდა ერთ-ერთი უმაღლესი და უწმინდესი პანთეონია ჩვენი ეროვნული მოღვაწეებისა. მთაწმინდა, მართლაც, პანთეონია ქართველთათვის გაღმერთებულ გმირთა. ამ საკითხზეც აქვს მუხრანს ლექსი „თუ სიკვდილია“, სადაც უპირატესობას შამქორის მიწაში განსვენებას ანიჭებს. მაგრამ, ბატონო მუხრან, ჩვენი მთაწმინდაც შამქორია, დიდგორია და ბასიანი! და თქვენ, ჩვენო სათაყვანებელო მამულიშვილო, ახალი დროის დიდგორელებთან, შამქორელებთან და ბასიანელებთან განისვენებთ... მთაწმინდის მკვიდრებმა ბევრი ბრძოლა მოიგეთ... თქვენი პოეზია კი მომავალი დიდგორის, მომავალი შამქორის, მომავალი ბასიანის გმირებს ზრდის!

თუ სიკვდილია...

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.

1972 წელი.