"სირაქლემა" ოლიგარქი...

  16:30:10     16-05-2012

ბიძინა ივანიშვილი მოქმედების სტილს არ ცვლის. ერთი ჯიბიდან ამოღებულ ფულს მეორეში იდებს და ღრმად სწამს, რომ მისი ეს ქმედება მაკონტროლებელი ორგანოებისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სოკოებივით გამრავლებული კომპანიები ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლოს გაიშიფრნენ, მაშინ, როცა პროკურატურამ, მათ მიერ, კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურის, თინა ხიდაშელის პარტიებისა და სხვათა ანგარიშებზე ათიათასობით ლარის ჩარიცხვის დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კონტროლის პალატამ, რომელმაც არაერთხელ გააფრხილა ივანიშვილის პარტია ხელი აეღო კანონდარღვევებსა პოლიტიკაში შავი ფულის დატრიალებაზე, კიდევ ერთი სქემა გაშიფრა, რომლითაც ოლიგარქი ფინანსურ მაქინაციებს ეწეოდა. დარღვევა მაშინ გამოვლინდა, როცა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „ქართული ოცნებისა“  და მის კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად,  განხორციელებულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა. ივანიშვილი ყოველდღე აპიარებს ახალი ოფისების გახსნას, მაგრამ თურმე,  საფინანსო დეკლარაციებში საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯების შეტანა ,,ავიწყდება’’.

როგორც გაირკვა, პოლიტიკური სუბიექტებისათვის საოფისე ფართების დაქირავებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, საკუთარი სახსრებით, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც  თავის მხრივ უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. კონტროლის პალატის იფორმაციით, ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია გახლავთ და ორივე მათგანის წარმომადგენელი  საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია. ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში.

აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე  დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით.  ამდენად,   შპს „მენეჯმენტ სერვისისა“ და  შპს „ბურჯის“ ხელმძღვანელები  და ფინანსური  საქმიანობის აღრიცხვაზე  პასუხისმგებელი პირებიც კი ამავდროულად დასაქმებულები არიან ააიპ „მოძრაობა ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან. 

კონტროლის პალატის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“, 2012 წლის თებერვლიდან საიჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული  ბიზნესი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც იგი ახორციელებდა საოფისე ფართების დაქირავებას, მათ გარემონტებას, ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფას და პოლიტიკურ პარტიებზე ქვექირავნობით გადაცემას. მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებთან უკვე გაფორმებულია ქვექირავნობის 60 ხელშეკრულება. ფართების დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ დაქირავებულ ფართებს ქვექირავნობით პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდა, თუმცა ფართის მესაკუთრეებს წინასწარ უხდიდა რამდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში იჯარის სრულ თანხას. გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო  მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს.

ქირავნობის და ქვექირავნობის ხელშეკრულების შესწავლისას, მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში შპს „მენეჯმენტ სერვისს“  ფართები უფრო ნაკლები ვადით ჰქონდა ნაქირავები, თუმცა გაცილებით დიდი ხანგრძლივობით მიქირავებული პოლიტიკურ სუბიექტებზე, რაც აბსოლუტურად კანონშეუსაბამო ფაქტია. მაგალითად: გურჯაანში, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საოფისე ფართი იქირავა 11 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 22 თვით;  თელავში „ბანკი ქართუსგან“  იქირავა 10 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 19 თვით, ხობში ოფისი იქირავა 11 თვით, პარტიებს მიაქირავა 20 თვით და ა.შ. 

სამსახურმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებებში ქირავნობის  არარეალური ვადების გაწერა ემსახურება დადებული გარიგებების ნამდვილი შინაარსის შენიღბვას, რადგან რეალური ვადების და რეალური ხარჯების მითითების შემთხვევაში, ცალსახად თვალსაჩინო გახდებოდა, რომ სამეწარმეო სუბიექტი წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ახორციელებდა და უსასყიდლო მომსახურებას უწევდა პოლიტიკურ სუბიექტებს, რაც ბუნებრივია, იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ გაწეული ხარჯები, მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი (მაგალითად:  ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი, ჭიათურა).

იმის მიუხედავად, რომ მთელ რიგ ოფისებში საკმაოდ ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, საქართველოს კონტროლის პალატამ იხელმძღვანელა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით და გარემონტებული ფართების მოცულობის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ თავად შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ მოწოდებულ ნარდობის ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზეც განსაზღვრა, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ კოალიციაში შემავალი პარტიების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“-ს სარგებლობაში არსებული ფართების სარემონტო სამუშაოებზე  476.619.51 ლარის ხარჯი გასწია, რაც წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. 2012 წლის 14 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართა ადმინისტრაციული საქმის განხილვა, რა დროსაც ფინანსური მონიტრინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები კომპანიის წარმომადგენლებმა მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ახსნეს. 

იმის გამო, რომ განხილული მტკიცებულებებით  ერთმნიშვნელოვნად  დადასტურდა შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ დარღვევის ფაქტი, იგი დაჯარიმდა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, რადგან მას, როგორც იურიდიულ პირს, არ ჰქონდა რაიმე სახის შემოწირულობის განხორციელების უფლება.