
ცხინვალში რუსული „აგვისტოს რვა“ ცინიზმად და ამორალურობად მიაჩნიათ
15:41:17     16-05-2012
პრეტენზიებს, ჯანიკ ფაიზიევის მიერ, კრემლის დაკვეთით გადაღებული ფილმის შესახებ, ცხინვალში მოურიდებლად გამოთქვამენ. სააგენტო „ოსინფორმის“ ავტორი გაბრაზებულია და მოსკოვის კინო-ვერსიას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ცინიზმს უწოდებს.
ის ამტკიცებს, რომ სწორია, როდესაც ითხოვენ, რომ რუსმა რეჟისორებმა, ბოლოს და ბოლოს, ფილმების გადაღება უნდა ისწავლონ; რომ ფაიზიევის „აგვისტოს რვა“, რომელიც 16 მილიონი დოლარი დაჯდა, „ჩვეულებრივი ბოევიკია, როგორებიც დასავლეთიდან “პაჩკობით” შემოაქვთ“.
სტატიის ავტორი იგორ ბულკატი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ჰოლივუდურმა სპეცეფექტებმა გააღიზიანა, რამაც მაყურებელს რეალობის შეგრძნება დაუკარგა, რომელიც, პრინციპში, ბულკატის თქმით, ფილმში არც ასახულა, - გარდა იმისა, რომ მისი შემქმნელები უნიჭოდ შეეცადნენ რუსული არმიის სიდიადის დემონსტრირებას.
„კადრში მოგრუხუნე ტანკებისა და ჯავშანმანქანების გამოჩენა არასაკმარისია არმიის ძალის დემონსტრირებისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ტანკებიდან მომზირალ ლეიტენანტებზე, რომელთა სახის შემწყნარებლური გამომეტყველებაც, რეჟისორის ჩანაფიქრით, სოლიდურ საბრძოლო გამოცდილებას ნიშნავს“ - წერს ის.
ავტორს მიაჩნია, რომ რიგითი მებრძოლი, რომელმაც იომა, დაკრძალა ახლობლები და უსახლკაროდ დარჩა, ვერასოდეს გაიგებს „ჰოლივუდურ მითოლოგემას, რომელიც უკვე მომაბეზრებელია. ადამიანს კონკრეტული პრობლემები აქვს და ჩვენ აქ ურბანისტულ ზღაპარს ვაჩეჩებთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ კინემატოგრაფის ვიზუალიზაციაზე, ძვირფას სპეცეფექტებზე და კომპიუტერულ გრაფიკაზე, მაგრამ თუკი ისინი გონებისა და გულის მუშაობას ბლოკავენ, მათი ფასი გროშიც არ არის“ - წერს ბულკატი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფაიზიევის ფილმს, რომელშიც სპეცეფექტები უფრო მეტია, ვიდრე მსახიობების ნამუშევარი, მხოლოდ ახალგაზრდები თუ უყურებენ.
ყველაზე მეტად სტატიის ავტორი აღშფოთებულია იმით, რომ რეჟისორმა ნაციონალური ოსური კოლორიტის წარმოსაჩენად აირჩია „ცინიკური“ სცენა - ჯავაში მხიარულებისა და ცეკვის ეპიზოდი. „ეს, ცინიზმია. ფილმი, თავისი არსით, ამორალურია“ - ამბობს ის.
ოსი ავტორი ასეთ კითხვას სვამს: რა საჭიროა ფილმები, რომლებსაც მაყურებელი არსებული პრობლემებიდან შორს მიჰყავს? და პასუხსაც თავად იძლევა:
„ბევრს ლაპარაკობენ რუსეთის ინტერესებზე, ჩვენი არმიის გამო სიამაყეზე. მაგრამ ერთი სიტყვა მაინც თუ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთის ინტერესებზე?.. “
გაბრაზებული ავტორი იმასაც წერს, რომ სულ ტყუილად ატყდა უკრაინაში აჟიოტაჟი, როცა „აგვისტოს რვა“-ს ჩვენების აკრძალვა მოითხოვეს, რადგან ფილმი, უბრალოდ, „უგემოვნოა“, მასში არაა ასახული არც ომი, არც ადამიანური ტრაგედია და არც ის „სოციალური დანიშნულება“ აქვს, რის გამოც მან რუსეთის სახელმწიფო მხარდაჭერის ფონდიდან მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო.