12:35:43     16-05-2012
როგორ ვიყიდოთ ადამიანები ბითუმად...

კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ამომრჩევლის მოსყიდვას განაგრძობს. ივანიშვილისთვის საკმარისი არ არის, რომ მისი ძმის კუთვნილი კომპანიის, „გლობალ ტვ“-ს სატელიტური თეფშების დარიგების სანაცვლოდ, მოქალაქეები „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაწევრიანდნენ. ოლიგარქმა ახლა ე.წ. საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელსაც „ქომაგი“ ჰქვია და რომლის თავმჯდომარეც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ვინმე ია მეტრეველია.
ფონდი გუშინ დაფუძნდა და როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, სამართლებრივი, მორალური და ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვისაც „პოლიტიკური რეპრესიები“ შეეხება. შექმნილი საქველმოქმედო ფონდი ჰპირდება ადამიანებს, რომ თუკი ისინი იქნებიან დევნაში პოლიტიკური შეხედულებების გამო, დახმარებას მიიღებენ. ასევე გამოუყოფენ ადვოკატს, აუნაზღაურებენ მკურნალობის და სხვა ხარჯებს. ე.წ. პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს კი გამოუყოფენ 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას.
ე.წ. დახმარების სია საკმაოდ დიდია და კიდევ უფრო დიდია ის ფინანსები, რომელიც „ქომაგთა“ მიერ დანაპირების შესრულებისთვისაა სააჭირო. ფონდის ხელმძღვენელების თქმით, მათ არავითარი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა არც იმას მალავენ, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერები არიან.
მართალია, ია მეტრეველი ამტკიცებს, ივანიშვილთან და მის პოლიტიკური გუნდთან არაფერი გვესაქმებაო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერები სწორედ „ქომაგის“ დახმარებით გეგმავენ ამომრჩეველთა წრის გაფართოებას.
სოზარ სუბარმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნუ შეგეშინდებათ წნეხის და საარსებო საშუალების დაკარგვის. ყველა ადამიანი, რომელსაც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ, ან სხვა პრობლემას შეუქმნიან, ფინანსურ დახმარებას მიიღებსო. სუბარმა ფინანსური დახმარების წყაროდ „ქომაგი“ დაასახელა და ისიც აღნიშნა, რომ ფონდი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.
კონტროლის პალატამ უკვე გაავრცელა განცხადება,რომ ამგვარი ფონდი თავისი გაცხადებული მიზნებით „დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას“. „ის იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას. ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და „კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“ - აცხადებენ კონტროლის პალატაში.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კი, სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და „ქომაგს“ პოლიტიკური ფულის აღებისგან თავის შეკავება ურჩიეს. არასამთავრობოთა ნაწილი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერთა ნაწილის განცხადებებით ჩნდება ეჭვი, რომ „ქომაგის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს „ქართული ოცნების“ ლიდერთა მხრიდან მინიშნებებით გაკეთებული განცხადებები. გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის გამო, მალე მოხდება „გლობალ ტვ“-ს თეფშების დარიგება, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს, ასევე საქართველოს რეგიონებში შეიქმნება ფონდ „ქომაგის“ ფილიალები, რომელიც ადამიანებს დაეხმარება ყველანაირადო.
0