დინარა(დინი) ვირსალაძე - პიანისტი, კომპოზიტორი

  09:23:09     16-05-2012

დაიბადა თბილისში. კლასიკური მუსიკალური განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში ფორტეპიანოს (პედ. პროფ. თინა გოგოლაშვილი)  და ორღანის (პედ. პროფ.ეთერ მგალობლიშვილი)კლასით მიიღო. კლასიკურმა განათლებამ, მომავალში უკვე  ჯაზ მუსიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა .

შემოქმედება

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ხელოვნების სკოლაში-კონცერტმეისტერად, მოგვიანებით კონსერვატორიაში სოლო სიმღერის კათედრაზე გადაინაცვლა.

1990-93 წლებში თბილისის კამერული ორკესტრის სოლისტია. 

1993 წელს დინი ვირსალაძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა, სოგორც ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი. ამავე წელს ის ნოვოსიბირსკის ჯაზ-ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც მაყურებლის ფავორიტის პრიზით დაჯილდოვდა.  ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ახალგაზრდა მუსიკოსის შემოქმედებითი ცხოვრება.

1996 წელს დინი ვირსალაძემ მონაწილეობა მიიღო ფესტივალებში: “ხელები” და “მარგარიტა 96”, სადაც ჯაზ ნომინაციაში -”საუკეთესო პიანისტის” პრიზი დაიმსახურა.

ძალიან მოკლე პერიოდში დინიმ შეძლო მიეპყრო მრავალი ჯაზ-ფანისა და პროფესიონალ მუსიკოსთა ყურადღება. ყველა ვინც ეცნობა დინი ვირსალაძის შემოქმედებას, მას პირველ ქალბატონ - ჯაზ მუსიკოსად მიიჩნევს, რომელმაც ქართული ჯაზური მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.  დინი ვირსალაძე მელოდიურობით, მდიდარი ჰარმონიით და მაღალი სულიერებით გამორჩეულ მუსიკას ქმნის. ის უნიკალურ ქალ - ჯაზურ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება.

2003 წლიდან ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკონცერტო ორკესტრთან (ბიგ-ბენდთან) თანამშრომლობს.  მისი ბოლო პერიოდის პროექტებიდან აღსანიშნავია 2006წლის  მონტე კარლოს საერთაშორისო ფესტივალი, სადაც თბილისის ბიგ ბენდმა 2006წლის საუკეთესო ბიგ ბენდის წოდება მოიპოვა.  ამ ფესტვალის მესვეურებმა, განსაკუთრებით გამოარჩიეს და მადლობა გადაუხადეს დინი ვირსალაძეს, იმ წვლილისათვის, რომელიც თბილისის ბიგ ბენდის ფარგლებში და ზოგადად მსოფლიოში ჯაზური მუსიკის გავრცელების საქმეში შეაქვს.

დღეისათვის დინი ვირსალაძე რეგულარულად თანამშრომლობს ჯაზ კლუბ- “ნონ-სტოპთან”. კლუბში ის ტრიოსთან (ლაშა აბაშმაძე –ბასი და ნიკა აბაშმაძე – დასარტყ. ინსტ.) ერთად გამოდის.  ასევე მონაწილეობს თბილისის სხვადასხვა დარბაზებში გამართულ კონცერტებში.

დისკოგრაფია

დინი ვირსალაძის დისკოგრაფია ჯერ-ჯერობით ორი ალბომისგან შედგება: პირველი - “მისტერია”, სადაც  თავმოყრილია მის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კომპოზიციები.  ალბომზე დინი ვირსალაძესთან ერთად მრავალი მუსიკოსი მუშაობდა გია მახარაძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, დავით აზირაშვილი, გია სალაღიშვილი, გია თეთრაძე, დავით ჯაფარიძე, კახა ჯაგაშვილი, ნუკრი აბაშიძე და სხვები.

II ალბომი - ”მომღიმარი სახე’ ჩაიწერა 2007 წელს, თბილისის კონსერვატორიის ხმის ჩამწერ სტუდიაში. ალბომზე მუშაობდნენ სხვადასხვა ჯაზ მუსიკოსები, ვოკალისტ ანი დუჩიძესთან ერთად.

დინი ვირსალაძე სერიოზულადაა გატაცებული მხატვრობით, და საკმაოდ წარმატებულია ამ სფეროშიც.

წყარო