09:21:52     16-05-2012
პარლამენტს საკუთარი მედალი და ორდენი ექნება

მომავალში, პარლამენტარიზმის განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვებენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს – „პარლამენტის მედლით“.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის ავტორი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილია. ცვლილებების ინიცირება კი, პარლამენტში უკვე მოხდა.
როგორც პრესა.ჯი–ს გოგორიშვილმა განუცხადა, მსოფლიოს ყველა ქვეყანას საპარლამენტო ორდენი და მედალი აქვს, ამ მხრივ კი, გამონაკლისს საქართველო წარმოადგენდა.
დეპუტატის განცხადებით, წარდგენილი პროექტით, „თავისუფლების ორდენისა“ და „პარლამენტის მედლის“ შემოღებისა და გაცემის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება.
მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, „თავისუფლების ორდენი“ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს გადაეცემათ.
„ამ მედლით, საპარლამენტო საქმიანობის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის, საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს დავაჯილდოვებთ. საქართველოს საპარლამენტო დონეზე, უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ქვეყანას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. საქართველოს დელეგაციებში არაერთხელ მინახავს, რომ ჩვენი მეგობრები სახელმწიფოს მხარდასაჭერად აქტიურად იბრძვიან. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტში საქართველოს წარმომადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ მათ მხარდაჭერას ხშირად ვგრძნობთ. ჩვენ კი, ასეთი ადამიანების დაჯილდოების საშუალება უნდა გვქონდეს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
რაც შეეხება „პარლამენტის მედალს“, გოგორიშვილის განმარტებით, ამ ტიპის მედლით, პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები წახალისდებიან.
„ზოგ ქვეყანაში მედლის გადაცემა სტაჟთან, ან გამოცდილებასთან არის მიბბული, მაგრამ ჩვენ საკითხს ასე არ ვაკონკრეტებთ. გასაკვირი არ არის, რომ ყოველთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ. მათი შრომა და თავდადება იმაში არ გამოიხატება, რომ მათ ჯილდო გადაეცემათ, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ ჩვენ ისეთი ადამიანები გვყავს, რომლებიც დღე–ღამის განმავლობაში, ქვეყანასა და პარლამენტს თავდაუზოგავად ემსახურებიან. შესაბამისად, მათი დაჯილდოება ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილება მოქმედ რეგლამენტში შედის, მაგრამ ეს საკითხი, ახალი რეგლამენტის პროექტშიც იქნება გათვალისწინებული, რომელსაც მეშვიდე მოწვევის პარლამენტი ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოს უმზადებს.
0