იოანე ბატონიშვილი „სვეტის ცხოვლისათვის”
08:59:57     16-05-2012
1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის გიორგი ბატონიშვილის (მომავალი გიორგი XII) ოჯახში დაიბადა მეორე ვაჟი, იოანე. მომავალი მწერალი, მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, სარდალი და საზოგადო მოღვაწე. როგორც შეეფერებოდა სამეფო ოჯახის შვილს, მიიღო შესანიშნავი განათლება, დავით რექტორის ხელმძღვანელობით.
მონაწილეობდა ომებში. კრწანისის ბრძოლის დროს თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ვაჟკაც თანამებრძოლებთან ერთად მეფე ერეკლე II, თავისი პაპა, ალყიდან გამოიხსნა.
1794-1799 წლებში, ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით, აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. 1799 წელს შეადგინა და მამას, გიორგი XII წარუდგინა სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის გეგმა ("სჯულდება"), რომლის განხორციელებაც ვერ მოესწრო, რუსეთის იმპერიის გამოისობით.
1801 წელს იძულებით საცხოვრებლად გადაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. პეტერბურგში ყოფნისას ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეისწავლა უცხო ენები. ქმნიდა სხვადასხვა ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, აგრეთვე ნაშრომებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, არტილერიის შესახებ და სხვა დისციპლინებშიც. მას ეკუთვნის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”; საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია; ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“, ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი; სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართული განმარტებითი ლექსიკონი, „ქართული ლეკსიკონი“ (ჩვენამდე მხოლოდ ნაწილია მოღწეული), მის კალამს ეკუთვნის "პატარა ედემით განძება", "აღსარება", ლექსად დაწერილი "მიბაძვა იოანე სინელის კიბისა". გამოსცა "მუსიკალური სახელმძღვანელო". იგი ხატავდა კიდეც. ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაციას. ათარგმნინა გერმანელი მხატვრის იოანე პრეისლერის ხატვის სახელმძღვანელო, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. მანვე ჩაიწერა “ვეფხისტყაოსნის” ხალხური ვარიანტი - “ტარიელიანი”.
იოანე ბაგრატიონმა თარგმნა ა. ფერგიუსონის "მოძღვრება ზნეობითი ფილოსოფიისა", პ. ჰოფმანის "საექიმო ნაშრომი", გ. დერჟავინის ლექსი "ღმერთი", "სამიჯნურო მიწერ-მოწერა იულიასთან", აბატ კონდოლიაკის "ლოღიკა", სპარსულიდან "სეილანიანი", ვოლტერის ლექსები.
იოანე ბაგრატიონის წვლილი დიდია ქართულ მედიცინაში. მან შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი (თვითონაც დაამატა). შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, “სამკურნალო წიგნი”. მასში აღწერილია ავადმყოფობები, მოცემულია რეცეპტები და ასევე, წამლის დამზადების წესები.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ იოანე ბატონიშვილი ასე აღწერდა თავის ნაშრომებს: “ექვსი ტომი ლექსიკონი რუსული და ქართული, კონდილიაკის “ლოღიკა”, ინგლისური ზნეთსწავლება საღმთო და საერო თანამდებობის წიგნი, ორი ტომი საზოგადო ისტორია, ენციკლოპედიური გვარი წიგნი, ვიდრე სხვადასხვა ჰსწავლათა ორასამდინ სწავლა, იკონოლოღია, შემოკლებული დავითნის განმარტება, დოდოს ანგელიელის პასტორის განსახვა, არიტმეტიკა, ლოგარითმა, ღეომეტრია, მტერეომეტრია, ღონგიმეტრია, პლანომეტრია, ტრიღონომეტრია, ვიშეღეომეტრია, ფორთეფიკაცია, არხიდექტურა, არტელერია, ტაკტა, სამკურნალო წიგნი, ბოტანიკა, ნატურალური ისტორია, ევდუქსია, და სხვანიცა” (აქ ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი).
იოანე ბაგრატიონი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "კალმასობა" ("ხუმარსწავლა"). დიდმა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ბარამიძემ "კალმასობას" “ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლი” უწოდა. ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, სადაც შესანიშნავი დიალოგებითა და თხრობის ლამაზი მანერით გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიები, ენციკლოპედიური ამბები (ტრაქტატები), სამეცნიერო ვარაუდები, ისტორიები და დასკვნები - რა სჭირდება ადამიანს და ქვეყანას.
უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონის ვაჟი, გრიგოლი აქტიური მონაწილე იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კახეთის 1812 წლის აჯანყებისა. აჯანყებულებმა, ის მეფედაც გამოაცხადეს.
თავისი ერთ-ერთი ნაშრომის წინასიტყვაობაში იოანე ბატონიშვილი წერდა: “სიყვარულისა და ერთგულებისა გამო მამულისა ჩუენისა ვიიძულე ხელდებად წიგნისა ამისა”. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ მის ნაშრომებს “საქართველოს შინა მოსწავლენი არა უგულებელს ჰყოფენ და ამით ვიქნები მათგან დაუვიწყებელიო”.
იოანე ბაგრატიონი გარდაიცვალა 1830 წლის 15 თებერვალს.
ნაწარმოების გმირი, იოანე ხელაშვილი ესაუბრება ბეცია გედევანიშვილს და უამბობს სვეტიცხოვლის შესახებ. იქვე ავტორი აღნიშნავს, იპოდიაკვან იოანეს პირით, რომ გედევანიშვილები არიან ელიოზ მცხეთელის შთამომავლები, რომელმაც უფლის კვართი მოაბრძანა მცხეთაში. შემდეგ იოანე ბატონიშვილი წმინდა ჯვრებზე გვესაუბრება, რომელიც მცხეთაში, სიდონიას საფლავზე ამოსული ძელიცხოველისგან დაამზადეს.
კალმასობა
დღე მეცხრე
(ნაწყვეტი)
ი ო ა ნ ე: რადგან ეს მცხეთა პირველი დედაქალაქი იყო უწინდელსა დროსა შინა, ამა ქალაქის მოურავნი სხვათა მოურავებთა ზედან უფროსნი იყვნენ, და მე იმავე ტიტლით მოგიკითხეთ და არა კიცხვით.
ბ ე ც ი ა: გმადლობ, მაგრამ ახლა ერთი სოფლის ამხანაგიც ძლივღა არის ეს ადგილი.
ი ო ა ნ ე: მაგას თავისი პატივი მაინც არ მიეხდება.
ბ ე ც ი ა: ვითარ?
ი ო ა ნ ე: რადგან ეს წმინდა ეკლესია სვეტიცხოველისა, წმინდა პეტრეს მოციქულის და პავლეს მოციქულის სახელზედ აღშენებული, აქა დგას, იმას ეს პატივი აქვს, რომ ვერც მეფე საქართველოსა სხვას ეკლესიაში ეკურთხება და ვერცა მღვდელთმთავარნი, რომ ამით უმეტეს პატივცემულია ეკლესია ძველადვე და აგრეთვე სასაფლაოც მეფეთა და კათალიკოსთა არს, ამისთვის სხვა სოფლებს არ შეესწორება.
ბ ე ც ი ა: რად არის ეს ეკლესია სხვათა ზედან უმეტეს პატივცემული?
ი ო ა ნ ე: ამისთვის, რომელ პირველად აქ მიიღო მირიან მეფემან ქრისტიანობა წმინდის ნინოსაგან, და ეკლესიაც აქ აღშენდა უწინარეს სხვათა ზედა, გარდა მანგლისისა. აქედან მიეფინა ყოველთა მართლმადიდებლობა საქართველოს ერთა და აქ გამოჩნდა კვართი იესო ქრისტესი, ისევ თქვენის გვართაგან მოტანილი, წმინდა სვეტი აქ აღიმართა საღმრთო განგებითა და წმინდა მირონი აქ აღმოცენდა და სასწაულნი და ნიშნი აქ იქმნეს პირველ.
ბ ე ც ი ა: დია კარგად მაცნობე, და მითხარ: ეს სვეტი ცხოველი რომლისა ხისა იყო?
სვეტის ცხოვლისათვის
ი ო ა ნ ე: ეგე, სწორედ საღმრთო წერილებშიაც რომ ჰსწერია სარო, რომელსა კიპაროზს უწოდებენ, ის ხეა საღმრთო განგებით აღმოსრული აქა, ნიშნად საღმრთოს კვართისა, ვინადგან ქრისტე ურიათა საროსა, ნაძვსა და ფიჭვსა ზედან ჯვარს აცვეს, ეს ხეც მის საღმრთოს კვართის მოპოვების მიზეზი იყო და მოქცევისა ჩვენისა ნიშანი, რომელიცა იქმოდა სასწაულებსა, ესრეთ, რომელ ოდესაც დაჭრილი ნადირი შეეხებოდა ამა ხესა, განიკურნებოდა, აგრეთვე ავადმყოფნი, ანუ ფრინველნი მტკივნეულნი განიკურნებოდნენ, და ოდეს მოაქცია წმინდა ნინომან აქაურობა და ენებათ ეკლესიისა აღშენება ამა ხის ადგილს აღაშენეს ეკლესია, და ეს ხე რომ მოჰკვეთეს, ვერღა უძლეს აღმართვად. მაშინ წმინდას ნინოს ლოცვით ანგელოზთაგან აღიმართა და ჰაერსა ზედა იყო აღმართულ რაოდენსამე ხანსა, და მერე თვითვე დაეყრდნო ძირსა ზედან თვისსა, აღმოსცენდა მირონი ძირსა მისგან და მრავალსა სასწაულსა იქმოდა, ვითარცა სწერია ვრცელსა „ცხოვრებასა“ შინა. და ამის გამო მუნიდგან ეწოდა სვეტიცხოველი. მირიან მეფეც აქ ეკურთხა მეფედ, კათალიკოზნიც, სხვა სამღვდელონიც, და იმის გამო მუნიდგან შეიქმნა უპირველესი ეკლესია.
ბეციას დია იამა ამისი უბნობა და მუნებურს ხალხსაც, ბინა მისცა იოანეს და ვახშმად თვისთან მიიწვია.
იოანემ მადლობა ჰკადრა. წარვიდა ბინაზედ და მერე მოილოცა ეკლესია და ვახშმად მივიდა ბეციასთან. რა ვახშმად დასხდენ, ბეციამ ჰკითხა იოანეს:
- იმ სვეტიცხოველის ხის ნარჩომები რაღა უყვესო?
ი ო ა ნ ე: იმ ხიდგან სამი დიდრონი ჯვარი შექმნეს: ერთი დასდგეს გაღმა ამ ჯაჭვის ეკლესიის ადგილს, რომელსაც ზედა ყოველთვის ნათელი იხილვებოდა და მრავალს სასწაულს იქმოდა. მეორე დასდგეს თხოთის მთაზედ, რომელ აწ უღელტეხილად იწოდება, სადაც რომ მირიან მეფეს დღე დაუბნელდა და შიშით აღუთქვა გაქრისტიანება და კიდეც მოიქცა, იმის მოსახსენებლად დადგეს იმ მთაზედ... ხოლო მესამე დასდგეს უჯარმის მთაზედ, და ისიც ამ სახით სასწაულს იქმოდა.
ბ ე ც ი ა: მაგ ჯვარებს რომელნი ხალხნი ესვიდენ?
ი ო ა ნ ე: ამ ჯაჭვის საყდარზედ რომ ჯვარი ესვენა და თხოთის მთაზედ, მთლად ქართლი, გაღმა მხარი და გამოღმა მხარი, სასომხეთი და მთები, არაგვი და ქსანი და სხვანი აქ მოვიდოდენ სალოცავად, და სნეულნი აქ განიკურნებოდენ. უჯარმას - ერწო თიანეთითურთ, ფშავით, ახმეტით, მარტყოფით და გვერდისძირით, ესე იგი, ვიდრე ჯიმითადმდე, აქ მოვიდოდნენ და ილოცევდენ. ხიზიყიც, მთლად კახეთი შიგნითი და გაღმა მხარი, და ჯიმითს აქეთ მოსახლე მუნ ილოცევდენ, და ასე იყო განწესებული. ხოლო ხიზიყი მთლად ნინომ მოაქცია და მუნვე გარდიცვალა, და მას აქეთაც მუნ დღესესწაულობენ.
ბ ე ც ი ა: რა იქნა ის ჯვრები?
ი ო ა ნ ე: იტყვიან რომელნიმე, ვითამც ბოჭორმის ჯვარი ჩოლაყაანთ ჰქონდეთ. ასეც იტყვიან იმ ხისა იყოს ის რომელიც უჯარმას იყო. მეორე, რომელიც აქ ჯაჭვის იყო, მცხეთას დარჩა. იტყვიან, სამეფო სამად რომ გაიყო, იმერეთის მეფეს მისცეს წმინდის გიორგის ნაწილით ჯვარი, რომელიც ახლა არგვეთში, ჩხარის ეკლესიაში, ასვენია. კვალად იმ ხის ნარჩომიდან შექმნეს სამნი წვრილი ჯვრები: ერთი ახლა თელავს ჯვარპატიოსანში ასვენია და სხვანი კი არა ჩანს. გორისჯვარსაც იყო ამ ხიდამ ერთი მომცრო ჯვარი.