რუსეთი ახალი რევოლუციის მოლოდინში

  08:58:51     16-05-2012

რუსეთის საკითხების საყოველთაოდ ცნობილმა სპეციალისტმა, დევიდ სატერმა The Wall Street Journal–ში გამოაქვეყნა სტატია „ მომავალი რევოლუციის მოლოდინში“ , რომლშიც მოთხრობილია იმ ფართომასშტაბიანი რევოლუციის შესახებ, რაც რუსეთშია მოსალოდნელი. კერძოდ, დევიდ სატერი წერს:

„ის ძალადობა, რაც პრეზიდენტ პუტინის თანამდებობაზე მოსვლას მოჰყვა, იმის მორიგ მიმანიშნებლად იქცა, რომ ამ კაცს სურს რუსეთი მთელი ცხოვრება მართოს,რასაც  ქვეყანა პოლიტიკური კონფრონტაციისკენ მიჰყავს. 2011 წლის დეკემბრის რუსეთის პარლამენტის არჩევნების გაყალბების შემდეგ პირველი დემონსტრაციები ოპტიმიზმით იყო აღსავსე. 100 ათასზე მეტი ადამიანი წინასწარ დათქმულ ადგილას შეიკრიბა და მსვლელობა გამართა და მათ გამოჩენილი თავშეკავებისთვის მაშინ პოლიციას მადლობაც კი მოუხადეს.

თუმცა, პუტინის ინაგურაციის დღეს და მანამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიცია დემონსტრანტებს ხელჯოხებით გაუსწორდა, რის შედეგად მინიმუმ 17 ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ხოლო 450 კაცი პოლიციამ დააპატიმრა. ისე, აქციის მონაწილეთა მიერ ნასროლი საგნებით 20–ზე მეტი პოლიციელიც დაიჭრა.

პუტინის პრეს–მდივანმა, პესკოვმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიცია უფრო მკაცრად არ მოქმედებდა. თუმცა, ადამიანებისადმი მკაცრი მოპყრობა, რომ პუტინის რეჟიმისადმი მხარდაჭერას არ გააძლიერებს, ფაქტია. ცნობილია ისიც, რომ ხალხი თანდათანობით გაღატაკების ფონზე, პუტინმა და მისმა გარემოცვამ ქვეყნის წლიური ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 10–15 %, იგდო ხელში.

თუ  ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დავუჯერებთ, 4 მარტის არჩევნებში პუტინმა 63,8 % დააგროვა. თუმცა, არაკომერციული რუსული ორგანიზაცია „გოლოსის“ მტკიცებით, რეალურად ეს ციფრი უფრო დაბალია და იგი 50,75 %–ია.

პუტინი ამ შედეგსაც ვერ მიაღწევდა წინასაარჩევნო რბოლიდან მრავალი ოპოზიციური კანდიდატი რომ არ გამოეთიშათ და მთელი სახელმწიფო აპარატი მისი წინასაარჩევნო კამპანიის სამსახურში არ ჩაერთოთ. 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებშიც „გოლოსის“ მონაცემებით, მანდატების უმრავლესობის პრეტენზიის მქონე პროპუტინისტურმა „ედინაია როსიამ“ მხოლოდ ხმათა 30–35 % მიიღო.

ასეთ ვითარებაში არც პუტინის მომხრეებს და არც მის ოპონენტებს არ შეუძლიათ პოლიტიკური პროცესები სერიოზულად აღიქვან. საპროტესტო მოძრაობის სიმხურვალის განელების მიზნით, დეკემბრის არჩევნების შემდეგ, მედვედევი  რიგი პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას შეეცადა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის შესახებ გადაწყვეტილება იყო.

თუმცა თითოეულ რეგიონში კანდიდატებმა მუნიციპალური კანონმდებლების, ან მერების 5–დან 10 %–მდე ხელმოწერა უნდა მოაგროვონ, რაც მოსკოვის ფარგლებს გარეთ მომუშავე ოპოზიციური კანდიდატებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პოსტიდან წასვლის წინ მედვედევმა პოლიტიკურად დამოუკიდებელ რეგიონებში 13 გუბერნატორი მოხსნა.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ერთი ახალი კანონი ოპოზიციურ პარტიებს კანონიერ სტატუსს ანიჭებს, მაგრამ კოალიციის შექმნას უკრძალავს, რაც ერთიანი ოპოზიციის შექმნას შეუძლებელს ხდის. 17 აპრილს მედვედევმა დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების შექმნის შესახებ განკარგულებასაც მოაწერა ხელი, მაგრამ მათ დირექტორებს პრეზიდენტი დანიშნავს.

ზოგიერთი დემოკრატიული აქტივისტი ცდილობს პოლიტიკურ ძალაუფლებას ადგილობრივ დონეზე მიაღწიოს. სხვებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ფსევდოდემოკრატიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ქუჩაში გამოსვლაა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პუტინის მმართველობამ დაბადა, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაა. რუსეთის ექსპორტის 75 %–ს ნავთობი და გაზი შეადგენს. არჩევნებში პუტინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მისმა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლამდე 161 მილიარდ დოლარამდე დამატებითი ხარჯების გაზრდის შესახებ. ფული პენსიების გაზრდაზე და გაზზე ფასების გაყინვაზე წავა. უდეფიციტო ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად, ნავთობზე ფასი რამდენიმე წლის მანძილზე  ბარელზე 150 დოლარს შეადგენდეს იქნება. ამ ფასების ნებისმიერ მკვეთრ დაწევას  (თუნდაც, ბარელზე 80 დოლარამდე) დაუყოვნებლივ კრიზისის გამოწვევა შეუძლია.

კორუფციას, განაკუთრებით ასეთ მასშტაბებში, თავისი შედეგები მოაქვს.ინვესტორებს არ სურთ იმ ქვეყნებში ფულის ჩადება, სადაც კანონის ძალაუფლება არაა. 2010 წლის სექტემბერში რუსეთში კაპიტალური აქტივობის ანგარიში დეფიციტურად იქცა, რაც  ინვესტიციების ნაკლებობამ და კაპიტალის გაქცევამ გამოიწვია. როგორია ასეთი გაქცევის მოცულობა? რუსეთის ეკონომიკური სკოლის რექტორის, სერგეი გურიევის თქმით, ციფრობრივ გამოსახულებაში ყოველთვიურად რუსეთი 7–დან 8 მილიარდამდე დოლარის კაპიტალს კარგავს, რაც მისი საერთო თვიური სასაქონლო შემოსავლის 5%–ს შეადგენს.

და ბოლოს, პუტინის მმართველობამ ნაცინალისტური ექსტრემიზმის ზრდა გამოიწვია. წინასაარჩევნო გამოსვლისას პუტინმა დასავლეთი რუსეთის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა: „ რუსეთისათვის ბრძოლა გრძელდება და  ჩვენ გავიმარჯვებთ!“ თუმცა, გაუგებარია, ვისთან აწარმოებს ამ ბრძოლას და როგორი გამარჯვების მოპოვება სურს. ასეა თუ ისე ეს რიტორიკა რუსეთის ნაციონალისტურ მოძრაობაში გამოძახილს ჰპოვებს და ემოციურ მხარდაჭერას იძლევა.

პუტინის დროს რადიკალი ნაციონალისტები რუსეთის ქალაქებში ქუჩებში შავკანიანებს თავს ესხმიან. 2006 წელს ჩერკიზოვის ბაზარში, სადაც  ძირითადად კავკასიიდან და შუა აზიიდან გამოსულები  ვაჭრობენ, აფეთქებისას 13 ადამიანი დაიღუპა.

რადგანაც ძალადობის  კონტროლიდან გამოსვლის საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ ნეონაცისტებისა და სკინჰედების დაპატიმრებები დაიწყო, მაგრამ არც მათ მსოფლმხედველობასთან და არც  ქსენოფობიასთან არანაირი ბრძოლის მცდელობაც კი არ მიმდინარეობს. ზოგიერთმა ფაშისტურმა დაჯგუფებამ უკვე დაიწყე თავის ვებ–საიტებზე განცხადებების გაკეთება, რომ ტაჯიკებზე თავდასხმა საკმარისი არაა და დადგა დრო სისტემაზე შეტევა წამოიწყონ.

პუტინი ყოველივე ამის პარალელურად  თავისთვის დამატებითი ლეგიტიმურობის უზრუნველყოფას ცდილობს. ბოლო წლებში იგი ეკრანებზე გამოჩნდა Harley-Davidson–ზე ბაიკერებთან ერთად, მღერის 1950–იანი წლების ჰიტს Blueberry Hill–ს და ცხენზე მოჯირითე წელსზემოთ შიშველი. პუტინის ერთ–ერთი თანაშემწეთგან მიიჩნევს, რომ ის რუსეთს თვით ღმერთმა გამოუგზავნა. რუსულ მასმედიაში ერთ–ერთ მცირერიცხოვან ქალთა სექტაზე ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მათ სწამთ, რომ პუტინი გარდასახული პავლე მოციქულია. 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ყოველივე ამან პუტინის რეჟიმი იმ პრობლემებისა და გამოწვევებისგან იხსნას, რასაც დღეს რუსეთში ხდება. რუსეთის მოსახლეობა პოლიტიკურ სისტემას, ქვეყნის მმართველებსა და საკუთრების გადანაწილებას უპატივცემლოდ ეკიდება.  რუსეთის საზოგადოებას ტენდენციურ ინფორმაციას აწვდის არამხოლოდ მისი მმართველობა, არამედ ოპოზიციაც.

საუკეთესო სიტუაციაში პუტინი გადადგებოდა ალბათ, ხოლო ქვეყანაში ობიექტურ და მიუკერძოებელ მეთვალყურეთა მონაწილეობით თავისუფალი და პატიოსანი არჩევნები ჩატარდებოდა. თუმცა, ესეც კი არასაკმარისი იქნებოდა. რუსეთს სამხრეთაფრიკულის მსგავსი სიმართლისა და შერიგების მაძიებელი კომისია სჭირდება, რათა მან პუტინის ეპოქის არა მხოლოდ, არამედ მისი წინამორბედის, ელცინის მიერ რვა წლის მანძილზე ჩადენილი დანაშაულობები გააანალიზოს. მხოლოდ ამას შეუძლია დემოკრატიისთვის საფუძველი უზრუნველყოს.

სამწუხაროდ, მსგავსი რამ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.  ფსონზე დადებულია არა მხოლოდ რუსეთის კეთილდღეობა, არამედ ცივილიზებული სახით მისი არსებობაც კი.