რაში დასჭირდათ რუსებს „აფხაზური ჯამაათის“ „აღმოჩენა“? რაში დასჭირდათ რუსებს „აფხაზური ჯამაათის“ „აღმოჩენა“? />


  07:51:56     16-05-2012

რაში დასჭირდათ რუსებს „აფხაზური ჯამაათის“ „აღმოჩენა“?

a18060.jpg

მართალია, მოსკოვმა და მასთან „ერთ ხმაში“ სოხუმმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს წაუყენეს „ბრალდებები“ იმის შესახებ, რომ ქართული სპეცსამსახურები 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების მზადებაში დოკუ უმაროვის ბოევიკებს ეხმარებოდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“ შემადგენელი „აფხაზური ჯამაათის“ ლიდერებად შერაცხეს, მაგრამ ცხადია, რომ ამ განცხადებით ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე თავად აფხაზეთი აღმოჩნდა, - იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება და იმ შემთხვევაშიც, თუ გამოგონილი ისტორიაა. ყველა ვარიანტში, ამ აღმოჩენილი ტერორისტული დანაყოფის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს.

შესაბამისად, გამოდის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვის მიერ დაწყებულმა ფაქტობრივმა ომმა, რომელსაც უშედეგო კონტრტერორისტული ოპერაცია ჰქვია, მაგრამ დიდძალი მსხვერპლი ახლავს თან, აფხაზეთშიც უნდა გადმოინაცვლოს? აფხაზი ექსპერტი ინალ ხაშიგი ამ ხმაურიან განცხადებებს ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, მართალია, დაკავებული ედგარ ჭითანავა და მისი ძმა ედლარ ჭითანავა, რომლებიც ანქვაბზე თავდასხმის საქმეშიც გადიან, რუსტან გიცბას ბიძაშვილები თუ მამიდაშვილები არიან, რომელიც „აფხაზური ჯამაათის“ ლიდერად გამოცხადდა; გიცბა კი თავის მხრივ, „როკის“ (ხამზატ გიცბას) ღვიძლი ძმაა, რომელიც ცნობილია იმით, რომ 1996 წელს ბორან „ავრაზიას“ გამტაცებელთა შორის იყო. თურქულმა სასამართლომ მას 8 წელი მიუსაჯა, საიდანაც ნახევარი მოიხადა, მერე ამნისტია შეეხო და სამშობლოში დაბრუნდა. 2007 წლის 17 აგვისტოს კი ის მეჩეთის შესასვლელთან ჩაცხრილეს.

მაგრამ ხაშიგის თქმით, ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ ასე ხელაღებით გამოცხადდეს „კავკასიის იმარატის აფხაზური ჯამაათის“ არსებობა, რაც „საშიშად ჟღერს და სავარაუდოდ, არც საფუძველი აქვს, - თუნდაც, დაკავებულთა რაოდენობის მიხედვით, - რომ ვისაუბროთ რაღაც სერიოზული იატაკქვეშა ორგანიზაციის არსებობის შესახებ“ - ამბობს ის. ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ რაღაც ე.წ. შავი სია, რომელშიც დაახლოებით ორი ათეული აფხაზი შედის. თუმცა სია ძველია, რადგან მასში კვლავ ირიცხება მოკლული „როკი“, მაგრამ მისთვის მაინც „ძალიან ხმამაღლა ჟღერს „კავკასიის იმარატი“ და „აფხაზური ჯამაათი“, რამდენადაც ბოლო წლების მანძილზე აფხაზეთში მუსულმანებს არ ჩაუდენიათ რაიმე ისეთი დანაშაული, რაც შეიძლება რელიგიურ დაჯგუფებებს მიეწეროს, ისეთს, როგორებიც ხდება დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. ანუ არავინ დასხმია თავს მილიციას, არ ყოფილა აფეთქებები და ა. შ. „და ახლა, როგორც მეხი, ისე გავარდა „აფხაზური ჯამაათი“ - ამბობს ის.

აფხაზი ექსპერტი ფიქრობს, რომ უბრალოდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი აფხაზეთში დაკავებულ პირებს (რომლებსაც დიდძალი საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოუჩინეს და მერე ქართველებთან კავშირშიც დაადანაშაულეს) „აფხაზეთის ჯამაათს“ უწოდებდნენ, რომელსაც არანაირი ღრმა ისტორია არ აქვს.

მაგრამ რისთვის იქნებოდა ეს „უკეთესი“? გასაგებია, რომ ამ ჯაჭვში რუსეთმა საქართველო ტერორისტებისა და კავკასიის იატაკქვეშეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების მოკავშირედ გამოიყვანა, მაგრამ ცნობა „აფხაზური ჯამაათის“ შესახებ? ის არაფერს კარგს არ უნდა უქადდეს პირველ რიგში თავად აფხაზებს, რადგან როგორც გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთში შესაბამისი ორგანოებისთვის ცნობილია, რომ „დღემდე, აფხაზეთში შენარჩუნებულია საკმარისად ფართო კავშირები ჩრდილოკავკასიურ იატაკქვეშა ბანდებთან, რომელთაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს“.

0

ავტორი: