პუტინის სოციოლოგმა დაადასტურა, რომ რუსეთში „რევოლუციური სიტუაციაა“ და „არაბული ნიავიც“ ქრის პუტინის სოციოლოგმა დაადასტურა, რომ რუსეთში „რევოლუციური სიტუაციაა“ და „არაბული ნიავიც“ ქრის />


  20:51:16     15-05-2012

პუტინის სოციოლოგმა დაადასტურა, რომ რუსეთში „რევოლუციური სიტუაციაა“ და „არაბული ნიავიც“ ქრის

a18058.jpg

სოციოლოგიის პროფესორი და რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ წევრი და როგორც მას მოიხსენიებენ, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ოლგა კრიშტანოვსკაია რამდენიმე დღის წინ პარტიული დავალების შესასრულებლად ოპოზიციის თავშეყრის ადგილზე - ჩისტიე პრუდის ბულვარზე გამოცხადდა. როგორც სოციოლოგს, მას, დავალებული ჰქონდა შეესწავლა სიტუაცია და დაედასტურებინა ან უარეყო ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რუსეთში რევოლუცია იწყება; რამდენად მდგრადები არიან ამ პროცესის მონაწილეები; შეიძლება თუ არა ეს ერთობა უეცრად დაირღვეს; რამდენად „შორს წასვლისთვის“ არიან მზად აქციების მონაწილე ადამიანები და რა შემთხვევაში შეწყვეტენ ისინი პროტესტში მონაწილეობას.

პუტინის წარმოგზავნილმა დასკვნა 4 დღეში დადო: „რუსეთში ქსელური რევოლუცია მწიფდება, რევოლუციური სიტუაცია სახეზეა“.

კრიშტანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის რუსეთისთვის უჩვეულო აქტივიზირებას ხედავს. „გამოვყოფდი ორ ტალღას: ერთი შედგება პირდაპირ რევოლუციურად განწყობილი ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ „ჩვენ გვსურს ხელისუფლების ჩამოგდება“ და თეთრ ლენტებზეც ასე აწერია „ძირს თაღლითებისა და ქურდების ხელისუფლება“. ეს რევოლუციური მოწოდებაა. მეორე ჯგუფის რისხვასაც თავისი მიზეზები აქვს: ისინი რაღაც კონკრეტულით არიან უკმაყოფილოები“ - ამბობს პუტინის სოციოლოგი.

ის ამტკიცებს, რომ პროცესს მართავენ „პროფესიონალი რევოლუციონერები“, რომლებსაც კარგად აქვთ განსაზღვრული, რა სურთ, აქვთ ჩამოყალიბებული იდეოლოგია და მოქმედებენ ორგანიზებულად.

ყველაზე უარესი, რა პასუხსაც კრიშტანოვსკაია პარტიაში მიიტანს, არის ის, რომ მისი დაკვირვებით პროტესტი არ „გაიწოვება“, რადგან არ გაქრება ის მიზეზები, რომლებმაც ადამიანები ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

„ჩვენ საქმე გვაქვს რევოლუციური სიტუაციის ქსელურ ხასიათთან. თავიდან, როცა არ იყო ქსელი, რევოლუციური სიტუაციის შესამქნელად საჭირო იყო ძალიან გამოკვეთილი ლიდერები, ტრიბუნები, რომლებიც ადამიანებს თავისი დროშის ქვეშ გააერთიანებდნენ. რა თქმა უნდა, ლიდერები აქაც საჭიროა, მაგრამ ისინი ურთიერთშეცვლადები არიან. და ლიდერი შეიძლება იყოს არა ადამიანი, არამედ
„account“, რადგან, მაგალითად, ნავალნი ახლა თავად არ არის (დაჭერილია), მაგრამ მისი „account“-იდან სხვას შეუძლია კონტაქტი“ - აცხადებს სოციოლოგი.

ის ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში შექმნილ სიტუაციას უკრაინის მაიდანს ადარებს, რადგან სხვა გამოცდილება არ აქვთ. მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან „მაიდანი სრულიად სხვა სიტუაცია იყო“.

მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულ სიტუაციას ნიშნავს. სწორედ იმას, რისიც მოსკოვს ძალიანაც ეშინია და რის შესახებაც არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „არაბული ნიავი“ მისკენაც დაუბერავდა. „ედინაია როსიას“ სოციოლოგი პირდაპირ აცხადებს, რომ „აქ ყველაფერი ახალია, რევოლუციის ქსელური ტექნოლოგიები არაბულ ქვეყნებში იყო გამოყენებული. ჩვენ ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს, ამიტომ, არც პროტესტის ლიდერებმა იციან, რამდენი ადამიანის შეკრება შეუძლიათ და არც ხელისუფლებამ იცის, როგორც მოექცეს ამ პროტესტებს“, რომელიც, არაბული პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, „მაიდანზე“ „მძიმე“ შედეგებით დასრულდეს.

0

ავტორი: