17:43:20     15-05-2012
ოლიგარქი ახალი კანონდარღვევისთვის ემზადება

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა გარშემო უამრავი იურისტი შემოიკრიბა, მას მუდმივად პრობლემები აქვს ქართულ კანონმდებლობასთან. ჯერ იყო და მის პროფესიონალ ადვოკატებს ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითა და განუმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი - ნატურალიზაცია, იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მეორე - ორმაგი მოქალაქეობა, მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა, მაშინ როდესაც, სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.
ამის შემდეგ ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ჯობდა ივანიშვილს ფული კარგ ადვოკატებში გადაეხადა, ვიდრე ძიძიგურ-დავითაშვილის პარტიის დაფინანასებაში, თუმცა ოლიგარქს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მის ,,ოცნებას’’ მუდმივად პრობლემები აქვს კონტროლის პალატასთანაც, რომელიც ლამის თვეგამოშვებით აჯარიმებს კანონის დარღვევისთვის. ძნელი სათქმელია მის გარშემო შეკრებილი იურისტების ბრალია თუ ოლიგარქის ახირების, რომ ქართულ პარტიებს შორის მისმა პარტიამ კანონდარღვევებში რეკორდი მოხსნა.
ახლა ოლიგარქი ახალ ფონდს ქმნის და დაჯარიმებისთვის ამზადებს. ქართული არასამთავრობოები, როგორც ჩანს, იმდენად შეშფოთდნენ ,,ქართული ოცნების’’ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებითა და ადექვატური ჯარიმებით, საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: ,,ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს ფონდის საქმიანობის ასოცირებას მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“.
სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს.“
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“
მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან, მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით, წინასაარჩევნო პერიოდში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე. ამასთანავე, ამ ქმედებამ შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არა მარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები/მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც.’’ აღნიშნულ განცხადებას საქართველოში მოქმედი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კოალიცია „თავისუფალი არჩევნისთვის“ და „მრავალეროვანი საქართველო“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს კონტროლის პალატაც, რომელშიც ნათქვამია: ,,კონტროლის პალატა ყურადღებით გაეცნო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას ფონდ "ქომაგის“ დაარსებისა და მისი საქმიანობის მიზნების შესახებ. კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც, იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას.ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.“
მომავალი აჩვენებს იურისტების არაკვალიფიციურობის ბრალია ივანიშვილის სატელიტი ორგანიცაზიების კანონდარღვევები, თუ ოლიგარქი თავადაა მოწოდებული წინააღმდეგობაში იყოს ქართულ კანონმდებლობასთან და შექმნას ილუზია, თითქოს, მის პარტიას ქვეყანაში განსაკუთრებულად “ებრძვიან”.
0