16:54:36     15-05-2012
ლევან ბეჟაშვილმა წიგნი გამოსცა

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა რიგით მეორე წიგნი – „საკანონმდებლო ტექნიკა, სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, პარლამენტში გაიმართა.
ყოფილი დეპუტატი საკუთარ წიგნში საკანონმდებლო პროცესებში მიღებულ მდიდარ გამოცდილებას აანალიზებს და მკითხველს პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს –– საქართველოში გამჭვირვალე, ნათელი და ეფექტიანი საკანონმდებლო პროცესისთვის.
ამას გარდა, წიგნში გაანალიზებულია სამართალშემოქმედებისა და მისი უმნიშვნელოვანესი სფეროს - კანონშემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები და კანონშემოქმედებითი პროცესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
აღსანიშნავია, რომ წიგნში ავტორი ასევე მოკლედ შეეხო „უკეთესი რეგულირების“ სტრატეგიასა და პოლიტიკას, მის ისტორიულ და ზოგად ასპექტებს, ასევე, ამ კუთხით მსოფლიო პრაქტიკას.
როგორც პრესა.ჯი–ს ბეჟაშვილმა განუცხადა, წიგნი საკანონმდებლო პროცესის პრობლემატურ საკითხებს ეხება.
მისი თქმით, ის ამ საკითხით იმის გამო დაინტერესდა, რომ აღნიშნული თემატიკა იურიდიულ მეცნიერებაში შედარებით მოკრძალებულად არის წარმოდგენილი.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის შეფასებით, „საკანონმდებლო ტექნიკა, სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო“ სამაგიდო წიგნი იქნება, რომელსაც სპეციალისტები, საჯარო სამსახურები, სტუდენტები გამოიყენებენ და მასში ბევრ სასარგებლო საკითხებსაც ნახავენ.
„სახელმძღვანელო კანონშემოქმედისთვის იქნება – დამხმარე წიგნი, ხოლო დაინტერესებული მკითხველისათვის – საინტერესო ცნობარი. ნორმატიული აქტის პროექტის გამოცდილმა და ამბიციურმა ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ სახელმძღვანელოს შესწავლის შემდეგ, ის ექსპერტი ვერ გახდება, მაგრამ ახალბედა ავტორი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, უნარებს ეტაპობრივად შეიძენს და განავითარებს, რომელიც მას კვალიფიციური იურიდიული დოკუმენტის შექმნაში დაეხმარება“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, ღონისძიებაზე, ანტიე დომბროვსკისა და თომას მელცერის დოკუმენტური ფილმის – „უკეთესი კანონშემოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში - მთავარი ინსტრუმენტი თუ მხოლოდ მოდური ტენდენცია?“ პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თბილისში, 2011 წლის ოქტომბერში იქნა გადაღებული.
ფილმის ავტორები ნათლად აჩვენებენ „უკეთესი კანონშემოქმედების” მრავალმხრივ სტრატეგიას საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
კონტროლის პალატის თავმჯდომარემ აღნიშნული წიგნი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომით გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ ბეჟაშვილი 2008 წლის თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კახეთის რეგიონში, ხოლო 2008 წლის 15 ივლისიდან კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს. რაც შეეხება მის პირველ წიგნს – „საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი“, ის ყოფილმა დეპუტატმა 2008 წელს გამოსცა.
0