
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაცია დადასტურდა: ნანეტაშვილმა „თრიალეთის“ წილი ივანიშვილს მიჰყიდა და მილიონიც აიღო
16:00:44     15-05-2012
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ტელევიზია „მეცხრე არხმა“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10% წილი იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს.
ფარული აღებ-მიცემობის ფაქტის შესახებ „პრესა.ჯი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, თუმცა მაშინ ფაქტი არც კახა ბექაურმა და არც ბადრი ნანეტაშვილმა არ დაადასტურეს.
„პრესა.ჯი“-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მისმა ტელევიზიამ „თრიალეთის“ წილი იყიდა, რის გამოც განსაკუთრებით მოგებული დარჩა ბადრი ნანეტაშვილი.
როგორც ცნობილია „მეცხრე არხმა“ „თრიალეთის“ 10% ერთ მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა ამ ინფორმაციასთან ერთად „პრესა.ჯი“-მ კიდევ ერთი ფაქტი გახადა საჯარო. კერძოდ ის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა „თრიალეთის“ 10%-ის სარფიანად გაყიდვის გარდა, კიდევ აიღო ერთი მილიონი გადაწყვეტილებაში, მიეყიდა წილი „მეცხრე არხისთვის“.
ნანეტაშვილს ისიც მოფიქრებული ჰქონდა, თუ როგორ ახსნიდა „თრიალეთის“ მფლობელი ნაცნობ-მეგობრებთან უეცარ გამდიდრებას. მას უნდა ეთქვა, რომ „ქართუ ბანკიდან“ კრედიტი გამოიტანა.
ეს ინფორმაცია „პრესა.ჯი“-სთვის ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბადრი ნანეტაშვილი აღებულ დოლარებს ითვლიდა. კახა ბექაური „პრესა.ჯი“-ს არ ელაპარაკება და ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ის, რაც მან „მეცხრე არხის“ მიერ „თრიალეთის“ წილის ყიდვაზე სთქვა, სჯობდა საერთოდ არ ეთქვა.
„კონტრაქტი „მეცხრე არხის“ წინაშე ვალდებულებებს არ გულისხმობს. „თრიალეთზე“ კი „მეცხრე არხის“ გარკვეული გადაცემების ტრანსლაცია მოხდება იმ თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც ტელეკომპანიებს შორის კონტრაქტამდეც არსებობდა“- განაცხადა ბექაურმა. ბექაურის არგუმენტი „თრიალეთის“ 10%-ის ყიდვასთან დაკავშირებით ის იყო, რომ „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელს სურს „თრიალეთი“ გაძლიერდეს და განვითარდეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ 1 მილიონის სანაცვლოდ, რაც ივანიშვილმა ნანეტაშვილს გადაუხადა (ეს ოფიციალურად, თორემ ერთი ამდენი ნანეტაშვილმა ისედაც აიღო) მოხდება „თრიალეთის“ საშუალებით „მეცხრე არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ტრანსლაცია. სამომავლოდ კი „თრიალეთის“ მაყურებელი „მეცრე არხის“ სხვადასხვა გადაცემებსაც იხილავს.
დღეს კახა ბექაურს არ დაუკონკრეტებია, თუ ასე შესტკიოდა გული „თრიალეთზე“, რატომ არ შეეცადა მაინც აქამდე, არხს გაძლიერებაში დახმარებოდა.