
მოსკოვში, ოპოზიციის აქციაზე, პუტინს ბერლუსკონის ტვინს „გადაუნერგავენ“
15:39:02     15-05-2012
იტალიელი დრამატურგის დარიო ფოს პიესა „ბერლუსპუტინი“, რომელიც აპრილში პეტერბურგში აკრძალეს, შესაძლოა, მოსკოვში, ჩისტიე პრუდის ბულვარზე უწყვეტად მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე იქნას ნაჩვენები.
თავად იტალიური ორიგინალი - „ორთავიანი ანომალია“ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ეძღვნება. „ბერლუსპუტინი“ კი მისი რუსული ვერსიაა, სადაც ბერლუსკონისა და პუტინს, იტალიური ვარიანტისგან განსხვავებით, უბრალოდ, როლები აქვთ გაცვლილი. საიტზე Teatra. Doc სპექტაკლი ხასიათდება, როგორც მწვავე პოლიტიკური სატირა.
მისი შინაარსი ასეთია:
პუტინთან სტუმრად ჩადის ბერლუსკონი. უცბად, ხდება ტერაქტი, მაგრამ პუტინის ნაცვლად კლავენ ბერლუსკონის, პუტინი კი თავშია დაჭრილი. იმისათვის, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი გადაარჩინონ, ნეიროქირურგები მას თავის მარჯვენა ნახევარსფეროში ბერლუსკონის ტვინს უნერგავენ. როცა გონს მოვა, ბერლუსპუტინს აღარაფერი ახსოვს. ამის შემდეგ მას უხსნიან, თუ რით იყო დაკავებული ტერაქტამდე. ამბავი იწყება კორუფციის საქმით, რომელშიც პუტინი ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობისას იყო გარეული.
დრამატურგი დარიო ფო „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ყვება, როგორც გაჩნდა პუტინისა და ბერლუსკონის შერწყმის იდეა.
„მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, არ მალავენ, რომ მეგობრები არიან. ბერლსუკონიმ მიიწვია პუტინი სარდინიაზე თავის გრანდიოზულ ვილა „ჩერტოზაში“, სადაც როგორც წესი, ტარდება ხოლმე ზეიმები 20 წლის გოგონების მონაწილეობით. და რადგანაც ისინი მეგობრები იყვნენ, წარმოვიდგინე, რომ სიცილიაზე კატასტროფა მოხდა და პუტინსაც და ბელრულსკონისაც თავში ესროლეს. და ბერლუსკონის შველა მხოლოდ ერთი რამით შეიძლებოდა - პუტინის ტვინის გადანერგვით. მე შევიტყვე პრესით, რომ სპექტაკლის რუსულ ვერსიაში ბერლუსკონიმ და პუტინმა ადგილები გაცვალეს და ეს ცვლილება გამართლებულად მიმაჩნია, მეც იგივეს გავაკეთებდი“ - განაცხადა დარიო ფომ.
სპექტაკლის ჩვენება ჩისტიე პრუდის ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიცია ღამეს ათენებს, წუხელ იყო დაგეგმილი და დაანონსებული. თუმცა ჯერჯერობით არც იმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპექტაკლი შედგა და არც იმის შესახებ, თუ რა მიზეზით არ შედგა.
როგორც ცნობილია „ბერლუსპუტინი“ რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული თემაა. პეტერბურგში, თეატრებმა, მის ჩვენებაზე უარი მიყოლებით თქვეს. სწორედ სპექტაკლის დაგეგმილ ჩვენებას დაუკავშირეს გუშინ ოპოზიციის აქციის ადგილზე ომონის გაძლიერებული კონტინგენტის მობილიზება. თუმცა როგორც ცნობილია, „ბერლუსპუტინის“ ჩვენების მცდელობა ჩისტიე პრუდის „სცენაზე“ ჯერ არ ამოწურულა.