
გარი კასპაროვი: „პუტინი ოლიგარქია, რომელსაც სტალინივით სურს მართოს ქვეყანა“
15:12:47     15-05-2012
სააგენტო „ ფრანსპრესის ინფორმაციით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ლენარტ მერის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას ლენარტ მერის სახელი ამ ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი გახლდათ და გარდაიცვალა 2006 წელს.
რაც შეეხება კონფერენციას, მასში, რუსეთის ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, გარი კასპაროვიც მონაწილეობს.
მან კონფრენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უწოდა „ოლიგარქი, რომელსაც სტალინივით სურს მართოს ქვეყანა“.
„ჩემი თხოვნაა დასავლეთის მიმართ: შეწყვიტეთ, გეთაყვა, პუტინის დემოკრატ ლიდერად წარმოჩენა. პუტინი ოლიგარქია, რომელსაც სურს ქვეყანა მართოს ისე, როგორც სტალინი მართავდა, მაგრამ იცხოვროს თანამედროვე ოლიგარქივით“, – განაცხადა კასპაროვმა ლენარტ მერის კონფერენციაზე.
კასპაროვის თქმით, დასავლეთმა უნდა აღიაროს ასევე, რომ „ პუტინის რეჟიმი ოლიგარქების რეჟიმია, რომლის საერთო ლოზუნგი შეიძლება გახდეს „მოდით, ერთად ვიქურდოთ“.
„დასავლეთის ლიდერებმა უნდა გაიგონ ასევე, რომ რუსეთის მართვის მეთოდი ძალიან განსხვავდება დემოკრატიული მართვის წეს–წყობილებისგან. მაშინ, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტმა თვდახრილმა უნდა სთხოვოს კონგრესს თითოეული დოლარი, რომელიც მას სურს დახარჯოს, პუტინს შეუძლია მილიარდები ატრიალოს ისე, რომ არავის არაფერი სთხოვოს“, – განმარტა კასპაროვმა.
მანვე ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაყენება მოხდება მისივე ახლო მოკავშირეთა წრის მიერ“.
ამ კონფერენციას კასპაროვს გარდა ესწრებოდა რუსეთის კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ბორის ნემცოვიც ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პუტინის პრეზიდენტად არჩევა მოხდა თაღლითური გზით.
„თანამედროვე რუსეთს სამი სიმბოლო გააჩნია – მხეცური პოლიცია, რომელმაც წინა კვირაში მეც დამაპატიმრა ისევე, როგორც სხვა, დაახლოებით 1200 დემონსტრანტი, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ციხეშია. არჩევნების დროს კი მიმდინარობდა საშინელი ცინიკური პროპაგანდა და ტოტალური თაღლითობები“, – თქვა ნემცოვმა.
ნემცოვმა კონფერენციაზე დაიჩივლა, რომ რუსეთში სახელმწიფომ არამარტო არჩევნების შედეგები გააყალბა, არამედ მრავალი დემოკრატი კანდიდატიც არ დაარეგისტრირა,
„რუსეთში ჩატარებული ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაზე დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა მხოლოდ იმისთვის, რათა ხალხი პროპუტინისტურ დემონსტრაციებზე შეეკრიბათ და მათ შემდეგში პუტინისთვის მიეცათ ხმა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა.