
„ფუჰ, რუსი, ფუჰ…“ - აფხაზეთში, რუსების ეთნიკურ ნიადაგზე ჩაგვრა დაიწყო
14:10:18     15-05-2012
„დროა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ მეგობრად და მოკავშირედ ვთვლიდით, რომელსაც ვინახავთ და რომლის გამოც ჩვენი ასობით სამშვიდობო დაიღუპა, ეთნიკური დიქტატურა დამყარდა, როცა მოსახლეობის 30% - აფხაზები, დანარჩენი მოქალაქეების დისკრიმინაციით არიან დაკავებულები“ - ასეთია რუსების უკმაყოფილების მიზეზი, რომელზედაც ისინი ძალიან ბევრს წერენ.
ერთ-ერთ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილის ავტორის თქმით, აფხაზები - გუშინდელი ჩაგრული ხალხი დღეს თავად იქცა მჩაგვრელად.
„ყველა ხელმძღვანელი აფხაზია: მეთაურები არმიაში და შსს-ში, მოსამართლეები და პროკურორები. ყოფით დონეზე კი აფხაზებს გაცილებით მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე სხვა მოქალაქეებს. ეს კი განაპირობებს კანონმდებლობის დარღვევას, არასამართლიან სასამართლო სისტემას, რომელიც აფხაზებს გამოყოფს როგორც განსაკუთრებულ, კანონის მიერ არაკონტროლირებულ ნაციონალურ ჯგუფს. თავად აფხაზეთშივე ამბობენ, რომ არააფხაზი აფხაზთან ყოველთვის წააგებს სასამართლოს, ხოლო თუ სასწაული მოხდება, არააფხაზი მოგებული საქმის აღსრულებას ვერასოდეს მიაღწევს“.
რესპუბლიკაში კლანები მოქმედებენ. რუსები დაუცველები არიან. საცხოვრებელთან დაკავშირებით მაქინაციები ხდება. ამ ყველაფერზე ღიად საუბრობს აფხაზეთში მცხოვრები რუსი ქალბატონი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ვინაობას არ ამხელს:
ინტერვიუ რუს ქალბნატონთან, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და რომელიც ვინაობას არ ამხელს.
„მსურს, რომ რუსეთის საზოგადოებამ იცოდეს, როგორც ცხოვრობს აფხაზეთში რუსულენოვანი მოსახლეობა“ - ამბობს ის.
აფხაზეთში მიწის ნაკვეთი და სახლი მისმა ბაბუამ იყიდა. 1937 წელს ის რეპრესიებში მოყვა. მიწის ნაკვეთი კი მეზობელმა მიითვისა. როცა ბებიამ ეს გააპროტესტა, უთხრეს, გაჩუმდი, თორემ ქმრის გზას გაგიყენებთო. თავად ამ ამბოს მთხრობელის დედა მალე რუსს გაჰყვა ცოლად და პასპორტშიც უწერია, რომ რუსია. ომის დროს აფხაზეთი არ დაუტოვებიათ. მეზობელი კი ახლაც ატერორებს.
„მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სხვებს უკეთებენ - მათ სახლებს ართმევენ. დედაჩემს კი განუხცადეს, ნუ გეშინიათ, სახლს არ წაგართმევთო. ეს კლანია, ხელისუფლება არ არსებობს. პრეზიდენტი მერს ნიშნავს, მერი თავის ბიძაშვილს, ის საცოლეს და კლანია, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ. მე აფხაზური პასპორტის აღება გადავწყვიტე - დედამ მირჩია, რომ რამე რომ მოხდეს, სახლი არ წაგართვანო. დავწერე განცხადება მაგრამ ერთი წელი მაცდევინეს. მერე ვიკითხე - რა, ჩემი გვარი არ მოგწონთ- მეთქი? შვილმა მითხრა - შენ რუსი ხარ და იმიტომ გექცევიან ასეო. ნაცნობმა კი მირჩია, ფული შემეთავაზებინა. როცა საპასპორტოში მივედი, მკითხეს, მქონდა თუ არა რუსული პასპორტი. კი, - მქონდა, მაგრამ რა არის ამაში ცუდი-მეთქი, ჩვენთან ხომ ყველას აქვს რუსული პასპორტი. ანერვიულებული გავედი კაბინეტიდან. მერე ჩემმა მეუღლემ 5 ათასი მისცა და 10 წუთში პასპორტი მზად იყო. იცით, როგორც გვეუბნებიან? იცით, როგორ გველაპარაკებიან? ფუჰ, რუსი, ფუჰ…“ - ყვება რუსი ქალბატონი და დასძენს, რომ „ღიად ვამბობ, რაც არ უნდა თქვან, რომ ქართველები ცუდები არიან, ამათ ათასჯერ გადააჭარბეს ქართველებს. მე ქართველებს შორის ვცხოვრობდი და არავის უთქვამს - შენ რუსი ხარ და გაეთრიე აქედანო. არასოდეს მოუყენებიათ შეურაცხყოფა“.
ქალბატონი ყვება, რომ აფხაზეთში ომამდე 200 ათასი ქართველი ცხოვრობდა და ისინი ყველანი წავიდნენ. მათი ბინები კი სულ გაყიდეს აფხაზებმა. „როცა ეს ვაკხანალია ხდებოდა - ქართველების ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით, მე ვუთხარი ქმარს - აი, ნახავ, დამთავრდება ქართველების სახლები და ისინი რუსებისა და ბერძნების სახლებს მოადგებიან, რადგან საიდანღაციდან ხომ უნდა აიღონ ფული-მეთქი. დედაჩემი ამბობს - მე ხალხის მტრის შვილი ვიყავი, მაგრამ ტოტალიტარულ რეჟიმის დროსაც კი ჩვენთვის სახლი არ წაურთმევიათო“.
ამ ამბის მთხრობელი დარწმუნებულია, რომ მალე აფხაზეთიდან სულ გაყრიან რუსებს. ხოლო რაც შეეხება მაღალი ტრიბუნებიდან მოსკოვისთვის გადახდილ მადლობებს, ამბობს, რომ ეს ფარისევლობაა და სხვა არაფერი.