„ქართულ ოცნებაში“ არ იციან, 27 მაისს რისთვის იმართება აქცია

  13:11:43     15-05-2012

კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს და ამისთვის ოლიგარქს ერთი დღით თავისუფლების მოედანი და აქცია სჭირდება.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ვიდეორგოლმა ივანიშვილის მონაწილეობით, სადაც ოლიგარქი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიდნენ ქუჩაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ოცნების ასასრულებლად.  ბევრისთვის ოლიგარქის ეს „კრეატიული“ გზავნილი გაუგებარია.  

ხელმარჯვე მემონტაჟეების წყალობით, ვიდეორგოლში ჩანს მწვანე ოთახში გადაღებული ვიდეო და მასზე დადებული ტექსტი, რომელიც მეოცნებეთა ლიდერმა ამომრჩეველს ისე „შეასაღა“, თითქოს შუადღეს გადაკეტილ თავისუფლების მოედანზე დგას და ამომრჩევლებს მოუწოდებს.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის გავრცელებულია ფოტოც, სადაც ბიზნესმენი ანთებული სანთლით ქუჩაში დგას. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რა შუაშია ოცნების ასრულებასთან და ერთდღიან საპროტესტი აქციასთან, შუა ქუჩაში ანთებული სანთლით დგომა?

„პრესა.ჯი“-ს შეკითხვაზე, რატომ მართავს ბიძინა ივანიშვილი აქციას, მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გვიპასუხა, რომ ეს არ არის საპროტესტო აქცია და ეს არის ამომრჩეველთან შეხვედრა.

ფანჯიკიძეს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა ამომრჩველთან შესახვედრად დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვა.

რა პროგრამა იქნება 27 მაისს და რა გზავნილები იქნება გაკეთებული ოლიგარქის მხრიდან საზოგადოების მისამართით? ამის გარკვევა პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრთან, არჩილ  კბილაშვილთან ვცადეთ.

- რა იქნება 27 მაისის დღის განრიგი და ვინ წარდგებიან აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე?

- განრიგის შესახებ არ ვარ ინფორმირებული და ნამდვილად ვერ გეტყვით, რა პროგრამა იქნება ამ დღეს.

- ბიძინა ივანიშვილი გამოვა ამომრჩევლის წინაშე ამ დღეს?

- ჩემი აზრით გამოვა, თუმცა სცენარი, რაზეც თქვენ მესაუბრებით, როგორი იქნება, ვერ გეტყვით.

- ვიდეორგოლს, რომელიც 27 მაისის აქციას ეხება უცნაური ტექსტი აქვს. „დავიწყოთ ქვეყნის გამთლიანების პროცესი და ავიხდინოთ ქართული ოცნება“. ამ დღეს იწყება ეს ყველაფერი ივანიშვილის მიერ?

- ეს არის სიმბოლური. ბუნებრივია, ერთ დღეში არც ქვეყანა შენდება და არც არაფერი წყდება რეალურად. ეს არის სიმბოლური გამოხატვა იმისა, რაც 27 მაისიდან იწყება,  „ქართული ოცნების“ საარჩევნო მარათონი და მივა იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია ხელისუფლებაში მოსვლა. საბოლოოდ კი მივა ქვეყნის გამთლიანებამდე და სამოქალაქო თანხმობამდე.

-  ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც ივანიშვილი მოუწოდებს ამომრჩევლებს 27 მაისს აქციაზე მისვლისკენ  დამონტაჟებულია? საზოგადოების დიდი ნაწილის ვარაუდით, ივანიშვილმა ტექსტი, რომელსაც ვიდეორგოლში ახმოვანებს, ოთახში ჩაწერა, შემდეგ კი მონტაჟის წყალობით გავრცელდა ის, რაც საზოგადოებამ ნახა...

- ამ შემთხვევაში მეც მხოლოდ მნახველი ვარ. მე არ მიმიღია მონაწილეობა ამ ვიდეორგოლის შექმნაში და ვერაფერს გიპასუხებთ.

- ვიდეორგოლის შესახებ ეს ვერსია თუ გსმენიათ?

- რომ დამონტაჟებულია?

- დიახ...

- რა ვიცი, არ მსმენია. არ მახსენდება მსგავსი რამ.

როგორც გაირკვა, ოცნებაში 27 მაისის აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. აქციაზე კოალიციის თითქმის ყველა ლიდერი გამოვა სიტყვით და ამორჩევლებს იმ გეგმას გააცნობს, რომლის მიხედვითაც ოცნება უნდა ახდეს. ერთი კი ნათელია, მეოცნებეები ვერ აკონკრეტებენ რა აზრის აქვს ამ აქციას და რა შედეგს მოუტანს ის იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც  ამ დღის ორგანიზატორია.