მარტვილის მონასტერი

  09:05:03     15-05-2012

მარტვილის მონასტერი დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი. VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა (მარტვილთა) ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა.

X ს-ში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი: „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა“. ამის შემდეგ მარტვილის ტაძარი იყო განთქმული და „წარჩინებული სამღველთ-მოძღვრო საყდართა შორის სამეფოსა“.

ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ჭყონდიდის ტაძარი უპირველესად იყო მიჩნეული. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს მეფემ ჭყონდიდის კათედრა შესთავაზა. ბაგრატ IV-მ აქ ინება საუკუნო განსასვენებელი.

ჭყონდიდელი ძველ საქართველოში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. გარკვეული პერიოდი ის მწიგნობართუხუცესობასაც ითავსებდა. აქაური მღვდელმთავრები „ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად და ვაზირთა ყოველთა უპირველესად“ იწოდებოდნენ. ისინი ხშირად სამეფო კარის საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებდნენ. მაგალითად, სვიმონ ჭყონდიდელ-ბედიელ-ალავერდელი დავით აღმაშენებლმა ანისის გამგებლადაც კი დაადგინა, რუსუდანის დავალებჲთ არსენ ჭყონდიდელი ბათოს კარზე გაგზავნა და სხვ.

მარტვილის მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწობდნენ ცნობილი მწიგნობარნი: იოანე მინჩხი - ჰიმნოგრაფი (X ს.), სტეფანე სანანოისძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XI ს.), იოანე მთავარეპისკოპოსი (XI ს.), იოანე მესვეტე (XI ს.), წმ. მღვდელმთავარი ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (XVIII-XIX სს.), რომანოზ მესვეტე (XIX ს.), დავით ჭყონდიდელი (XIX ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XIX ს.) და სხვ.

მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ერთგული მოკავშირე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. ჭყონდიდლად იწოდებოდა თამარის დროის ცნობილი მოღვაწე ანტონ გლონისთავისძეც.

სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (21 x 17,5 მ) - აგებულია მცირე გალავნით შემოსაზღვრული მოედნის შუაგულში. ტაძარმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. თავდაპირველად ის ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძლიერ დააზიანა. X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურადაა განლაგებული. ტრაპეზი XVIII ს-შია შესრულებული. ძეგლის აგების ხანას მიეკუთვნება დასავლეთის კარის ლუნეტში (თაღში) შემორჩენილი მოზაიკის მცირე ფრაგმენტი ღვთისმშობლის წელსზევითა გამოსახულებით ყრმა იესოთი ხელში. დასავლეთ მინაშენის ზედა ნაწილში დაცულია დიდი რელიეფური გამოსასხულება ძველი ქართული წარწერით (X ს.).

ტაძარი მრავალჯერ ყოფილა მოხატული. თავდაპირველი VII ს-ის ფრესკებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. შედარებით უკეთაა შემონახული XVI-XVII სს-ის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ჭყონდიდელები - ზაქარია ჩიხლაძე, ზოსიმე კოპალაძე, გიორგი II ლიპარტელიანი, კაცია ჩიქვანი, გიორგი III ლიპარტელიანი და სხვ.

მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია X-XI სს-თა მინჯაზე აგებული სვეტი, მის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი - სენაკი და ეკლესია. XI ს-ში აქ მოღვაწეობდა იოანე მესვეტე, XIX ს-ში - მესვეტეები რომანოზი და იესე. რომანოზს სვეტზე 35 წელი გაუტარებია. დიუბუას დროს აქ დაცული იყო კიბე, რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა სვეტზე მოხვედრა.

საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, „ჩიქვანებისად“ სახელდებული. იგი X ს-შია აგებული, გადაკეთებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია სამსართულოვანია. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეგვტერის დანიშნულებას ასრულებს, მეორეზე გუმბათოვანი ეკლესიაა. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში“.

1825 წელს ბესარიონ ჭყონდიდელს (კაცია დადიანის ძეს) აუგია დღეს არარსებული სამსართულიანი სამრეკლო.

XIX ს-ის II ნახევარში მარტვილში ამოქმედდა მამათა მონასტერი, რომელმაც XX ს-ის 20-იან წლებამდე იარსება. XIX ს-ის II ნახევარში, მთავარი ტაძრის დასავლეთით ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) მღვდელმთავრობის დროს აიგო საეპისკოპოსო სასახლე.

საბჭოურ პერიოდში აქ შეწყვეტილი იყო ღვთისმსახურება. მონასტრის ტერიტორიაზე ტურბაზა იყო განთავსებული. რამდენიმე ათეულ წლიანი იძულებით უმოქმედობის შემდეგ მარტვილის მონასტერი 1998 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

2007 წლიდან ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა-კურთხევით მარტივილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. აშენდა ახალი კარიბჭე და გალავანი. განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება.

მონასტრები ამჟამად მშენებარე პროცესშია. შენდება მონასტრის კელიები, სასტუმრო სახლი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, დედები ქარგავენ, აკეთებენ სანთლებს და ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.

მარტვილის მონასტრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - სამეფო ოთახში, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში განძთსაცავს წარმოადგენდა, ამჟამად მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით გახსნილია სამლოცველო საცავი-მუზეუმი, სადაც ინახება სხვადასხვა დროის სიწმინდეები.

მონასტრები ამჟამად მშენებარე პროცესშია. შენდება კელიები, წმ. ნინოს ბაზილიკური ტაძარი და სასტუმრო სახლი.

წყარო