კონსტანტინე გამსახურდია - „ლირიული ინტერმეცცო“

  08:49:43     15-05-2012

1893 წლის 3 (ახალი სტილით 15) მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.

1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მიანიჭეს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”...

1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშე. დიდი წვლილი შეიტანა ჰამბურგიდან 3000-მდე ტყვედ ჩავარდნილი ქართველების შეკრიბისა და სამშობლოში ჩამოყვანის საქმეში.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლიდან მონაწილეობდა პატრიოტულ მოძრაობაში. რამდენჯერმე იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. კონსტანტინე გამსახურდია გარდაცვალების მერეც რეპრესირებული იყო. ჩვენს ბავშვობაში, რომ შეხვიდოდი წიგნების მაღაზიებში თუ ბიბლიოთეკებში, ვერ ნახავდი კონსტანტინეს სურათს, ისევე როგორც გრიგოლ რობაქიძისას. გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იყო... პრინციპსი,ასევე გასაგები იყო კონსტანტინე გამსახურდიას შემთხვევაშიც ყველაფერი..

კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1909 წელს, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. იყო რედაქტორი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ. ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.

ავტორია რომანებისა: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, გოეტეს ცხოვრების რომანი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, დავით აღმაშენებელი, ვაზის ყვავილობა; ასევე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეტეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ0ნსტანტინე ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

დიდი მწერალი გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ  მისი „ლირიული ინტერმეცცო“, ჩანართი, ერთი თავი, ნაწყვეტი, რომანიდან „მთვარის მოტაცება“.

”ლირიული ინტერმეცცო“, ეს ერთგვარი დასვენება, გადახვევა რომანის მთავარი გეზიდან ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებად, ესედ თუ ქებაის სტილის ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არის მკითხველისათვის მწერლის საიდუმლოებებით სავსე ლაბორატორიის გახსნა. ეს არის ქება ქართული დამწერლობისა, ეს არის ქება ქართული ენისა: „როცა მე მეგონა მკლავი შესდგაო, როცა ვფიქრობდი დამეშრიტა გონების ძალი და ფანტაზიას ჩემსას ფრთენი შეეკვეცაო, ენა ქართული, ეს უფსკრული თვალშეუდგამი ისევ აზღვავდა, ისევ ადგა ამ ჩემს ცხელ სისხლში და წამოვიდნენ სახეები ტალღების დარად“.

 „ლირიული ინტერმეცცო“ - ეს არის მოკლე ისტორია ქართველთა თავგადასავლისა, ქართველი ერის უმთავრესი მიდრეკილებებისა თუ დამსახურებების პოეტურად, ლაკონურად და ძალიან გასაგებად წარმოჩენა. „ლირიული ინტერმეცცო“ არის ახალი ქება ქართული ანბანისა...

ლირიული ინტერმეცცო

ხომ არ მოგეწყინა, ჩემო მკითხველო?

მეც თავათ მოწყენამ ამაღებინა კალამი ხელში და ვინძლო ჩემმა მოწყენამ შენი გააქარვოს.

ათასზე მეტი ღამეა ვზივარ, ვზივარ და გითხრობ განთიადიდან განთიადამდის.

თამაშითა და ბრძოლით ვწერ ჩემი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს.

და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები.

სავსებით მარტო ვარ ამ წუთშიაც. მთვარე სამთვარიოში ჩასულა უკვე და მესმის თუ როგორ ღუღუნებს ჩემი ბინის ელექტრომრიცხველი - ეს ინდუსტრიის ცისფერი მტრედი.

მესმის თუ როგორ სუნთქავენ, ლაპარაკობენ და მოძრაობენ ჩემივე გმირები ჩემში და განვიცდი უმძიმეს ორსულობას შემოქმედებისას.

ვღელავ და ვძრწი მათ მაგივრად. მათ მაგივრად ვფიქრობ და ვდარდობ და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები.

ჯერ მეც არ ვიცი მათ რა მოუვათ. თამარ შარვაშიძე რომელს შეიყვარებს... არზაყან ზვამბაიას, თუ თარაშ ემხვარს?

ან არზაყანის გული ვის მიენდობა? სათნო ძაბულის თუ თამარ შარვაშიძეს? ტარიელ შარვაშიძე და კაც ზვამბაია როგორ შეეთვისებიან ახალ დროს? ან ის ბედდამწვარი ლუკაია ლაბახუა როგორ დაასრულებს ცხოვრების ეტლს?

ან გვანჯ აფაქიძე რას მოიმოქმედებს, გვანჯ აფაქიზე - „ქრისტეს ფეხის მკვნეტელი?“

ვზივარ, ამ სტრიქონებს ვწერ და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები...

მკლავი მომექანცა, მეტკინა წელი, ვზივარ და მაინც ვწერ (ჩემი სული ჩემ სხეულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა).

შევდგები.

ჩემს ხელნაწერს ვათვალიერებ.

გაოცებული შევსცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ ჰიეროგლიფებს.

შევსცქერი ქართულ ასოებს და ასე მგონია: მე მათ შორის უნდა ამოვიკითხო მეთქი ჩემი გმირების უცნაური ბედი.

ანი, ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს (ამიტომაც შეურქმევიათ „გეორგოს“ ძველბერძნებს ჩვენთვის).

ბანი, ყელმოღერილ სურებს, დოქებსა და ჭინჭილებს არა ჰგავს?

განი, ლაგვინებს და ჭურებს (ღვინის მოყვარული ხალხის მონაგონია უთუოდ).

ღ, ყ, ლ, დ. - წათებს, წერაქვებს და ჩაქუჩებს. ეს მელითონეთა და რვალის ხუროთა მიერ მონაგონია.

ენის,

სანის,

ხარის,

ნარის,

ვინის,

ფარის,

წილის,

ჭარის კლერტოები ლეკურებს, ხმლებს, სატევრებს, წათებსა და ხელშუბებს მაგონებს.

აჰა, მოდიან ღეროვანი ასოების ლეგიონები. ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით მოემართებიან ამპარტავნად ზეაღმართულნი.

და ამ ჲ-ს, ჭ-ს, ჯ-ს პაწია მარყუჟები ვაზისადმი სიყვარულის ანარეკლია (ამ დიონისურ ქვეყანაში წარმოშობილი).

კლერტო რაესი მონადირე ტომის ტრფიალს გამოხატავს, ირმებისა და ჯიხვების რქებისადმი ტრფიალს.

ეს თავმოდრეკილი დონები, ღანები, ლასები ჩვენს გუთნებს, აჩაჩებსა და კავებს მაგონებს.

ხოლო ინი, ინი პირწავარდნილი ნალია ცხენისა. ვინ იცის, ეგებ ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიიდან ომითა და ზათქით წამოსულს. განუსაზღვრელად მახარებს მათი მზერა და მათი დაწერა და ამიტომაც მოცლილ ბალღსავით ვეთამაშები ქართულ ასოებს, და განზრახული მაქვს უთუოდ დავწერო ანბანთა ქება მე ხელმეორედ. სწორედ ამ ასოების მზერისას ხმიანდება ჩემს გულში სახე, ფერი და მოძრაობა.

და მე მაგონდება ბნელი ღამე ატლანტიის ოკეანეზე განცდილი ოდესღაც.

ზღვა ჯერ წყნარი იყო, ნამრუდისფერი, არა, ლილისფერი, აჰ, ლილისფერი კი არა, ნავთგარეულ წყლისა ფერისა. უცებ იელვა და გაფხრიწა ცა ელვათკრთომამ. ადგნენ ზვირთები, აბიბინდნენ და აიქოჩრნენ. ნელის ლაშლაშით შემოერტყნენ მყის ჭვინტს გემისას. ისევ დადუმდა ოკეანე თვალშეუვები.

ისევ გაუსვა ქარმა ქორის ფრთა და დააწვინა ტალღა ლელივით. ისევ აბორგდნენ, ახმაურდნენ მალი ტალღები, შემოესიენ, შეელეწნენ გემის კიდეებს.

და შეუბღვირა ლეგა ზეცამ ზღვას ფერგადასულს; ცა ისევ გასჭრა ელვათაკრთომამ (ლეკურსა ჰგავდა მარჯვედ მოქნეულს).

არ ვიცი, ღამემ, შემოქნევამ ცეცხლის ლეკურის რა ჩასჩურჩულეს დადუმებულ ზღვას. აზვავდა ტალღა, მას მეორე გამოეკიდა და ყოველმხრიდან წამოვიდნენ ლეგიონები და გაიმართა ტრიამელ ზღვაზე თავწაწყვეტილი ტალღათ ჯირითი.

როგორც გაზულუქებული ველური ტახები ტყეში შეჰქმნიან ნავარდს უცნაურს, ზეახტებიან გახურებულნი და შერჩებიან თამაშის დროს მუხის ტანს ეშვით, წამოვიდოდნენ ისევ ტალღები, შეახტებოდნენ გემს გაქანებულს, თავათ ნამცვრებად გადაქცეულნი.

კვლავ მოგვესიენ ბობოქარი ტალღები თქეშით. ზმუოდა ზღვა და ცას სხეპავდა ელვის ლეკური. ქაოსს გაეხსნა ვეშაპის ხახა და ურჩხულების ბობოქარის ლეგიონები მოლაშლაშებდნენ მოდრეკილნი წყალთ უდაბნოდან. აიმღვრა ცა და ზღვა უფრო აფორიაქდა და ტალღა ტალღას შეაწყდა ბნელში და ურჩხულებად ქცეულნი ზვირთნი ადგნენ, შესხეს ტვინი მრუმე ცას.

და ასე.

როცა მე მეგონა მკლავი შესდგაო, როცა ვფიქრობდი დამეშრიტა გონების ძალი და ფანტაზიას ჩემსას ფრთენი შეეკვეცაო, ენა ქართული, ეს უფსკრული თვალშეუდგამი ისევ აზღვავდა, ისევ ადგა ამ ჩემს ცხელ სისხლში და წამოვიდნენ სახეები ტალღების დარად. მერმე აზვავდა სისხლი ჩემი და მოქანცული, მდორე გონება თითქოს უეცრად დასხეპაო ელვის ლეკურმა.


მოვსდექ და ისევ შევუტიე ამ უფსკერო ზღვას თვალსეუდგამს და გახელებულს და კვლავ მომინდა დავსწერო წვრილად მე ქებაჲ დიდებულისა ქართულისა ენისაჲ.

ისევე ვზივარ განთიადიდან განთიადამდის და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები...

გარეთ კი ღუღუნებს ელექტრომრიცხველი - ეს ინდუსტრიის ცისფერი მტრედი.