იონა მეუნარგიას სიტყვა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე

  08:48:48     15-05-2012

1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი იონა მეუნარგია.

იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. ოჯახის წინაპრები ცაიშის საკათედრო ტაძრის მსახურები ყოფილან. მწერლის ბაბუა, პეპუ მეუნარგია სახელგანთქმული ოქრომჭედელი იყო.

დაწყებითი განათლება მიიღო მარტვილის სამრევლო სკოლაში, რომელიც ერთადერთი იყო მაშინდელს სამეგრელოში. შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორც იმპერიისათვის პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო, იონა მეუნარგია სემინარიიდან გარიცხეს. გადაწყვიტა ევროპაში განეგრო სწავლა. ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1877 წელს პარიზში გადავიდა, სადაც ეცნობოდა ფრანგულ ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურულ ცხოვრებას. ჰქონია შეხვედრა ვიქტორ ჰიუგოსთან. პარიზში ორი წელი დაჰყო. გაეცნო პარიზის ბიბლიოთეკებში საქართველოს შესახებ თავმოყრილ ფრანგულ ლიტერატურასა და ქართულ ხელნაწერებს, პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გადმოწერა ნანუჩა ციციშვილისეული 'ვეფხისტყაოსნის" დამატებანი (396 სტროფი).

1878 წელს საშობლოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში („ტიფლისკი ვესტნიკ“, „დროება“, „ივერია“, „კავკაზ“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“ და სხვა). იყო „დროებისა“ და „ივერიის“ თანამშრომელი („დროების“ თანარედაქტორიც, ხშირად რედაქტორის მოვალეობასაც ასრულებდა). ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, რომლის გამგეობის მდივნადაც იქნა არჩეული. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების შეგროვება.

1880 წელს „დროების“  241-ე ნომერში რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას ხელმოწერით გამოქვეყნდა მოწოდება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გადასინჯვისა და დადგენის შესახებ. შეიქმნა პოემის ტექსტის დამდგენი რედაქცია გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით.

1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა მეუნარგია არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მუშაობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

იონა მეუნარგიას ეკუთვნის ორი არქეოლოგიური მოგზაურობის - სვანეთსა და აჭარაში (ქობულეთში) აღწერა (დაიბეჭდა 1887 წ. რუსულ ენაზე) და 'ვეფხისტყაოსნის' მოკლე შინაარსის შედგენა რუსულ ენაზე.

როგორც ვთქვით, იონა მეუნარგია გარდაიცვალა 1919 წლის 15 მაისს. დაკრძალეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა საგვარეულო საძვალეში.

იონა მეუნარგიას გარდაცვალების დღეს გავიხსენოთ მისი სიტყვა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე..

იონა მეუნარგიას სიტყვა - ილიას დასაფლავებაზე

დაუვიწყარო მამულისშვილო ილიავ! შენი ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი დღეა, შენს ცხედარს გარს ახვევია?

არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო - კახეთიდამ დაწყებული შავ ზღვამდის. ამ ქვეყანაში ყველას უგემნია შენი ნაწერების სიტკბოება და ყველა სასოებით და სიამაყით იხსენებს შენს სახელს; ოჯახი სად დარჩა ამ ქვეყანაში, საცა ბავშვს შენი „აყვავებულა მდელო“ არ ეკითხოს და მოზრდილს „მკრთალი ნათელი“ და „ჩემო კარგო ქვეყანავ“ არ ემღეროს?
შენის ქმნილებით დამტკბარმა, შენის მოკვლით გულ- ჩამწარებულმა საქართველოს შორეულმა ქალაქმა ფოთმა დაფნითა და ყვავილით შეამკო ცხედარი შენი და უკანასკნელი სალამი გიძღვნა შენ, დაუვიწყარო ილიავ, შენ, რომლის მარჯვენისა ქმნილებამ აღზარდა რაზმი საქართველოს მოზარდთა თაობათა და მწერალთა, შენ, რომელმაცა „კაცია-ადამიანი“ სთქვი, „გლახის ნაამბობი“ გვიამბე, თავდადებული შეგვაყვარე და „ნაოჭის მსგავსად შეკრული“ შუბლი განდეგილისა დაგვიხატე ხელოვნურად.

შენ რომ ფეხი შემოდგი მწერლობაში, სთქვი, „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდებიო“ და მთელი შენი სიცოცხლე ამ მამულის აყვავებას ამსახურე და მამულის შვილების გულში აღაგზნე ყოველგვარი კეთილი აზრი და გრძნობა.

დღეს ყოველი ქართველი, თვით შენი მტერიც, შენი შეგირდია. ნეტავ გაგაგონა ის ძლიერი ღაღადი ჩვენის მწერლობისა, რომელიც შენმა მკვლელობამ ასტეხა, რომ დამტკბარიყავ იმ აზრით, რომ სამწერლო მემკვიდრეობა, შენგან დატოვებული, არც ისე მჩატეა, როგორც მტერსა ჰგონია.

შენ არ გვასწავლე ქართული ენა? შენ არ შეჰქმენ უკანასკნელად „სულთა სწრაფვა“, „თვალთახედვის ისარი“? შენ შეგვაყვარე მამული და გვაჩვენე, როგორ უნდა სამშობლოს მტერთან ბრძოლა. „დიდ მუხასთან პატარა ია რომ ყვაოდეს, ვის რა უნდაო“, გააგონე შენს მამულის მტრებს. სამეგრელოს ჩამოშორება რომ მოინდომეს საქართველოდამ, შენ სამეგრელოში მოდი, იქაურობა ნახე და სთქვი: „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“ და მედგრად გამოესარჩლე დაჩაგრულ სამეგრელოს.

და აწ შენ დაგვშორდი, დაგვტოვე იმ დროს, როცა თვით მამულის წმიდათა-წმიდას შეეხო განუსჯელი თაობა და როცა შენს წინასწარმეტყველურ სიტყვას შეეძლო ეს თაობა გონს მოეყვანა.
ვინ იცის, ეგებ შეიძლებოდეს კაცს კაცობრიობა უყვარდეს მამულზე უფრო, მაგრამ მამული რომ არ უყვარდეს კაცს, სამშობლოს ენა არა სწამდეს, ამის სმენაც კი ეჩოთირება ჩვენს ყურს, რომელშიაც შენ 40 წელიწადი სულ ჩაგვძახოდი: ჩიტს თავისი ბუდე უყვარს, ნადირს თავისი კლდე და სორო, მთელ განათლებულ ქვეყანას თავისი მხარე და ენა და მხოლოდ ჩვენში გამოჰტყვრა პირველად ეს დაუჯერებელი: „ენა რა არის, მამული რას მიქვიანო“.

ვიმედოვნებ, მოძღვარო, რომ ეს შეცდომა წარმავალია, რომ ჩვენნი ძმანნი და შვილნი, ვითარცა უძღებნი შვილნი, დაუბრუნდებიან სამშობლოს და მამული კვლავ დარჩება ყველათათვის საუკუნოდ თაყვანსაცემად ისე, როგორც საუკუნო არის იდეალები სიმართლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, რომელთაც შენ მსახურებდი.

მშვიდობით, ჩვენო ენის კანონმდებელო, დიდო მამულისშვილო!

1907 წლის 9 სექტემბერი