"ქველმოქმედი" ოლიგარქი დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას არ აპირებს

  19:48:37     14-05-2012

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა საზოგადოებას აცნობა, „ქართული ოცნება“ გამოიძიებას იწყებს, შესაძლებელი იყო თუ არა წყალდიდობის შედეგების თავიდან აცილება.

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი რისკებისგან. მის საფრანგეთის მოქალაქე შეფს, როგორც ჩანს, იმდენად ჩაკეტილი ცხოვრება აქვს, რომ მის ყურამდე ვერ აღწევს განვითარებულ ქვეყნებში მომხდარი წყალდიდობებისა თუ სხვა სტიქიური უბედურებების შესახებ ინფორმაციები, რომლის პრევენციაც, ხშირად, ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი შეუძლებელია.  

,,ქართული ოცნების’’ გამოძიება, რომლის შედეგების გამოქვეყნებასაც ოლიგარქის პრესმდივანი საზოგადოებას ახლო მომავალში დაჰპირდა, ალბათ საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, ვინაიდან, დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ივანიშვილის შერლოკ ჰოლმსობა კი არა, დახმარება სჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს საკითხი არ აღელვებს, რადგან მისმა პრესმდივანმა ჟურნალისტის კითხვაზე: დაეხმარება თუ არა, ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულებს, უპასუხა, რომ "ქართული ოცნება" ბევრ რამეს გააკეთებდა, კანონი რომ არ ზღუდავდეს.

არადა იგივე კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ივანიშვილს სულაც არ ზღუდავს საკუთარ პარტიასა თუ კოალიციის წევრებს მილიონობით ლარი უკანონოდ ჩაურიცხოს, რის გამოც კონტროლის პალატამ ,,ქართული ოცნება’’ არაერთხელ დააჯარიმა სოლიდური თანხებით. როგორც ჩანს, ივანიშვილი კანონს მხოლოდ მაშინ ემორჩილება, როცა საკითხი საქართველოს აპოლიტიკური მოსახლეობის დახმარებას ეხება და არა მის კოალიციაში შეკრებილი სუბიექტების ჯიბეების ავსებას.