
შეკრება ვლადიკავკაზში: მოსკოვს 2008 წლის აგვისტოს სცენარის გამეორება მოუწევს
14:24:54     14-05-2012
როგორც პრესა.ჯი წერდა, თურქეთში კავკასიური დიასპორების წარმომადგენლთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ერთხმად აღიარეს, რომ „რუსეთის კოლონიად ყოფნა ბედისწერა არ არის“.
თუმცა ანალოგიური ღონისძიება ვლადიკავკაზშიც ჩატარდა, ამჯერად, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით. „კავკასიურ შეკრებაზე“ ვლადიკავკაზში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებები განხილვის ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა. თუმცაღა, თავად კონფერენცია „21-ე საუკუნეში კავკასიაში რუსეთის სტრატეგიას“ ეხებოდა.
რუსული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული შეკრება, ცხადია, რუსული ინტერესების გამომხატველი იყო. შესაბამისად, როგორც მასზე დამსწრე საინფორმაციო საშუალებები წერენ, პირველი, რაც ხაზგასმით აღინიშნა, იყო ის, რომ მოსკოვს კვლავ მოუწევს მიიღოს 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებების ანალოგიური გადაწყვეტილებები. რადგან თუკი თავად რუსეთიც კი არ მოისურვებს ცვლილებებს, ადრე თუ გვიან კავკასიის რეგიონამდე თავად მოაღწევს „არაბული გაზაფხული“, ან ირანის კრიზისის გადაჭრა დაიწყება და ეს ყველაფერი პოლიტიკურ ატმოსფეროს შეცვლის. ანუ, რუსეთში 2008 წლის აგვისტოს სცენარი საარქივო მასალა ჯერ არ გამხდარა და მისი დახვეწა-დამუშავება, როგორც ჩანს, კვლავ მიმდინარეობს.
ექპერტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას სწავლობენ, როგორც „ვესტნიკ კავკაზა“ წერს, ყველაზე მთავარი კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაა. კერძოდ, რუსეთისა და საქართველოს წინააღმდეგობრივი პოლიტიკა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ასევე, სომხეთთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც კავკასიის სამხრეთში რუსეთის მთავარი მოკავშირეა.
მსჯელობათა ჯაჭვი ვლადიკავკაზის კონფერენციაზე დაახლოებით, ასეთი იყო:
არ უნდა იქნას დავიწყებული, რომ მოსკოვის მოკავშირე სომხეთი და ასევე მთიანი ყარაბაღი რუსეთისგან სწორედ „საქართველოს ტერიტორიითაა ჩამოჭრილი“. და შესაბამისად, თუკი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განახლდება და თურქეთი სომხეთისადმი მტრად დარჩება, ხოლო ირანი ნატოსთან კონფლიქტში ჩაებმება, - როგორ დაიცავს მოსკოვი სომხებს აუცილებლობის შემთხვევაში?
მოსკოვის მიერ პორგანიზებულ „კავკასიელთა შეკრებაზე“ მეორე მთავარ თემად რეგიონში ტერორიზმის საკითხი დაისვა, რომელიც ასევე ფართოდ მიმოიხილეს, თუმცა ამ თემასაც ბოლოს, ისევ საქართველოს საკითხი მიება. კერძოდ, რიგი ექსპერტები ტერორიზმთან ერთად კავკასიაში საფრთხედ მიიჩენევენ „ახალი პოლიტიკური კონცეფციების“ გავრცელებასაც. საუბარია ჩერქეზთა გენოციდზე. როგორც ვლადიკავკაზში შეკრებილები ფიქრობენ, „ქართული დიპლომატიის ეს პროექტი საკმაოდ სიცოხლისუნარიანი აღმოჩნდა და შესამჩნევ გავლენას ახდენს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთა ცნობიერებაზე“. აღნიშნა, რომ თუკი აფხაზეთის ომის დროს საქართველოს ასეთ ინიციატივას არანაირი შანსები არ ჰქონდა, - ჩეჩნეთის ომის მიუხედავადაც კი, ახლა მისდამი ინტერესი არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ „კავკასილოგ-იდეოლოგების წრეებსაც“ აქვთ. ასეთებად კი ძირითადად, ყოფილი საველე მეთაურები დასახელდნენ.
ყოველივე ამის მიზეზად რუსეთის მიერ მოვლენებზე არასწორი რეაგირება დასახელდა. მათ შორის, იდეოლოგიური მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა აღინიშნა და აქაც საქართველოზე გაკეთდა აქცენტი.
სისტემური რეგიონული კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩერნოუსმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნამ წინააღმდეგობა წარმოშვა, რომელსაც ქართული იდეოლოგიური ფრონტის მებრძოლები იყენებენ. ისინი ცდილობენ, რუსეთის საპირწონედ საერთოკავკასიური იდენტურობის ფორმირება მოახდინონ“.
ასევე ითქვა, რომ პრობლემაა, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანზაციები ისეთი ქვეყნებიდან ფინანსდებიან, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან რუსეთთან და ამ ორგანიზაციებში აქტიურად მუსირებს იდეები, რომლებიც არ შეესაბამება რეგიონში მოსკოვის გეოპოლიტიკურ გეგმებს.
საბოლოოდ კი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: კავკასიის გარეშე რუსეთი ვერ შეინარჩუნებს ვერც ევრაზიულ მასშტაბებს, ვერც დიდი დერჟავის პერსპექტივებს და ვერც შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებს.
კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, კავკასიის თითოეულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი მოახდინონ და გამოიტანოინ დასკვნები, რამდენად ხელსაყრელია ან საფრთხეს წარმოადგენს ეს ვითარება მოსკოვის გავლენისთვის.