პუტინი მომიტინგეებს კანონმდებლობას უმკაცრებს

  09:27:50     14-05-2012

რუსეთში, განსაკუთრებით პუტინის მესამედ გაპრეზიდენტების შემდეგ, მიტინგების თემა მეტად აქტუალური გახდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობას რუსეთის სახელმწიფო დუმის გარდა ფედერაციის საზოგადოებრივი პალატაც გეგმავს.

რაც შეეხება მიტინგებისა და მოქალაქეთა უფლებების თემას, ცნობილი ხდება, რომ ამ საკითხზე შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმას განსახილველად უკვე გადაეცა.15 მაისს კი მიტინგებისა და მოქალაქეთა უფლებებზე კანონპროექტის მოსმენა უკვე რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში ჩატარდება. თუ რა პოზიციას დაიკავებს ეს უკიდურესად პროპუტინისტური ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებრივი პალატა ყოველთვის პუტინის ყურმოჭრილი მონა იყო.

მისი ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა სერგეი მარკოვი გახლავთ, რომელიც პუტინის უახლოესი გარემოცვის ერთ–ერთი ყველაზე  აქტიური წევრიცაა. შეიძლება ითქვას, რომ პუტინის სიტყვა მისთვის არამარტო კანონია, არამედ მასზე უფრო მაღლაც კი დგას, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მოღვაწეობით მეხუთე მოწვევის რუსეთის სახელმწიფო დუმაში, სადაც იგი 2007–2011 წლებში მმართველ „ ედინაია როსიას“ წარმოადგენდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ მარკოვი 2012 წლის 6 თებერვალს დარეგისტრირდა, როგორც რუსეთს პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი.

მარკოვი იმ რუსი პოლიტიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ყველაფერი გაიღონ იმისათვის, რათა პუტინი მუდმივად იყოს ხელისუფლების სათავეში.

ამიტომაც, აჯობებს, ჩვენს მიერ ზემონახსენებ საზოგადოებრივი პალატის წევრსა და ასევე პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორს,  სერგეი მარკოვს მოვუსმინოთ, თუ რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების დიდ ყურადღებას ვამჩნევთ და მის განხილვაში მრავალი ადამიანი და ორგანიზაციაა ჩართული. ბოლო 10 წლის მანძილზე საზოგადოებრივი აქტიურობა მინიმალური გახლდათ. ხალხს 90–იანი წლების აჟიოტაჟისგან დასვენება სურდა. თუმცა, მიტინგების დრო ისევ დადგა და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ კუთხით, კანონმდებლობა არცთუ კარგად მუშაობს, ამიტომაც, მას დაზუსტება სჭირდება“, – განაცხადა სერგეი მარკოვმა.

ახლა დგას ამოცანა, რომ უფრო გარკვევით გამოვყოთ მასობრივ აქციებში სხვადასხვა ჯგუფები, რომ მათ  მიმართ, გამოყენებულიქნას კანონმდებლობის სხვადასხვა დაზუსტებები, – ხაზი გაუსვა მან. თან იქვე  განმარტა, რომ, მისი მოსაზრებით, კონკრეტულად, თუ რა ფორმებად შეიძლება დაიყოს მასობრივი აქციები. „პირველი, ეს ერთჯერადი პიკეტია. მასზე რეაგირება შეიძლება შევამსუბუქოთ. მეორე, ცალკე ჯგუფად უნდა გამოიყოს აქციები, რომლის მონაწილეთა რაოდენობა იქნება არაუმეტეს 10 კაცისა. ისინიც საჭიროებენ  შემსუბუქებულ რეჟიმში არსებობას.  რაც შეეხებათ მასობრივ აქციებს, როდესაც იკრიბება ათასობით ადამიანი, საჭიროებს მკაცრ რეგულირებას“, მიაჩნია საზოგადოებრივი პალატის წევრს.

ამასთან მარკოვმა შენიშნა, რომ პასუხისმგებლობა მიტინგებთან დაკავშირებით უნდა დაეკისროთ, როგორც ხელისუფალთ, ასევე მის ორგანიზატორებსაც.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ აქციები, რომლის მონაწილენიც ბოროტი განზრახვით აწყობენ უწესრიგობებს, ახდენენ ხელისუფლების, ან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა პროვოცირებას, – ასკვნის მარკოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მიტინგებთან დაკავშირებით  კანონმდებლობა სერიოზულად უნდა გამკაცრდეს.

გასაგებია, რომ    ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ამ კანონისგან კარგს არაფერს უნდა ელოდნენ. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიტინგის ჩატარებისას ჩადენილი დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება და იგი 1,5 მილიონ რუბლამდე მიაღწევს.