პოეზიის საღამო უნივერსიტეტში
08:32:40     14-05-2012
15 მაისს, სამშაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება პოეზიის საღამო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი
გიწვევთ
ახალგაზრდა პოეტთან -
- გენრი დოლიძესთან
შეხვედრაზე.
მოხდება მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია
შეხვედრა შედგება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ახალგაზრდა პოეტი წაიკითხავს ლექსებს თავისი შემოქმედებიდან.
დასაწყისი 17:00 საათზე.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გენრი დოლიძეს იცნობენ პოეზიის მოყვარულები. მისი ბიოგრაფია და ლექსები გამოვაქვეყნეთ პრესა.გე-ს ფურცლებზეც. შეხვედრა საინტერესო იქნება.
გთავაზობთ გენრი დოლიძის ორ ლექსს.
ბაბუ
მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!
- დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,
ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი...
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში...
ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,
მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს...
ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილი
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა...
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: - აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
ქა-რთული
ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული...