ლაფსუსები და მარგალიტები ბიძინა ივანიშვილის ავტობიოგრაფიაში

  07:58:25     14-05-2012

ბიძინა ივანიშვილი, ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე, ბიოგრაფიას აქვეყნებს და დადებით შეფასებებს არ იშურებს საკუთარი თავის მიმართ. მარგალიტები, ისევე, როგორც მის საუბარში, აქაც მრავლადაა. მართალია, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ კარგი ცოდნისა და აკადემიური გამოცდილების მიღების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ძალები ბიზნესში მოესინჯა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს მისი რუდუნებით დაწერილი ავტობიოგრაფია:

,,ბიძინა ივანიშვილი უაღრესად წარმატებული ქართველი ბიზნესმენია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სოფელ ჭორვილაში. მეტად გაჭირვებულ ოჯახში დაბადებული, ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი, იგი ბავშვობიდან შეეჩვია შრომას. ბიძინამ სკოლა საჩხერეში დაამთავრა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მოსკოვის შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა და დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. კარგი ცოდნისა და აკადემიური გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტა მოღვაწეობა ბიზნესის სფეროში გაეგრძელებინა,’’ - ნათქვამია ოლიგარქის ფესიბუქზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში.

,,ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი ბიძინა’’ ასევე წერს, რომ კარიერა კომპიუტერებისა და ღილაკიანი ტელეფონების იმპორტით დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა საბანკო სექტორში გააგრძელა და ყოფილ თანაკურსელთან ერთად დაარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი.“ ,,მოკრძალებული დასაწყისის და უამრავი ხიფათის მიუხედავად, „როსიისკი კრედიტი“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ბანკად ჩამოყალიბდა. დადგა საქმიანობის გაფართოვების დრო: ბიძინამ საკუთარი აქტივები სხვადასხვა სამეწარმეო დარგებში გადაანაწილა, როგორებიცაა ნედლეულის მოპოვება-გადამუშავება, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა. ამასთან ერთად, თავისი მთავარი აქტივებიც აამოქმედა - შრომისმოყვარეობა, საქმის ცოდნა და გამჭრიახობა და ასე ააწყო მილიარდებად შეფასებული საქმე’’.

,,მთავარი აქტივების’’ ამოქმედებამ როგორი შედეგი გამოიღო ამის დასტურად ივანიშვილს  ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნებული მილიარდერთა სია მოჰყავს და ბიოგრაფიას ასე აგრძელებს: ,,წლების შემდეგ, ჟურნალ Forbs-ის (საუბარია Forbes-ზე) მიერ მსოფლიოს მილიარდერთა შორის აღიარებული ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად მშობლიურ სოფელს - ჭორვილას დაუბრუნდა, რომ დედასთან და სანათესაოსთან უფრო ახლოს ყოფილიყო. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა მრავალი წელი სამშობლოში, მშვიდ გარემოში გაატარა... მიახლოებული გაანგარიშებით, ბიძინა ივანიშვილის ქონებიდან, სულ მცირე 1.5 მილიარდი დაიხარჯა საქართველოზე.’’

ივანიშვილის ბიოგრაფია ცხადია მის პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯსაც მოიცავს, ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ,,ერთ დროს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა, უაღრესად რთული პირადი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართულ პოლიტიკაში შეებიჯებინა... და ებრძოლა ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების დამკვიდრებისთვის.  ასე დაიბადა ქართული ოცნება...’’ ასე რომანტიულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას, რომელშიც არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ კომპიუტერებით ვაჭრობის პერიოდში მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო და ამ დაკვეთის შედეგად, მას სოლიდური თანხა დაუგროვდა. აღნიშნული დაკვეთით, რომელშიც ნათლად ჩანდა ფინანსური მაქინაციები, პროკურატურა დაინტერესდა და ივანიშვილს ანგარიშები დაუყადაღა.

ცხადია, ივანიშვილი თავის ბიოგრაფიაში არაფერს ამბობს იმაზეც, თუ რა თანხები შესწირა მან ქართველების სისხლში ხელგასვრილ რუს გენერლებს, და აღემატებოდა თუ არა აღნიშნული შესაწირი, მისი ,,მიახლოებული გაანგარიშებით’’, საქართველოზე დახარჯულ 1.5 მილიარდ ლარს.