სილოვან ხუნდაძე: „საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ!“
11:22:42     12-05-2012
1923 წლის 12 მაისს გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი, პუბლიცისტი და პოეტი - სილოვან ხუნდაძე.
სილოვან ხუნდაზე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს სოფელ კალაგონში, გურიაში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.
1880 წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის “სამშობლო” ოთხი ნომერი.
1884 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ისმენდა პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს. უნივერსიტეტში სწავლისას, ჟურნალ “ივერიის” 1882 წლის მე-12 ნომერში, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი, “ისტორიული კილო გრიგოლ ორბელიანის ლექსებში”.
1884 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1888 წლამდე მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 1880-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.
1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სათავადაზნაურო სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული გიმნაზიის დაფუძნება. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ქუთაისის გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მან აღზარდა არა ერთი შესანიშნავი მამულიშვილი: მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, პროფესორი ალექსანდრე წერეთელი, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, აკადემიკოსი ვარლამ თოფურია, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე და სხვები.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. 1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. სილოვან ხუნდაძე იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1916). 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად დააარსა გამომცემლობა „მერანი”, სადაც გამოიცა არა ერთი სახელმძღვანელო.
1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი, ქართველთმოძულე კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და “ატესტატების სიმცირის” საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა რუსი მოხელის თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე დახვდა. მან ხელი არ ჩამოართვა კორიცკის და უთხრა: “ხეპრე თავი მეტის-მეტად მაღლა აგიწევიათ! ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია და საფიქრალი. მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ ატესტატებს არაფრად ვსაჭიროებთ და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ შეგიძლიათ მიბრუნდეთო”. ამის გამო ქართველი მამულიშვილი გიმნაზიიდან დაითხოვეს. მხოლოდ 1916 წლის ბოლოს დააბრუნეს გიმნაზიაში.
სილოვან ხუნდაძე იყო ერთ-ერთი აქტივისტთაგანი, რომლებიც იღვწოდნენ ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებისათვის. 1917 წლის 17 მაისს, ქუთაისში, გიმნაზიის შენობაში, შეიქმნა “თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება”, რომლის წევრიც იყო დამსახურებული პედაგოგი.
1919 წელს, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა სილოვან ხუნდაძე, სადაც მუშაობდა 1923 წლამდე.
სილოვან ხუნდაძე წერდა ლექსებს. მას აქვს მიძღვნილი ლექსები ილიასადმი, აკაკისადმი, ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი (მისი გარდაცვალების დროს). ილიასადმი ლექსში სილოვან ხუნდაძე წერდა:
ჰე, დიდებულნო ქართველნო!
თქვენა ხართ ბურჯნი უფლების!
ვისაც თქვენებრი შვილნი ყავს,
ღირსია თავისუფლების!
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა 1928 წლის 12 მაისს ქუთაისში.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ სილოვან ხუნდაძის სიტყვას, წარმოთქმულს ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე. სხვა დროს მის ლექსებსაც შემოგთავაზებთ.
სილოვან ხუნდაძის სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე:
„საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ!
ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში!
საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ!
ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა!
საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით!
თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ!
ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს!
ქართველო ხალხო!
გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე!
გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი!
ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: "მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია"-ო!“