
მოსკოვში კარვები გაშალეს…
16:51:19     11-05-2012
დღის განმავლობაში კარვების ბანაკს ბორის ნემცოვი, ქსენია სობჩაკი, ვიქტორ შენდეროვიჩი და სხვა ოპოზიციონერები სტუმრობენ.
ჯერჯკერობით, ომონს კარვები არ აუშლია.
თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი უკვე აცხადებს, რომ ოპოზიციონერთა შეკრებებს მალე ბოლოს მოუღებენ. მათ შორის, ჩისტი პრუდზე მიმდინარე აქციას. პესკოვი ამბობს, რომ მას ძალის გამოყენებით დაარბევენ.
პრეზიდენტის პრესმდივანმა თავისი სიტყვებიც დაადასტურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სკანდალი გამოიწვია. კერძოდ, პესკოვმა ოპოზიციონერ ილია პონომარიოვს უთხრა, რომ „დაჭრილი ომონელის გამო ოპოზიციის ღვიძლი ასფალტზე უნდა გავსრისოთ“.
ბევრმა ეს განცხადება პონომარიოვის მიერ ინტერპრეტირებულად ჩათვალა, თუმცა ჟურნალ „აფიშასთან“ საუბარში, პუტინის პრესმდივანმა თავისი სიტყვები „ოპოზიციის ღვიძლთან“ დაკავშირებით, დაადასტურა. ამ ინტერვიუს სრული ვერსია მომავალ კვირას გამოქვეყნდება, თუმცა ცნობილია, რომ პესკოვმა თავის ამ შეფასებას „რბილი“ უწოდა.
კრემლი ნელ-ნელა ოპოზიციური ლიდერების გრძელვადინ „ნეიტრალიზებას“ იწყებს. ალექსანდრე ნავალნისა და სერგეი უდალცოვს, უკვე არა 15-15-დღიანი, არამედ 2 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
თუმცა უდალცოვი პატიმრობიდანაც განაგრძობს აქციების მართვას. მან აქტივისტებს უკვე მოუწოდა მორიგი „მილიონების მარშის“ გამართვისკენ, რომელიც ხვალისთვის იგეგმება.
13 მაისს კი ე.წ. „საკონტროლო სეირნობას“ გამართავენ ცნობილი მწერლები, მუსიკოსები და ჟურნალისტები. აქციის მიზანია, გაარკვიონ, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება მოსკოვის ქუცებში გადაადგილება, ვთქვათ, პუშკინის ძეგლიდან გრიბოედოვის ძეგლამდე.
ანალიტიკოსების თქმით, საპროტესტო ტალღა ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. სწორედ ამასაც უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ პუტინი არ წავა მომავალ კვირას კემპ-დევიდსში დაგეგმილ დიდი რავიანის სამიტზე და თავის ნაცვლად იქ მედვედევს გაგზავნის. დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინი ახლა „სახლს ვერ ტოვებს“, საკუთარ ქვეყანაში იზოლაციაშია, მოსახლეობა მის პრეზიდენტობას აპროტესტებს და ამდენად, დასავლელ კოლეგებთან გამოჩენა, როცა შიდაპოლიტიკურ ფრონტზე დაძაბულობა აქვს, პუტინისთვის, შესაძლოა, დისკომფორტი იყოს.
თუმცა ეს ერთადერთი ვერსია არ არის. დასავლური პრესა აქტიურად განსჯის - „რა აქვს გონებაში პუტინს?“ ინაუგურაციის შემდეგ, პირველივე ვიზიტად ის ურალში, ნიჟნი ტაგილის ქარხანაში ჩავიდა, სადაც ტანკებს ამზადებენ. ეს, სრულიად გამიზნული, პუტინის პრიორიტეტების დემონსტრირება იყო.
და რადგან ეს პრიორიტეტები არ შეცვლილა, ექსპერტები ამბობენ, რომ დასავლეთი ახლა ცოტა ხნით მივიწყებულ, „ჩვეულ რეჟიმში“ უნდა ჩადგეს.