
იარაღი, სოჭის ტერაქტებისთვის თუ ანქვაბზე თავდასხმისთვის
13:52:25     11-05-2012
რისთვის იყო გამიზნული ის მრავალრიცხოვანი საბრძოლო ტექნიკა და მასალა, რომლის აღმოჩენის შესახებაც გუშინ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია აფხაზეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს, დღეს ირკვევა, რომ სოხუმი მოსკოვის მიერ გუშინ გაჟღერებულ ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოევიკები აფხაზეთში აღმოჩენილ იარაღს არა სოჭის ოლიმპიადიაზე მოსაწყობი ტერაქტებისთვის, არამედ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისათვის ინახავდნენ.
შეგახსენებთ, გუშინ, როცა აფხაზეთში იარაღის ათობით სამალავი აღმოაჩინეს და 3 პირიც დააკავეს - ორი აფხაზი და ერთი რუსი, მათ შორის რუსტამ გიცბა -ხელმძღვანელი „აფხაზეთის ჯამაათისა“ , რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმამატის“ შემადგენელ დანაყოფად და დოკუ უმაროვის დაჯგუფებად სახელდება, რუსებმა უმალვე „ქართული კვალი“ „აღმოაჩინეს“ და განაცხადეს, რომ უმაროვი, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირშია, სოჭში ტერაქტებს საქართველოსთან ერთად გეგმავდა და ბომბებსაც დეტონატორებისთვის, ბოევიკებს, საქართველო უგზავნიდა.
მართალია, ასეთი ვერსია არახელსაყრელი არც აფხაზებისთვისაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოხუმმა მოსკოვის ბრალდების ეს „სტრატეგიული ხაზი“ დაარღვია და სრულიად საწინააღმდეგო ვერსიაზე დაიწყო საუბარი, რომელიც უფრო მეტად არგუმენტირებულია, ვიდრე რუსული ვერსია.
„მაშინვე გასაგები გახდა, რომ თავდამსხმელები არა მარტო კარგად შეიარაღებულნი, არამედ კარგად მომზადებულებიც იყვნენ - ისინი მოქმედებდნენ ჭკვიანურად. თავისი არსით, ეს იყო ნამდვილი ბრძოლა ყუმბართმტყორცნებით, ავტომატებითა და სხვა იარაღით“ - განუცხადეს „კომერსანტს“ ე.წ. უშიშროების საბჭოში ანქვაბზე ტერაქტზე საუბრისას. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რესპუბლიკაში იარაღის ასეთი მასშტაბური პარტია აღმოაჩინეს.
გარდა ამისა, აფხაზური გამოძიების თანახმად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მოქმედებაც „რადიკალურ მუსულმანურ ხასიათს ატარებს“. ხოლო რაც ყველაზე მთავარია, სოხუმი ამტკიცებს, რომ დადასტურებულია ამ ბანდის წევრების კავშირი ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებულ აფხაზეთის ყოფილ ს მინისტრთან ალმასბეი კჩაჩთან, რომელმაც ერთი თვის წინ ამ ბრალდების გამო თავი მოიკლა. აფხაზი ძალოვნების თქმით, რუსტან გიცბა, რომელიც მოსკოვმა გუშინ სოჭის ტერაქტების საქმეზე დაკავებულად გამოაცხადა, რეალურად, ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს.