
პუტინი აფხაზეთში ჩავა და ანქვაბს საყვარელ თემაზე - „ქართულ საფრთხეზე“ ესაუბრება
06:25:23     11-05-2012
თიბილოვი, როგორც ამბობენ, თავის ახალ ე.წ. სამთავრობო გუნდს ოპოზიციონერებით აკომპლექტებს, - იმ ადამიანებით, ვინც „სამხრეთ ოსეთში“ მოსკოვის გეგმები ჩაშალა და ვისი აგორებული საპროტესტო აქციების გამოც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონში თითქმის 5 თვეს გაიწელა.
ანქვაბთან კი პუტინს, სავარაუდოდ, უფრო სერიოზულ თემებზე ექნება საუბარი. სწორედ გუშინ, რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის სპეცსამსახურებმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლისა და ტერაქტების მოწყობის მცდელობა აღკვეთეს, როცა აფხაზეთში იარაღის სამარხები აღმოაჩინეს. ტერაქტების ორგანიზატორად ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმარატი“ და მოსკოვის მტერი დოკუ უმაროვი დასახელდა. ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნებიც გააკეთა და განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ასაფეთქებელი ბომბების დეტონატორებს დოკუ უმაროვის დაჯგუფებას, შესაძლოა, საქართველო აწვდიდა, რომლის სპეცსამსახურებსაც, კომიტეტის მტკიცებით, უმაროვთან მჭიდრო კავშირები ჰქონია.
ეს კი ვლადიმერ პუტინის საყვარელი თემააა, რომელმაც დროზე მოუსწრო, - დაიკავა თუ არა ოფიციალურად პრეზიდენტის სავარძელი, „საქართველოდან მოსალოდნელ საფრთხეზე“ სალაპარაკო თემაც მიეცა.
ტერორიზმი და საქართველო პუტინის სოხუმში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რომ იქნება, ამას ისიც მოწმობს, რომ გამოცემა „ლაიფ-ნიუსი“, რომელიც ამ ვიზიტის შესახებ წერს, ხაზგასმით გამოკვეთილად საუბრობს პუტინის დასახვედრად სოხუმში მიღებულ უსაფრთხოების ზომებზე.
აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია და სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პუტინის სოხუმში ვიზიტი საჯაროდ არ დაანონსებულა. მისივე თქმით, პუტინის დასაცავად მობილიზებული იქნება „რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტიც“.
სავარაუდოდ, ანქვაბი კრემლის პირველი პირისგან იმ მითითებებს მიიღებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაამწვავოს მან „ქართული საფრთხე“.
შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები პუტინს არც თავისი ინაუგურაციის პირველ დღეს დავიწყებია. პირველივე განკარგულებაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აქტიურად შეუწყოს ხელი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარებას, მათთვის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას“.