
ზემო აფხაზეთს ახალი დროშა და გერბი აქვს
14:27:31     10-05-2012
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები: აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა.
ახალ გერბზე გამოსახულია სამ ნაწილად გაყოფილი ფარი. I ნაწილზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია სევადი დათვი, II ნაწილზე, მეწამულ ველზე კი ვერცხლის ფარია გამოსხული, რომლეზეც მეწამული ჯვარია მოთავსებული. III ნაწილზე, ლაჟვარდოვან ველზე კი - დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული.
გერბის ფარს ზემოთ, საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) განთავსდა, ნახევრადღია კატარკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - ,,აჟარა“.
რაც შეეხება ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის დროშას, იგი ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული.
დადგენილება, რომელსაც აჟარის საკრებულოს თავმჯდომარე, ს. გურჩიანი აწერს ხელს, უკვე ამოქმედდა.