თიბილოვი ჯიოევას მომხრეების შემორიგებას ცდილობს

  12:15:28     10-05-2012

მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რამდენჯერმე ჩაფლავდა, საბოლოოდ, როგორც იქნა კრემლმა იქ თავისი რჩეული რამდენიმე იძულებითი განმეორებითი "საარჩევნო" ტურების შემდეგ, მორიგ "პრეზიდენტად" "კაგებშნიკი" ლეონიდ თიბილოვი დასვა. ამ უკანასკნელს, ედუარდ კოკოითის წარმომადგენლის მრჩევლის პოსტი ეკავა ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში. 

ცნობისათვის: ბოლო მსგავსი "არჩევნები" 25 მარტს ჩატარდა. ოღონდ, მოსკოვისთვის სასურველი "გამარჯვებული" მაშინაც ვერ დასახელდა და იგი მხოლოდ 8 აპრილს, მეორე ტურში "გამოავლინეს".

მართალია, თიბილოვის ე.წ ინაუგურაცია უკვე იყო, მაგრამ მარიონეტული "მთავრობის" ფორმირება ჯერ არ მომხდარა. პირველი, რაც თიბილოვმა გააკეთა ისაა, რომ 25 აპრილის ბრძანებულებით კოკოითის დატოვებულ "მზითევზე" - რუსეთის მიერ იქ პრემიერად გამწესებულ ვადიმ ბროვცევზე უარი თქვა, "მინისტრთა კაბინეტის" მოვალეობის შემსრულებლად როსტიკ ხუგაევი დანიშნა. თუმცა, კაბინეტის ფორმირებას დღემდე საშველი არ დაადგა. 

ამის მიზეზი, ექსპერტთა მოსაზრებით, ისაა, რომ ცხინვალის რეგიონში თიბილოვამდე "პრეზიდენტად" არჩეულ და კრემლის მიერ დაწუნებულ და უარყოფილ ალა ჯიოევას მომხრეების შემორიგება, ახალ მარიონეტებთან ჯერ ვერ მოხერხდა. Aახლა, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმება. როგორც ოკუპირებული რეგიონიდან სარწმუნო წყაროები იუწყებიან, ჯიოევას მომხრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მეტიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თიბილოვი ყველაფერს აკეთებს, რათა დეკემბერში მომხდარი სამოქალაქო განხეთქილების ლიკვიდაცია მოახდინოს.

უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ შესაძლოა, ჯიოევამ "მთავრობაში" წამყვანი პოზიციები დაიკავოს და არამარტო მან, არამედ, მისმა მთავარმა მხარდამჭერმა ანატოლი ბარანკევიჩმაც.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ალა ჯიოევას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს და მის საკურატორო სფეროში კულტურა და მედიცინა შევა. ეს მისთვის ნაცნობი დარგია, რადგანაც კოკოითის მარიონეტულ მთავრობაში მას განათლების მინისტრის პოსტი ეკავა. როგორც ამბობენ, ჯანდაცვის მინისტრად გამწესებას ჯიოევას თანამებრძოლს, როდიონ სიუკაევს უპირებენ. სავარაუდოდ, ჯიოევას კიდევ ერთი თანამებრძოლის, ჯემალ ჯიკაევის კანდიდატურა ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება. რაც შეეხება ანატოლი ბარანკევიჩს, მას, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

   მართალია, ჯერჯერობით, ეს ინფორმაციები ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ალა ჯიოევას რუსულ "კომერსანტთან" საუბარში ეს არ უარყვია. "მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განუცხადა მან რუსულ გამოცემას. თუმცა იმავე "კომერსანტის" წყაროები, მარიონეტული ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახალი დანიშვნების შესახებ განცხადებები, 14 მაისის შემდეგ გამოქვეყნდება. შწორედ, 14 მაისს იგეგმება თიბილოვის მიერ "პრემიერად" როსტიკ ხუგაევის დამტკიცება.

   ოფიციალურ თბილისთან მიმართებაში, ხუბულოვს რა გეგმები აქვს, ამაზე ცხინვალში, ჯერჯერობით, ღიად არ საუბრობენ და ვნახოთ, მომალში რა მოხდება. თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ თიბილოვი კრემლის სურვილის წინააღმდეგ წავიდეს, რადგაც, ასეთ შემთხვევაში, მას უბრალოდ, მოიშორებენ.