კახა ბექაური გოგი ახალკაცს ემტერება

  11:45:24     10-05-2012

ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიას პრობლემები აქვს. ოლიგარქი არხის თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა. არხი, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში ოლიგარქმა მილიონობით დოლარი დახარჯა, მოლოდინს ვერ ამართლებს. იმის გარდა, რომ არხის მთავარი მიზანი (საზოგადოებრივი აზრის შექმნა) განუხორციელებელი რჩება,  არხის მიერ შექმნილ პროდუქტს ხარისხს უწუნებენ. 

ტექნიკური მხარის გაუმართაობის გამო, ხშირად ეთერში შეცდომები იპარება, რაზეც ბიზნესმენს საკმაოდ მძიმე რეაქცია აქვს. მაგალითად, ეთერში შესვლისას წამყვანი საუბრობს პირად საკითხებზე და არ უსმენს პროდიუსერს, რომელიც „ყურში უზის“. სოციალურ ქსელებში კი, ქილიკის თემა გახდა „მატრიცას“ წამყვანის გოგი ახალკაცის ჰალსტუხი. 

  „მეცხრე არხის“ მუშაობით უკმაყოფილო არიან „ქართულ ოცნებაშიც“.„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძეს განაწყენება არც დაუმალავს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის საგაზეთო „ომის“ შემდეგ, კობახიძემ ივანიშვილის ინტერვიუს გამართლება სცადა და ამისთვის ყველაზე ხელსაყრელად „მეცხრე არხი“ ჩათვალა. თუმცა,  მანანა კობახიძის ინტერვიუ „დაჭრეს“. კობახიძეს ეს საეჭვოდ მოეჩვენა. 

ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტელევიზია რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვოს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას არხის გენერალურ დირექტორთან, კახა ბექაურთან შევეცადეთ, თუმცა  კომენტარზე უარი განაცხადა. 

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ოლიგარქმა ტელევიზიის ხელმძღვანელობას გარკვეული დრო მისცა და ამ დროში უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც ჯერ კიდევ არსებობს ტელევიზიაში. საუბარია კახა ბექაურსა და გოგი ახალკაცს შორის დაპირისპირებაზეც. ბექაური ახალკაცის მუშაობით უკმაყოფილოა. ამას გარდა, მისმა „მატრიცამ“ არც ისე დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, რის გამოც შესაძლოა  „მატრიცა“ საერთოდ გაქრეს.