დავით კაკაბაძის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა
09:51:50     10-05-2012
ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი დავით კაკაბაძე დაიბადა 1889 წლის 8(20) აგვისტოს, სოფელ დიდი კუხში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი).
კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.