
პუტინი 60-80-ზე და მედვედევი რულონებით
09:49:54     10-05-2012
პოპულარობის საზომი კი ჩინოვნიკების კაბინეტებში დასაკიდებელი დიდ-პატარა სურათებია, რომლებსაც ჩეჩნეთში, გარკვეული პერიოდულობით, ბითუმად იძენენ ხოლმე. ბოლო შეკვეთისას, ჯერ კიდევ პუტინის გაპრეზიდენტებამდე, გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი საშუალო სიდიდის შენობის გასაფორმებლად გროზნოში, კადიროვის 14, პუტინის - 12, მედვედევის კი მხოლოდ 2 პორტრეტი შეუკვეთეს.
ეს ტრადიცია კადიროვმა დაამკვიდრა, როცა 2007 წელს „ისტორიული სიტყვა“ წარმოსთქვა, რომ „პუტინმა ჩეჩნებს მეორე სიცოცხლე აჩუქა და ამ ადგილზე ის ალაჰმა დანიშნა!“.
ამის შემდეგ კადიროვის ხელქვეითების კაბინეტებში რა ზომის პუტინს არ ნახავთ. პუტინი 1,5-2-ზე, პუტინი 60-80-ზე…
ალაჰის „დანიშნულის“ პორტრეტების შეძენა სავალდებულოა რაიონული ადმინისტრაციებისთვისაც. ეს ის საკითხია, რაშიც ფულის ხარჯვა ჩეჩნეთში არც ეშინიათ და არც ენანებათ, „რადგან ხალხი უნდა იცნობდეს თავის ლიდერებს“.
პუტინ-კადიროვის ფოტოგალერეა ჩეჩენმა ჩინოვნიკებმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაახლეს. მათთვის სავალდებულო არაა კაბინეტში ეწყოთ, მაგრამ ტურისტების მისაზიდად, რუსეთში, წინასაარჩევნო პერიოდში, ქუჩის დახლებზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო რუსული მატრიოშკები, ოღონდ, თავსაფრიანი წითელლოყება სახის ნაცვლად მატრიოშკებიდან პუტინი და მედვედევი იმზირებოდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ რეკლამამ ეჭვებიც კი გააჩინა, რომ ზოგადად, რუსეთის პრეზიდენტებს მატრიოშკების დამამზადებლები არჩევენ და ირჩევენ, რადგან 189- სანტიმეტრიან ელცინში პუტინი, 176 -სანტიმეტრიან პუტინში კი 162-სანტიმეტრიანი მედევედევი სწორედ მატრიოშკას პრინციპით თავსდებიან.
რა ბედი სწიეს მედვედევისა და პუტინის გამოსახულებებმა მატრიოშკების ბიზნესს, ჯერ უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ტანდემი, გობელენების ბიზნესის კრიზისული პერიოდების გამოსავალია-ხოლმე. სწორედ „პუტინ-მედვედევით“ ჭამენ პურს პეტერბურგის გობელენის ქარხანა „უზორის“ თანამშრომლები, რომლებიც კონკრეტულად „პუტინს“, უკვე 12 წელია ყიდიან.
„პუტინიან გობელენებს ყველაზე კარგად იღებენ. სულ 10 ათასი ვვპ (ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი) გაიყიდა, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი. კლიენტებს შორის, ამ შემთხვევაშიც, უმრავლესობა სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან. როცა პრეზიდენტი მედვედევი გახდა, ქარხანა ბევრს ეცადა ფერადი „მედვედევები“ გამოეშვა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს. ასევე, უარი თქვეს, ტანდემის რულონებად გამოშვებაზე, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა შემკვეთმა მედვედევისა და პუტინის გამოსახულებიანი გობელენის რულონის ყიდვა და მისი სკამებზე გადაკვრა დააპირა. ამის შემდეგ დიმიტრი ანატოლევიჩსა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ცალობით უშვებენ და ყიდიან.
ქარხანა „იმპერია სტილი“ კი ტანდემის სურათებიან კედლის ხალიჩებს ეკოლოგიურად სუფთა მასალით ამზადებს და ევროებზედაც ჰყიდის. მისი ძირითადი კლიენტები ძალოვანი ჩინოვნიკები არიან. პოლიტიკურ შარში, ერთხელ, კინაღამ, ეს ქარხანაც გაება, როცა ერთ-ერთმა შემკვეთმა არა კედლის, არამედ პუტინისგამოსახულებიანი იატაკის ხალიჩა მოითხოვა. რა თქმა უნდა, შეკვეთის შესრულებაზე უარი უთხრეს.
პუტინი, ზოგადად, რუსეთში არაერთი მეწარმის შთაგონების წყაროა. მაგალითად, ჩელიაბინსკელმა ნიკოლაი ეგოროვმა გამოიყვანა პომიდვრის ახალი ჯიში „პუტინი“, იმავე ჩელიაბინსკში კი სტუდენტებმა კაფე „პუტინი“ გახსნეს, სადაც იყიდებოდა მწვადი „ხელისუფლების ვერტიკალი“, ბურახი „საპრეზიდენტო“ და რძის კოქტეილი „როცა ვოვა პატარა იყო“.