
ივანიშვილის ამბორი პუტინს...
16:55:49     09-05-2012
პუტინი მესამედ გახდა პრეზიდენტი, მისი სამხრეთელი მიმდევარი კი, ამაოდ და უნიათოდ ცდილობს მიმდინარე წლის ბოლომდე, საპრემიერო ტახტრევანზე აბობღებას.
იმპერიის გამგებლის პირველივე განკარგულება, მეზობელ პატარა ქვეყანას შეეხებოდა, კერძოდ, მის ოკუპირებულ ტერიტორიებს. ატომური სადავეების მპყრობელი „ზესახელმწიფოსთვის“, ძველი „კაგებეშნიკის“ მმართველობის პირობებში, საქართველო კვლავ პრიორიტეტად და ნომერ პირველ მტრად რჩება. ეს გემრიელი ლუკმა კრემლის მესვეურებმა ვერაფრით გადაყლაპეს, ამიტომაც მთელი თვალი და ყური, სწორედ სამხრეთის მიმართულებით აქვთ მოპყრობილი.
აქ კი კრემლის ლამის ოფიციალური წარმომადგენლობა, მილიარდერ ივანიშვილის, მისი თანამეცხედრის და მთელი „გუნდის“ თაოსნობით, ნატოს და „მასონების“ მოწინააღმდეგეებით, ღია თუ ფარული რუსეთუმეებით, ძველი ინტელიგენციით, სსრკ-ს ნოსტალგიით შეპყობილებით და მთელი ჭრელა-ჭრულა ბრბოთი, თავის მხრივ, ჩრდილოეთისკენ იმედის თვალით იყურება.
მათი პოზიციები უსუსური და მყიფეა, თუმცა, ეს ყველა პრორუსი პოლიტიკოსის ხვედრია საქართველოში. კრემლში ეს შეუძლებელია არ იცოდნენ, მაგრამ პოზიციების დათმობა ჯიუტად არ სურთ: იქნებ ერთხელაც მათთვის გაუვარდეს „ავრორას“ და სასურველი შედეგი მიიღონ - ამ იმედით კრემლი კვლავ თავდაუზოგავად ეპოტინება პატარა მეზობლის მცირე მოცულობის ტერიტორიას, რომელიც უკვე საუკუნეებია ასე მნიშვნელოვანია ბალტიიდან ციმბირამდე გადაჭიმული იმპერიისათვის.
დღიდან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისა, მილიარდერმა ძირითადი პრინციპები თავის სამოქმედო გეგმაში (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ იმ ქაოსს, რაც ოლიგარქ-პოლიტიკოსის ირგვლივ ტრიალებს) ათასჯერ შეცვალა.
პირველი გულწრფელობის, საერთაშორისო დასავლური, დემოკრატიული ინსტიტუტების, ნატოს, სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის კრიტიკის და სხვა გაუზრებელი ნაბიჯების შემდეგ, ოლიგარქმა ეშმაკობა ისწავლა, უფრო სწორად, კარგად დაფინანსებულმა იმიჯმეიკერებმა როგორც იქნა დააჯერეს, რომ რეალური ზრახვების გამჟღავნება საჯაროდ არ ღირდა.