გურიის უდაბნოს სავანე

  10:03:41     09-05-2012

გურიის უდაბნოს (უდაბნო - უდაბური, კაცთაგან მიუვალი ადგილი) წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ შუა ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო, კერძოდ, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე, საიდანაც თვალწილ იშლება მთელი სამხრეთი გურია, თავისი განუმეორებელი სილამაზით, მდინარეებით - ბჟუჟითა და სუფსით. ნაწილობრივ მოჩანს აჭარა-გურიის ქედი, მის ქვემოთ ხინოს მთა, კიდევ უფრო ქვემოთ კი - ჭახათი მრისხანე ელიას ციხით.

უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი უძველესია გურიაში. იგი ორ ეკლესიას მოიცავდა. კლდეში გამოკვეთილი იყო ბერების სენაკები, რის გამოც მას გურიის ვარძიას უწოდებდნენ. უდაბნოს კლდოვან ნაპრალებში თუ ქვაბულებში მოსაგრე დაყუდებულ მამებს, სოფლის ხანდაზმული მოსახლეობა სიყვარულით იხსენებს და მათ გურულ დიალექტზე მწოლელა, მჩოქელა და მდგომელა ბერების სახელებით იხსენიებს.

განსაკუთრებით საინტერესოა კლდეში ნაკვეთი ეკლესია. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ტაძარი მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.

საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, მატათამ, სვიმონ კანანელმა, ბართლომემ და თადეოზმა. I-II საუკუნეებში საქართველოში უკვე იყო საეპისკოპოსოები (აწყური, ფაზისი და სხვ.). 325 წელს კი ქ.ნიკეაში (მცირე აზია) პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ესწრებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთ საქართველოში პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული თემები არსებობდა. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, გურიის უდაბნოს სავანეში სასულიერო მოღვაწეობა მეექვსე საუკუნეზე ადრე დაწყებულიყო.

კლდეში ნაკვეთი ეკლესიის შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი. ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი. საკურთხეველი ქვისაა. აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა.

რაც შეეხება მეორე ეკლესიას - ის იყო ლამაზი, საკმაოდ ვრცელი, თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, დარბაზული ტიპის. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ 1858 წ. წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას წინამძღვრობის დროს (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი).

უდაბნოს წინამძღვართან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: იოსებ ტუსკია, არსენ გამყრელიძე, გაბრიელ ტუსკია და პორფილე ქოჩაკიძე.

იოსებ ტუსკია ცხოვრობდა გურიელების მამია IV-ისა, გიორგი V-ისა და ვახტანგის დროს. ის თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ყველაზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა მთელს იმერეთსა და გურიაში. არსებობს ორი საბუთი, რომელიც გიორგი V გურიელმა უბოძა მას: პირველი - 1774 წ., მეორე - 1776 წ.

ამ საბუთების მიხედვით იოსებ ტუსკია აღიარებულია ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად და საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად და მეომოფრედ. ასევე არსებობს აფხაზეთის კათოლიკოს მაქსიმეს 1777 წ. ინსტრუქცია უდაბნოს მამა იოსებისა და ერკეთის წინამძღვარ ბესარიონისადმი. ამ ინსტრუქციით: მათ ევალებათ მოიხილონ გურიის ეკლესიები და თვალყური ადევნონ მათ კეთილსახიერებას და ასწავლონ მღვდლებს მათი მოვალეობა.

უდაბნოს სავანე ქართული კულტურის კერა იყო. მონასტერში იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები და მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება. მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები. მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოსებ ტუსკია იყო შემოქმედის გულანის ერთ-ერთი გადამწერი (გულანის სახელით საქართველოში ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წლის ყველა დღისა და დღესასწაულისათვის დადგენილი საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, სამოციქულოები, მარხვანი, ფსალმუნი, ჟამნი, სვინაქსარი, ჰომილიები, წმიდათა ცხოვრება, ტიპიკონი, წიგნი საწინასწარმეტყველოთა და სხვ. შემოქმედის გულანი 1004 ცალ ძალზე სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავს და ორ ფუთს (32 კგ.) იწონის. მასში მრავლადაა გამოსახული წმინდანები სახარებისეული სცენებით. შემოქმედის გულანში ყველაზე მნიშვნელოვანი მინაწერია ისტორიული ამბების ნუსხა კინკლოსის წლებს შორის, რომელიც მოიცავს XVI-XVIII სს. გადამწერები არიან: ათანასე ქავჟარაძე, მთავარდიაკვანი იოანე, მღვდელი საბა და არქიმანდრიტი იოსებ ტუსკია. შემოქმედის გულანი დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში. გურიის ეკლესია-მონასტრებში მრავლად იყო გულანები. საქართველოში მოგზაურობისას XVII ს. მოღვაწე ანტიოქიის პატრიარქი მაკარი ანტიოქიელი მიუთითებდა, რომ საქართველოს ეკლესიებს ჰქონდათ გულანები. სხვა ეკლესიას გულანის მსგავსი კრებული არ გააჩნია, აღნიშნავდა კ.კეკელიძეც).

წმ. იოანე ნათლისმცემლის უდაბნო მდიდარი მონასტერი იყო. მას ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. სწორედ აქ, 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა და ბერებისაგან აღებული თანხმობის შემდეგ, თბილისში ჩამოიტანა მრავალთავი, რომელიც ამჟამად ცნობილია უდაბნოს მრავალთავის სახელით (მრავალთავი სხვადასხვა ხასიათის თხზულებათა კრებულს ეწოდება. უდაბნოს მრავალთავში, რომელიც ბედად გადაურჩა განადგურებას, ბევრი უნიკალური თხზულებაა დაცული. იგი მოამზადა და გამოსცა უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრამ ა.შანიძის ხელმძღვანელობით). მისი გადაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით ის IX საუკუნეს მიეკუთვნება.

პირველი ცნობა უდაბნოს მრავალთავის შესახებ ეკუთვნის ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს, რომელმაც იმოგზაურა გურიასა და აჭარაში. უდაბნოს მონასტერში მას უნახავს ძველი ხელნაწერების ბიბლიოთეკა, რომელთა შორისაც ყოფილა სახარების იოანე ოქროპირის თარგმანები და მეტაფრაზი ანუ წმიდათა ცხოვრება. ორივე იყო ნაწერი მაღალხარისხოვან სქელ ეტრატზე. ხელნაწერები აღმოჩნდა ძალიან ძველი, მაგრამ იმის გამო, რომ დასაწყისი და დასასრული არც ერთს აღარ მოეპოვებოდა, მათი გადაწერის ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელნაწერი, რომელიც დიმიტრი ბაქრაძემ უდაბნოს მონასტერში აღმოაჩინა, იყო უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი.

უდაბნოს მრავალთავს საპატიო ადგილი უკავია ქართულ მრავალთავებს შორის. იგი არ ჩამოუვარდება უძველეს ქართულ ხელნაწერს - 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს (სინური მრავალთავი 864 წ. გადაიწერა იერუსალიმში, წმიდა საბას ლავრაში და შესწირა სინას მთას წმ.გრიგოლ ხანძთელის ნამოწაფარმა მაკარი ლეთეთელმა. იგი დღესაც სინას მთაზეა დაცული). ხელნაწერს ბევრი ფურცელი აკლია. დროთა სიავეს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია მრავალთავის 179 ფურცელმა.

უდაბნოს მრავალთავი 46 ძეგლს შეიცავს, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ორმეოცთა წამებაჲ“, „საკითხავი ხსენებისა წმიდისა ბასილი მთავარეპისკპოსისაჲ“, „თქმული იოანე ოქროპირისაჲ“, „აბო ტფილელის წამებაჲ“, „სწავლაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისაჲ ჩუენისაჲ ანტონისი“, „გამოცხადება წმიდისა ჯუარისაჲ ზეცით“, „პოვნაჲ პატიოსნისა ჯუარისა“, „პოვნაჲ სამჭუალთაჲ წმიდისა ჯუარისაჲ“ და სხვ.

როგორც უდაბნოს წიგნების აღწერილობიდან ჩანს, მონასტერს გარდა უნიკალური მრავალთავისა (IX ს.), იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებულისა (XII ს.) სხვა ხელნაწერებიც ჰქონია.

უდაბნოს ნაბეჭდი წიგნების მნიშვნელოვანი ფონდი გააჩნდა. ეს წიგნები სხვადასხვა დროს შეუწირავთ იმერეთის მეფეებს, დედოფლებს, კათოლიკოსებს და სხვებს: დავითნი შეუწირავს იმერეთის მეფეს სოლომონს პირველს (1751-1784 წწ.), პარაკლიტონი, სამოციქულო, სახარება, ცხრა ნეტარების და სხვ. - იოსებ კათოლიკოს (1767-1776 წწ.). აქვე ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.). იგი ოქროთი მოვარაყებულ ხავერდის ყდაშია ჩასმული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

უდაბნოს მონასტერს საეკლესიო მუზეუმისთვის გადაუცია მრავალი საეკლესიო ნივთი. მათ შორის გამოირჩეოდა ბრწყინვაე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები (გაზეთი ივერია, №68, 1889).

უდაბნოს მონასტერი ფლობდა ყმა-მამულებს არა მარტო საერისთაოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც - ჩრდილო-დასავლეთ გურიაში (სოფ. ჩოჩხათი), საჯავახოში (ტოლები), ოდიშში (საჭილაო), იმერეთში და სხვ.

უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი ასევე ცნობილი იყო თავისი საგანმანათლებლო მოღვაწეობით. წინათ სოფლებში სკოლები არ იყო და მსურველები აქ იძენდნენ განათლებას, სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა. დიმიტრი ბაქრაძეს უდაბნოს სავანეში უნახავს ათამდე ბიჭი, რომლებიც წერა-კითხვას ეუფლებოდნენ. სკოლას ხელმძღვანელობდა მამა პორფირე (ქოჩაკიძე). სხვათაშორის აქ სწავლობდა ცნობილი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის ძმა და ბიძა.

ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა რა დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია, ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს ეკლესიას, არბევდა მონასტრებს, ხვრეტდა ბერებს. XX საუკუნის შუა წლებში საქართველოში მოქმედი მონასტერი თითქმის აღარ არსებობდა. უდაბნოს მონასტერმა მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება. უკანასკნელი მამების ილარიონის, გიორგისა (მამა გიორგი მოკლეს) და დიაკონი ისიდორეს (ყაჭეიშვილი) გარდაცვალების შემდეგ მონასტერი კომუნისტების მიერ გაიძარცვა. განადგურდა ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი.

50-იან წლებში, უღმერთო ხელისუფლების მიერ დაინგრა უდაბნოს შედარებით ახალი, მეცხრამეტე საუკუნის დარბაზული ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის მხოლოდ ორი კედელიღაა შემორჩენილი და ისიც უკვე სანახევროდ ჩამოშლილი, ის მაინც ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ სიდიადეს.

შეჰყურებ ტაძრის ნახევრად დანგრეულ კედლებს და ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს იგი მოთმინებით ელის ჩვენს მონანულ გულებს, რათა სინანულის ცრემლით აღვსილნი, სიყვარულით გულში ჩაგვიკრას და განგვანათლოს იმ დაუღამებელი ნათლით, რომლითაც აღსავსეა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.

სავანეში მოღვაწე სასულიერო პირთა შესახებ მწირი ისტორიული წყაროებია შემორჩენილი. უცნობია საუკუნეების მანძილზე აქ მოსაგრე ბერების სახელები. არა და, ვინ იცის, რამდენ წმიდა მამას უღვაწია ამ დიდებულ სავანეში.

გთავაზობთ, 1846-1921 წლებში, სავანეში მოღვაწე წინამძღვრების ქრონოლოგიურ რიგს.

    არქიმანდრიტი გაბრიელი (ტუსკია) - ?-1846-1856 წწ.

    შემდგომში გურიის ეპისკოპოსი - 1860-1882 წწ.

    არქიმანდრიტი თომა - 1857-1885 წწ.

    არქიმანდრიტი გერასიმე - 1886-1900 წწ.

    არქიმანდრიტი არსენი - 1901-1921 წწ.

უდაბნოს მონასტრის წმიდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

გურიის უდაბნოს მამათა მონასტრის

წინამძღვარი მამა მარკოზი (გურგენიძე)

 და ჯუმათის მამათა მონასტრის იღუმენი

მიქაელი (მეგენეიშვილი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით და დაუღალავი ღვაწლით დაიწყო ათეისტურ პერიოდში დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლება, რასაც მოჰყვა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინება.

XX ს-ის მიწურულს უდაბნოს მღვიმე ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება. ტაძარში დაიდგა კანკელი. სამრეკლოს ზარები შემოსწირა ქალბატონმა დარეჯან მიქაბერიძემ. პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა არქიმანდრიტმა ანდრიამ (კბილაშვილი).

2001 წელს შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით უდაბნოში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. აიგო ბერების საცხოვრებელი. მონასტრის წინამძღვრად განაწესეს იღუმენი პეტრე (ანდღულაძე).

2005 წლის მარიამობის წინა დღეს 27 აგვისტოს მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით დაიწყო უდაბნოს დანგრეული ტაძრის აღდგენა. ამავე წლის ოქტომბერში უდაბნოს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მამა მარკოზი (გურგენიძე).

წყარო