საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს (ვიდეო)

  16:11:27     08-05-2012

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური ISAF -ის მისიისათვის, ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისათვის დააჯილდოვა. მედლები მათ, ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაჭრილმა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ტუღუშმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია საზღვაო ქვეითთა კორპუსის უსაფრთხოების თანამშრომლობის ჯგუფის ერთობლივ საექპედიციო ბაზა „ფორტ სტორი“-ზე, ვირჯინიაში გაიმართა.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ: პოლკოვნიკი ქრისტოფერ მაკკარტი, ვიცე-პოლკოვნიკი დანიელ თოელე, მაიორი ჯოშუა ანდერსონი, კაპიტანი არლონ სმიტი და შტაბის სერჟანტი ევერეტ ბრაუნი. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო გადაეცა მეორე კლასის უნტერ ოფიცერს რაიან ტილეის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადების პროგრამის განვითარებაში.

ISAF – ის მისიისათვის გადასროლის წინა მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) წვრთნისა და აღჭურვის მისიაა, რომელის ფარგლებშიც ავღანეთში გაგზავნამდე ოთხი ქართული ქვეითი ბატალიონი მომზადდა.