
ქილაში გამომწყვდეული ცოლ-ქმარი
14:48:52     08-05-2012
ივანიშვილი და მისი თანამეცხედრე - "ჩემი ეკა" სულ რამდენიმე თვეა რაც საჯარო პირები გახდნენ, თუმცა, საზოგადოებაში ინტეგრირება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ეს ორი პერსონა, ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა ხალხის წინაშე - ძირითადად, პარტიულ ყრილობებზე, ერთ-ორჯერ საკუთარ სახლში, ძველი ინტელიგენციის გარემოცვაში.
პერიოდულად, სოციალური ქსელების მეშვეობით, საკუთარ ოჯახურ ფოტოებსაც ავრცელებენ, სადაც სახეზე ასახული ფართო ღიმილით, იმის დამტკიცებას ცდილობენ, თუ რა თავისუფლები და ბუნებრივები არიან.
თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილებმა, აგერ, ამ დრომდე, მიუხედავად მათი უკიდურესად „ხალხური“ იმიჯისა, ხალხამდე მისვლა ვერ მოახერხეს. მიზეზი ალბათ მარტივია: ცოლ-ქმრის ყოველ ნაბიჯს, მიმიკას, ჟესტს, მეტყველების მანერას, გამოსვლას უკიდურესი შეზღუდულობა, დაკომპლექსებულობა ეტყობა.
როგორც ჩანს, წლობით, საკუთარ ქილა-სასახლეში გამოკეტილმა, გარიყულმა ცხოვრებამ მათ ფსიქიკას თავისი დაღი დაასვა. დაკომპლექსებული ცოლ-ქმარი, უზარმაზარი ბიუჯეტით, სოციოლოგებით და ფსიქოლოგებით გარშემორტყმული, ამაოდ ცდილობს იმ ბარიერის გადალახვას, რაც მათსა და საზოგადოებას შორის არსებობს.
საკუთარ თავში ჩაკეტილი მილიარდერი წყვილი, ვერაფრით ეგუება საჯაროობას. მათი ყოველი მოძრაობა იმიჯმეიკერების მიერაა გათვლილი. გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საკუთარ მხარეში, ფეხბურთის მატჩზე - ყალბი, დამუშავებული ემოციები და ღიმილი, საგანგებოდ შერჩეული „ხალხური“ ტანისამოსი, კუბოკრული პერანგი, მხრებზე ვითომ დაუდევრად შემოგდებული წითელი მოსაცმელი, რომელიც ჩაჰალსტუხებული დაცვის ფონზე მეტად კურიოზულად გამოიყურებოდა.
ივანიშვილები მიკროფონებთან, ჟურნალისტების წინაშე ყოველთვის იძაბებიან და ანალოგიურ მდგომარეობაში ვარდება მათი გარემოცვაც. აშკარაა, რომ თავადაც გრძნობენ ამას და მათ ირგვლივაც ყველა იმას ფიქრობს, ახლა რა მორიგი შეცდომის დემონსტრირებას მოახდენს ოლიგარქი, რომელმაც პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ვერ შეძლო და კვლავ "ფულის ტომრად" აღიქმება.
ერთადერთი საშუალება მათთვის ინტერნეტია, სადაც წყვილი თავს შედარებით გახსნილად გრძნობს... ამიტომაც არის აქცენტირებული „მომავალი პრემიერი“ ვირტუალურ ცხოვრებაზე და რეალურ ადამიანებს, რეალურ ცხოვრებაში მაქსიმალურად გაურბის...