
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
12:14:45     08-05-2012
პროექტის პირვანდელი ვარიანტით, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შესულიყო, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს - საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. თუმცა, პროექტის საყოველთაო განხილვების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ცვლილებების დაზუსტება გადაწყვიტა, რის გამოც, პროექტში რიგი საკითხები კონკრეტდება.
კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე - საქართველოში დაბადებულ პირებთან დაკავშირებით, ცვლილების შესაბამისი მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა. ანუ, საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, რომელიც მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და საქართველოში ათი წელი მაინც უცხოვრიათ, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლება ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ. ძველი ნორმით კი, მათ მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება ჰქონდათ, რომლის მიხედვით, პირს არჩევნებში მხოლოდ კენჭისყრის შესაძლებლობა ექნებოდა.
ამას გარდა, ასევე ახალი რეგულაცია გაჩნდა, რომლის თანახმად, ასეთი უფლებების მოპოვებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს. აღნიშნული მუხლი კი, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე იმუშავებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება და არ არის გამორიცხული, რომ პროექტმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადოს. კერძოდ, კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლში ორმაგი მოქალაქეობის მქონე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალება იყოს - საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერ-მინისტრი.
მომზადებულ ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი „ლოგიკურად“ აფასებს და ამბობს, რომ სწორედ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ტარდება როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, დაგეგმილ არჩევნებში ჩართვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს, „მათ შორის მასაც მიეცემა, ვის მხვერპლად გადაქცევასაც ცდილობენ“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მომზადებულ პროექტს სამი მოსმენით განიხილავს და მისი მიღება მაისის ბოლომდე მოხდება. ცვლილებებით კი, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდება.