მარკოზ მახარებელი იესოს გაცემისას მისის მოწაფეების (მათ შორის საკუთარი თავის) შესახებ
08:39:36     08-05-2012
25 აპრილს (ახალი სტილით 8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მარკოზ მახარებლის ხსენების დღეს.
მარკოზ მახარებელი გახლდათ ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე, სამოცდაათაგანი. ის კარგად იცნობდა მაცხოვარს, იყო მის მიერ არჩეული მოწაფეთაგანი და შემსწრე იყო ბევრი მოვლენისა ან სხვა მოწაფეებისაგან, თვითმხილველებისაგან გადმოცემით იცოდა სხვადასხვა ამბები, რაც ხდებოდა მათ გარშემო. როგორც ზოგიერთი მამა წმინდა აღნიშნავდა, მარკოზ მახარებელი შეიძლება ყოფილიყო ის ჭაბუკი, რომელიც ცდილობდა იესოს დახმარებას მისი გაცემის დღეს. მარკოზის სახარებაში არის მონაკვეთი სადაც წერია: „და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი (მარკოზი, 14, 51-52)“. ამბობენ, რომ მარკოზმა აქ თავის თავზე დაწერა. ხოლო პერანგის ამარა გამოსვლა ნიშნავდა, რომ მარკოზი იქვე ცხოვრობდა და ხალხის ხმაურზე უფლის დასახმარებლად გამოვარდა სახლიდან.
მარკოზ მახარებელი გახლდათ ძალიან განათლებული პიროვნება, მისი თხრობა მარტივი და გასაგებია.
მარკოზ მახარებელი ლევიტელთა ტომიდან იყო წარმოშობით. მისი ებრაული სახელი იყო იოანე. მარკოზი ლათინური სახელია, რომელიც დაირქვა პეტრე მოციქულთან ერთად რომში გამგზავრების წინ. ასეთი რამ იმ დროს ხდებოდა ხოლმე.
ლუკა მახარებლის მიერ მოციქულთა საქმის აღწერიდან ვიცით, რომ მარკოზ მახარებლის დედას მარიამი ერქვა. მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ. მათთან შეეფარა თავი პეტრე მოციქულმაც, როცა ტყვეობას დააღწია თავი ანგელოზების დახმარებით - საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12: 11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა. 12. გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
44-45 წლებში იერუსალიმში ანტიოქიიდან მოციქულმა პავლემ და მოციქულმა ბარნაბამ, რომელი ნათესავი იყო მარკოზისი, ჩამოიტანეს შესაწევნელი და მერე ისევ უკან გაბრუნდნენ, თან გაიყოლეს მარკოზიც. ის მათ ახლდა მისიონერულ მოგზაურობაში.
მარკოზი თან გაჰყვა წმინდა პეტრე მოციქულს რომში. გაქრისტიანებულ რომაელებს არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ზეპირი გადმოცემები მაცხოვარზე და სთხოვეს მარკოზს აღეწერა ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა, რაც უნახავს თვითონ, გაუგონია პეტრესგან ან სხვა თვითმხილველებისაგან. მარკოზმა დაწერა სახარება. პეტრე მოციქულმა მოიწონა სახარება და მისი კითხვა ეკლესიებშიც დაიწყეს.
49 წელს ალექსანდიაში გაემგზავრა მისიონერული მიზნით. მანვე დაარსა ალექსანდრიის ეკლესია, რომლის პირველი ეპისკოპოსიც თვითონ იყო. იქვე დაარსა სახელგანთქმული ქრისტიანული სასწავლებელიც. 50 წელს დაესწრო მოციქულთა კრებას. შემდეგ ისევ მისიონერობდა... გადმოცემით, არა ერთი სასწაულიც მოახდინა.
68 წლის 25 აპრილს ალექსანდრიაში წარმართმა ქურუმებმა წამებით მოაკვლევინეს წმინდა მარკოზ მახარებელი.
როგორც ვთქვით, (მარკოზი თავის სახარებაში, 14, 51-52, შესაძლოა საკუთარ თავზე წერდეს. სახარების ამ მონაკვეთში მაცხოვრის მოწაფეები დაბნეულები (შესაძლოა შეშინებულნის) იყვნენ. ამის შესახებ გვიამბობს მარკოზი. თუმცა მერე, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდგომ, ქრისტეს მოწაფეებმა, როგორც ათთორმეტმა, ისე სამოცდაათმა, ღირსეულად მოჰფინეს ქვეყანას მაცხოვრის სიტყვები და წამებულის სიკვდილითაც აღესრულა აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი, ისევე როგორც მახარებელი მარკოზი.
სახარებაჲ მარკოზის თავი
9
43. და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
44. ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად.
45. და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას.
46. ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი.
47. და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.
48. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა.
49. დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.
50. მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.
52. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.
53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.
55. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს.
56. რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.
57. და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,
58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი.
59. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.
60. და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?
61. ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?
62. ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
63. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?
64. გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა.
65. და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.
66. და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ.
67. და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.
68. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.
69. და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.
70. ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.
71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.
72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.