
გუანტანამოში, 11 სექტემბრის ტერაქტში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო
20:46:58     07-05-2012
2009 წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მათი ამერიკის სამოქალაქო სასამართლოში გასამართლების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი ასეთ სცენარს მიუღებლად თვლიდა, რადგან აღნიშნული პროცესი ქვეყნის უშიშროებისთვის სერიოზულ საფრთხედ მიაჩნდათ. შესაბამისად, 2011 წლის აპრილში თეთრმა სახლმა ეს გეგმა უარყო.
პირველივე სასამართლო პროცესი სკანდალურად დაიწყო. ჰალიდ შეიხ მოჰამედმა სპეციალური აპარატურა მოიხსნა ყურებიდან, რომლითაც თარგმანისთვის უნდა ესმინა. ასეთი მეთოდით მან თავისი უნდობლობა დააფიქსირა „არასამართლიანი“ სასამართლოს მიმართ.
პროცესი დახურულია და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვით მიმდინარეობს. დარბაზში ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავებიდან სულ 6 ადამიანი იმყოფება. მათ ეს უფლება კენჭისყრის შედეგად მოიპოვეს.
ჰალიდ შეიხ მოჰამედს, ასევე, ბალიდ ბინ ატაშს, რამზი ბინ ალ-შიბჰას, ალი აბდაზი ალისა და მუსტაფა ალ ჰავსავის ბრალი 2011 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და შესრულებაში ედებათ. ამ ტერაქტების შედეგად, 2976 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმრავლესობა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ე.წ. ტყუპების ცათამბჯენებში, სადაც ოთხი გატაცებული თვითმფრინავიდან ორი მათგანი შეიჭრა.
წაყენებული ბრალდება, ასევე, ტერორიზმის, თვითმფრინავების გატაცების, დანაშაულებრივი შეთქმულების, მკვლელობსა და ქონების განადგურების საქმეს ითვალისწინებს.
პროცესს აშშ-ის არმიის პოლკოვნიკი ჯეიმს პოლი ატარებს. სამხედრო პროკურორები აპირებენ სიკვდილით დასჯის განაჩენს მიაღწიონ.
სასამართლომდე, რამზ ბინ ალ-შიბჰას ადვოკატმა ჯიმ ჰერინგტონმა „ასოშეიტედ პრესისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადრე „ამაყობდა“ ამ თავდასხმაში საკუთარი როლით, ახლა ის არ აპირებს დამნაშავედ სცნოს თავი. „მეეჭვება, რომ რომელიმე მათგანმა აღიაროს დანაშაული“ - განაცხადა მან.
მეორე ადვოკატმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა,სასამართლო პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გაიწელოს.
ჰალიდ შეიხ მოჰამედი პაკისტანური წარმოშობისაა, მაგრამ კუვეიტშია დაბადებული. ის პაკისტანში დააპატიმრეს, 2003 წელს კი გუანტანამოს ციხეში გადაიყვანეს. 2008 წელს ის ამბობდა, რომ აღიარებდა დანაშაულს. პენტაგონის წარმომადგენლებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მან თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო.
ამერიკის პროკურატურის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ შეიხ მოჰამედმა, 11 სექტემბრის ტერაქტის გარდა, სხვა ტერაქტებიც აღიარა. კერძოდ, საუბარია, 2002 წელს ბალის ღამის კლუბში და 1993 წელს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებებზე, პაკისტანში ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის მკვლელობასა და 2001 წელს ჩაშლილი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაზე.