„მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია, განსაზღვრულ ვადებში ვერ განხორციელდება“

  14:18:09     07-05-2012

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, კომიტეტი, „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტის განხილვას აპირებს და მის გეგმებში, ჩრდილოეთ კავკასიაში შემავალი რომელიმე რესპუბლიკის გენოციდის აღიარება არ შედის. რაც შეეხება მაჰმადიანი მესხების საქართველოში რეპატრიაციის პროცესს, წიკლაურის განმარტებით, ვალდებულების მიხედვით, ეს პროცესი 2013 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადები სავარაუდოდ, დაირღვევა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ამ ხალხის რეპატრიაციისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა დროულად არ დაიწყო. კავკასიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქართული მხარის პოზიციების შესახებ - პრესა.ჯი ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

- ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, კომიტეტი  ჩრდილოეთ კავკავსიაში შემავალი რომელიმე რესპუბლიკის გენოციდის აღიარებას ხომ არ აპირებს?

- ამ წუთას, რომელიმე რესპუბლიკის გენოციდის აღიარება აქტუალური არ არის და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, დღის წესრიგში უახლოეს მომავალში არ დადგება. ჩვენი მუშაობა სულაც არ არის შემოფარგლული გენოციდების აღიარებით, რადგან ეს ჩვენს კავკასიურ პოლიტიკას დაავიწროვებს. გასულ წელს, ჩერქეზების გენოციდი ვაღიარეთ, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელმაც ქართულ და ჩერქეზულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენაში დადებითი როლი შეასრულა, თუმცა, ამ საკითხის განხილვა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და გადაწყვეტილებაც დიდი შრომის შედეგად იქნა მიღებული.     

- საქართველოს ტერიტორიულ შემადგენლობაში შემოსვლასთან დაკავშირებით, პარლამენტს, გასულ წელს, დიდოელებმა წერილობით მომართეს, ამ საკითხზე, ქართული მხარე ფიქრობს?

- ვინც ამ წერილით მოგვმართა, ის ადამიანი დაღესტანში გარდაიცვალა. ეს პიროვნება, წერილში საუბრობდა ქვეყნებს შორის განათლებისა და  მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ასევე, რესპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე, რაც ძალიან ფაქიზი თემაა. საქართველოს განზრახვა აქვს, რომ მთელი კავკასიის პრობლემატიკა, როგორც საკუთარი პრობლემა ისე განიხილოს, მაგრამ ის რომ საზღვრები შეიცვალოს,  ამაზე საქართველოს არასოდეს ულაპარაკია. არსებული საზღვრების კონფიგურაციის  რღვევაზე ქართული მხარის მხრიდან საუბარი  არასოდეს არ იქნება, პირიქით, საქართველო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლია და ჩვენი ტერიტორია მოსკოვის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთს სწორედ იმიტომ ვუპირისპირდებით, რომ ის საერთაშრისო ნორმებს აარღვევს.  უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც, ეს მიმართვა მივიღეთ, მაშინვე განმარტება გავაკეთეთ, რომ ამ წერილს მომავალი არ ჰქონდა, თუმცა კულტურულ–ტრადიციებზე დაყრდნობით თანამშრომლობა გაგრძელდება და ამ კუთხით,  ჩვენი სტრატეგია „ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

- რაც შეეხება თურქი მესხების რეპატრიაციის საკითხს, ამ კუთხით რა ვითარებაა და რამდენმა ადამიანმა მიმართა საქართველოს?

- საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების თხოვნით მთლიანობაში 8 500 ადამიანმა მიმართა, ამ ეტაპზე, კი მხოლოდ 500-მდე დოკუმენტია განხილული. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ასეულობით ათასი ადამიანი შემოვიდოდა და ეს ქვეყნის დემოგრაფიულ და ეთნიკურ სურათს მთლიანად შეცვლიდა. თუმცა, საუბარია მხოლოდ 8 500 მაჰმადიან მესხზე. სახელმწიფოს მიერ წაყენებული პირობები მხოლოდ ამ რაოდენობის ხალხმა დააკმაყოფილა. მათი ჩვენს ქვეყანაში განსახლება რაიმე პრობლემას არ გამოიწვევს. მაჰმადიანი მესხების კომპაქტურად დასახლება არ მოხდება და ისინი სხვადასხვა ადგილებში გადანაწილდებიან. ვერ ვიტყოდი, რომ რეპატრიაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა ის გრძელდება და ვფიქრობ, საქართველოში ადამიანების გარკვეული რაოდენობა დაბრუნდება.

- საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების მიხედვით, რეპატრიაციის პროცესი 2013 წლამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, ეს ესწრება?

- მაჰმადიანი მესხების საქართველოში რეპატრიაციის პროცესი წესით, 2013 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულებები არა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ, არამედ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ აიღო, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნისთვის არაფერი გააკეთა, კანონის მიღება მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ვადები სავარაუდოდ, დაირღვევა, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია განსაზღვრულ ვალდებში ვერ განხორციელდება და ეს მხოლოდ იმ ადამიანების ბრალია, ვინც ამ ხალხის რეპატრიაციისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა დროულად არ დაიწყო.

- ცოტა ხნის წინ, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კავკასიაში რა საფრთხეები მატარებელია ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი?

- სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულმა დაპირისპირებებმა სახელმწიფოები უკიდურეს დასუსტებამდე მიიყვანა. საბედნიეროდ, იმ დროსაც კი, როდესაც, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის კონფლიქტი არსებობდა და პროცესები პიკზე იყო აქაურ სომხებსა და აზრბაიჯანელებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეას დაეფუძნოს, რაც იმას გულისხმობს, რომ უპირველესია  - მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. უპირველესი ქართველი არის ის, ვინც ქართული სახელმწიფოს ერთგულია. რა თქმა უნდა, მცდელობები ისე იქნება, როგორც აფხაზებისა და ოსების შემთხვევაში იყო, როდესაც, სურდათ  ქვეყნის დანაწევრება ეთნიკურ კონფლიქტად გაესაღებინათ. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსებმა ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირება შეძლეს, თუმცა, რუსეთის მმართველობას ბალტიისპირეთის  ქვეყნებმა თავი დააღწიეს. კრემლის დიდი სურვილი იქნება, რომ რაიმე სახით დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ არსებობს პოლიტკლასი, რომელთაც ესმით, რომ ამ ტიპის დაპირისპირება იქნება მოვლენა, რომელიც ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს მთლიანად შეარყევს. თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიტიკოსები მოიძებნებიან, რომლებიც დავალებით პროვოკაციას განახორციელებენ. ბაღათურიამ ამ ფაქიზი თემის  შესახებ იცოდა, მაგრამ დაპირისპირება მაინც გამოიწვია. ბაღათურიამ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია განახორციელა.

- სომხების გენოციდის აღიარების კუთხით, პარლამენტში მომართვების  რაოდენობა გაიზარდა

- სომხეთის დიასპორისთვის გენოციდის აღიარება ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს და ასე იყო ყოველთვის, რაც ბევრ რამეს უკავშირდება, ერთ-ერთია კომპესირება და ა.შ. საქართველოს აქვს მიდგომა, რომ რეგიონის ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა აქვს, გარდა რუსეთისა. ქართული მხარე იმის მომხრეა, რომ რეგიონის ქვეყნებმა საერთო ენა გამონახონ, ისტორიული პრობლემატიკა გადალახონ და ერთმანეთთან საუბარი ისწავლონ. ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირება რეგიონალურ კონფლიქტს გამოიწვევს, თვით საქართველოს შიგნითაც კი და ეს კავკასიის რეგიონს ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს. ვისაც ამ თემებით სპეკულაცია უნდა და საკითხის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს ან თემის სპეკულირებას შეგნებულად ახდენს,  ამით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს, თუმცა, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობით არის აღჭურვილი, რომ ცალკეული პროვოკატორების მცდელობები არ დაუშვან.