მოსკოვში 11 გვამი აღმოაჩინეს, ოპოზიცია კი რადიკალური აქციისთვის ემზადება

  11:57:30     07-05-2012

მოსკოვში გუშინდელი საპროტესტო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის შემდეგ ოპოზიციის გეგმები, დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შეიცვლება. ინტერნეტში ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქტივობა უკიდურესად გამძაფრებულია. შესაძლოა, დაგეგმილი მშვიდობიანი ფლეშ-მობი „თეთრი ქალაქი“ უფრო რადიკალური ფორმით ჩატარდეს. Twitter-ის რუსულ სეგმენტში სწორედ დღეს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის საათებში დაგეგმილ აქციაზე მსჯელობენ, რომელიც ახლა უკვე წუხანდელი დარბევის საპასუხო უნდა გახდეს.

სიტუაციის რადიკალური სცენარის განვითარებითვის ემზადებიან სამართალდამცველებიც. ქალაქში გამოყვანილია შინაგანი ჯარიც. პოლიცია  ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ჯგუფურად შეკრებებს კრძალავს. მანეჟის მოედანზე სამართალდამცველები უპრეცედენტო რაოდენობით არიან კონცენტრირებულნი, გადაკეტილია მეტროსადგურები „არბატსკაია“, „ოხოტნი რიად“  და „კროპოტკინსკაია“, სადაც პუტინის კორტეჟმა უნდა ჩაიაროს კრემლთან მისვლამდე. თუმცა მანეჟის მოედანზე აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი, დაახლოებით, 150-მდე ადამიანი, უკვე მოგროვდა, მათ ნელ-ნელა უერთდებიან, იქვე არიან საკმაო რაოდენობის ჟურნალისტებიც.

სრულიად გადაკეტილია კრემლისკენ მისასვლელი გზები. როგორც საიტი „კასპაროვ რუ“ წერს, ქალაქის ცენტრი ომონს აქვს ოკუპირებული, აქციების დასაშლელად მობილიზებულია წყლით სავსე მანქანები, ცაში კი ვერტმფრენები პატრულირებენ. პუტინის „კორონაციის“ წინააღმდეგ არა მარტო მოსკოვი ირაზმება. პარტია „დრუგაია როსიას“ პეტერბურგის განყოფილებამ „მილიონების მარშის“ გუშინ დაკავებული მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად მარინის სასახლესთან შეკრება გადაწყვიტა.

ინტერნეტში ასეთმა მოწოდებებმა პიკს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, მოსკოვში ამ დილით, ცენტრალურ ქუჩებში უკვე დაიწყო დაკავებები. პოლიცია ამას იმით ხსნის, რომ ანტიპუტინისტების შეკრება მოძრაობას აფერხებს. მიკრობლოგებში ნაციონალნაიას რაიონში უკვე 10 დაკავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ომონი ყველას ავტობუსებში ყრის - წერენ ბლოგერები. მიუხედავად ამისა,  Twitter-ში მოძრაობა „სამართლიანი არჩევნებისათვის“ იტყობინება, რომ ამ დროისათვის აქტივისტები პუშკინის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც ტვერის ქუჩით კრემლისკენ გაემართებიან. ბოლო წუთებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინდელი „მილიონების მარშის“ შემდეგ ქალაქში 11 გვამია აღმოჩენილი.