რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მრევლისგან სავალდებულო გადასახადი მოითხოვა

  21:03:27     05-05-2012

როგორც ჩანს, რუსეთის საპატრიაროქში უკვე დათვალეს და გადასახადის ოდენობაც გამოიყვანეს, - მრევლის შემოსავლის მეათედი. სწორედ ეს წილი დაასახელა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვსევოლოდ ჩაპლინმა, როცა მრევლს ეკლესიის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

მისი შეხედულებით, ის, ვინც ამ პასუხისმგებლობას არ აიღებს, მოწრმუნედ არ შეიძლება იწოდებოდეს.

„ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებენ, საერთოდაც, უნდა ატარებდნენ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ფინანსურს, თავისი ტაძრის, თავისი მოძღვარის მიმართ“  - განაცხადა ჩაპლინმა ინტერნეტ-შოუ „მინაევ ლაივ“-ის მსვლელობისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ მღვდელმა „თავისი მრევლისგან უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი იძულებულნი არიან მსხვილ კომპანიებში ირბინონ და იძახონ: მოგვეცით! მოგვეცით! მოგვეცით!“ - განაცხადა აღშფოთებულმა ჩაპლინმა და დასძინა, რომ ასე კარდაკარ სიარული, ხშირად, სასულიერო პირების დროის ძალიან დიდ ნაწილს იკავებს.

ჩაპლინის ასეთი რეაქცია წამყვანის მიერ გამოთქმულ აზრს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ეკლესიური მეგობრებისგან არაერთხელ სმენია: „მე მჯერა ღმერთის, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ეს, სახელმწიფო კორპორაციაა, რომელსაც ღმერთის სიტყვის მიმართ ძალიან პირობითი დამოკიდებულება აქვს და ის მრევლის ხარჯზე მდიდრდება“.

აქ კი ჩაპლინმა კიდევ უფრო დააკონკრეტა მრევლის ეკლესიისადმი ვალდებულებები და განაცხადა, რომ „თუ ისინი ქრისტიანები არიან, თავისი შემოსავლის მეათედი ეკლესიას უნდა მისცენ“, ხოლო ვინც ამას არ აკეთებს, უნდა შეარცხვინონ.

სხვათა შორის, ვიდრე ეკლესია ჩაპლინის საშუალებით გააჟღერებდა თავის მოთხოვნებს მრევლისადმი, რუსეთში, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, სოციოლოგიურმა სამსახურმა „სრედა“-მ და ფონდმა „ობშესტვენნოე მნენიე“, გამოკითხვა ჩაატარეს, რომელიც მრევლისთვის ეკლესიის სასარგებლოდ გადასახადის დაწესებას ეხებოდა, რასაც გამოკითხულთა მხოლოდ 19% დაეთანხმა, მათ შორის უმრავლესობა მეგაპოლისების მცხოვრებნი და სტუდენტები იყვნენ.