
კრემლი, ოკუპირებული ტერიტორიების ძველი კურატორებისგან გაწმინდეს
16:15:14     05-05-2012
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი, როცა ახალ ადმინისტრაციას დააკომპლექტებს, ოკუპირებულ რეგიონებს ახალ კურატორებს არ დაუნიშნავს, მაგრამ აღნიშნული საკადრო წმენდითა და მასთან დაკავშირებული სჯა-ბაასით, მოსკოვმ აღიარა, რომ არავითარი „დამოუკიდებლობა“ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთისთვის მას არ უბოძებია და ყველა ეს მარიონეტული რეჟიმები მისი ქვეშევრდომობისა და მითითებების ქვეშ ცხოვრობენ.
თავად რუსული მედია სრულიად ღიად წერს იმ მიზეზებზე, რის გამოც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკრეტული პირები თანამდებობებს დაემშვიდობნენ. საკადრო წმენდის ძირითადი მიზეზად კი სწორედ ის სახელდება, რომ კრემლის ჩინოვნიკებმა, როგორც „საჭირო იყო“ და როგორც ეს მოსკოვს აწყობდა, ისე ვერ წარმართეს საარჩევნო პროცესები ოკუპირებულ რეგიონებში. თანამდებობა დაატოვებინეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, სერგეი ვინოკუროვს. გათავისუფლებულია მისი მოადგილე ვლადიმერ გასუმიანოვიც.
გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ამის მიზეზს ღიად ასახელებს - „ჩინოვნიკების გათავისუფლება ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში ჩავარდნების სერიას უკავშირდება“. გაზეთი იმასაც ღიად წერს, რომ ეს ადამიანები კურირებდნენ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს, - როცა ნოემბრის თვეში კრემლის კანდიდატმა კრახი განიცადა და ქუჩის აქციები დაიწყო. ვინოკუროვი და გასუმიანოვი დნესტრიპირეთის მიმართულებაზეც მუშაობდნენ და იქაც ვერ გაამართლეს მოსკოვის იმედები - ე.წ. პრეზიდენტად სასურველი კადრი ვერ გაიყვანეს. შემდეგ, როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს, ჩინოვნიკებს კიდევ ერთი შანსი მისცეს - მათ ამ რეგიონებში ე.წ. რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაეტარებინათ და შეცდომები გამოესწორებინათ, თუმცა, ავტორის თქმით, ეს მცდელობაც „კრემლის ფავორიტების“ მარცხით დასრულდა.
კითხვას, თუ რატომ გართულდა ცხინვალში ვითარება „არჩევნებთან“ დაკავშირებით და რატომ გაუქმდა ოპოზიციის გამარჯვება, - რომელზეც ოკუპირებულ რეგიონში დღესაც ეძებენ პასუხს, „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ სცემს პასუხს: „შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამხრეთ ოსეთში არ აწყობდა მოსკოვს და ის გაუქმდა.
ფაქტობრივად, აღიარებულ პრეზიდენტთან ალა ჯიოევასთან, ვინოკუროვის პირადი გარანტიებით დაიდო შეთანხმება განმეორებითი არჩევნების შესახებ, რომელშიც ჯიოევამ ვეღარ მიიღო მონაწილეობა, მის შტაბზე შტურმის შემდეგ, რის გამოც ის საავადმყოფოში, შიდაპატიმრობაში მოხვდა“ - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ჯიოევას იზოლაცია სწორედ ხსენებული „კრემლის კურატორების“ ზეწოლით მოხდა: მათ მარიონეტული რეჟიმის შესაბამის სამსახურებს ინსტრუქციები მისცეს, როგორ მოეხდინათ „განეიტრალება“ ჯიოევასი, რომელიც არანაირად არ აწყობდა მოსკოვს.
„კრემლის კურატორების“ საკადრო წმენაზე კომენტარი მათმა წინამორბედმა „კურატორმა“ მოდესტ კოლეროვმა გააკეთა და მანაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონის, ისევე როგორც აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ერთი დიდი „ბლეფია“, რადგან მისი თქმით, ვინოკუროვს დაუგეგმავს მთელი ის სქემა, რომელსაც ცხინვალში „დამოუკიდებელ და დემოკრატიულ არჩევნებს“ უწოდებდენენ, კოლეროვის თქმით კი ეს „არჩევნები, ჩვენი ქვეყნისთვის (ანუ რუსეთისთვის) სკანდალური და სამარცხვინო იყო“.ვინოკუროვს, როგორც ირკვევა, არა მარტო ოკუპირებულ რეგიონებზე ჰქონია „შეფობა“ აღებული, არამედ ყირგიზეთზე და ლატვიაზეც, სადაც, მოდესტ კოლეროვის თქმით, მან მოსკოვის ინტერესები ისევე „ჩააგდო“, როგორც უკონტროლო ანკლავებში.