აკაკი ბობოხიძე: ოპონენტებს იმედებს გავუცრუებთ – საზეიმო სხდომა ქუთაისში გაიმართება

  10:14:23     05-05-2012

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატის აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, სკეპტიკოსების მოლოდინი არ გამართლდება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საზეიმოდ ქუთაისის ახალი პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში 26 მაისს აღინიშნება. მისი შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქუთაისი თავისი ძალმოსილებით ჩართვას იწყებს, რაც სხვა სფეროსთვის ბიძგის მიცემას გამოიწვევს. კანონმდებლის განცხადებით, ვისაც პარლამენტში მუშაობა უნდა, მას ცხოვრება სამუშაო ადგილის მიხედვით მოუწევს. 26 მაისის დღის აღნიშვნასთან და მშენებარე პარლამენტის საკითხებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

– საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საზეიმოდ ქუთაისში აღნიშნავს. რამდენად სიმბოლურია ეს დღე თქვენთვის?   

– ეს იყო ბავშვობის დროინდელი ოცნება, რომელიც დღეს ახდენილია.  ჩემს მსგავსად, ეს იყო საქართველოს ყველა ნორმალური მოქალაქის ოცნება. 26 მაისი ქვეყნის ისტორიაში ბედნიერების დღეა, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ ხალხს შეუძლია თავისი ნიჭითა და უნარით ცხოვრებაში თავისი ადგილი მოძებნონ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ დამოკიდებული იყო საკუთარ თავზე და არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაზე.

– როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში საზეიმო სხდომა გაიმართება და ასევე, აღლუმის ჩატარებაც იგეგმება. 26 მაისს რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდება თუ გაქვთ ჩამოყალიბელი?

– აღლუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას,  უმაღლესი მთავარსარდალი მიიღებს  და ბუნებრივია, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის ანდობს აღლუმის დაგეგმვას. ანუ, ამ საკითხზე, დამატებითი ინფორმაციის მოცემა მე არ შემიძლია.

– მმართველი გუნდი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება, მაგრამ თქვენი ოპონენტები – „ქართული ოცნებიდან“ თბილისში, 26 მაისს აქციას გამართავენ. როგორ შეაფასებთ მათ გადაწყვეტილებას?   

– 26 მაისი ყველას მიერ და ყველგან უნდა აღინიშნოს. ვფიქრობ, რომ ქუთაისში საზეიმო სხდომას მმართველი გუნდის გარდა, ოპოზიციონერებიც დაესწრებიან. იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი საპარლამენტო სხდომა იქნება, თუმცა  თუ ვინმეს უნდა, რომ ამ ინიციატივას პროტესტი გამოუცხადოს, ეს მისი ნებაა. 26 მაისს, ვინ სად აღნიშნავს, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივცემდი.

– პარლამენტის მშენებარე შენობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის  ინფორმაცია ვრცელდება. ითქვა, რომ შენობამ 60 სმ–მდე დაიწია და ა.შ 26 მაისისთვის პლენარული სხდომის დარბაზი თუ იქნება მზად და ზოგადად, შენობის მშენებლობა როდის დასრულდება?

– მართალი გითხრათ, უცნაურ რამესთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით, არცერთი ჭორი არ გამართლდა, ზოგიერთები ჭორებს მაინც იგონებენ, რაც ტყულია. ახალი პარლამენტისთვის სამუშაო პირობები მზად წლის ბოლოსთვის იქნება. ვინაიდან, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში, პროცედურები წლის ბოლომდე გაიწელება, თუ დეკემბრის ბოლომდე არა, ნოემბრის ბოლომდე მაინც, რადგან არჩევნების ჩატარების შემდეგ, ხმების დათვლა და საჩივრების მიღება მოხდება, რასაც დრო სჭირდება. კეთილმოსურნესაც და არაკეთილმოსურნესაც იმედი ნუ ექნებათ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა 26 მაისისთვის მზად არ იქნება და ქუთაისი საზეიმო სხდომას ვერ უმასპინძლებს.  

– ქუთაისის პარლამენტისთვის ახალი რეგლამენტი მომზადდა, რომლის მიხედვით, მომავალ პარლამენტში სხდომები ერთი საათით გვიან დაიწყება. კერძოდ,  სხდომა ორშაბათსა და პარასკევს 11 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყება.  პროექტის ეს მუხლი თქვენთვის მისაღებია?

– არ ვიცი, ამ იდეის ავტორებს რა არგუმენტი აქვთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ოპოზიცია ამ საკითხს ქუთაისში პარლამენტის გადატანას მიაბავს და აჟიოტაჟი ატყდება. ამ ინიციატივის მომზადების მიზეზად ის დასახელდა, რომ დეპუტატებს ქუთაისში ჩასასვლელად დრო დასჭირდებათო, მაგრამ  ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის კრიტიკოსების მიმართ – ქუთაისიდან თბილისამდე ის მანძილია, რაც თბილისიდან ქუთაისამდე. ასეა სხვა რეგიონების შემთხვევაშიც. შესაბამისად, როგორ ასწრებდა ზუგდილი დეპუტატი თბილისში ჩამოსვლას? ამაზე ფიქრს თავი ყველამ უნდა დაანებოს. ვისაც პარლამენტში მუშაობა უნდა, იმ ფაქტს უნდა შეეგუოს, რომ  პარლამენტის სამუსაო ადგილი ქუთაისში იქნება და მან სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა იცხოვროს. ქუთაისში პარლამენტის გადატანის ერთ–ერთი მოტივი იყო, რომ მთელ საქართველოს მიაჩნდა, რომ დეპუტატს ქირით თბილისში ცხოვრება შეეძლო და რეგიონებში არა.  ის  დრო მოვიდა, როცა თბილისიდან რეგიონებისაკენ მოძრაობა თანაბარი იქნება.

– სხდომის დროის გადაწევასთან დაკავშირებით, თქვენს მოსაზრებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გაითვალისწინებს?  

– არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემს მოსაზრებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც გავახმაურებ, თუ ის არ იქნა გაზიარებული.  

– პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხზე, მმართველმა გუნდმა არაერთი განმარტება გააკეთა, მაგრამ საინტერესოა, ქალაქში პროცესები უკვე თუ დაიძრა და ინიციატივა რამდენად შედეგის მომტანი იქნება?   

–  ქალაქისთვის ნაბიჯები უკვე გადაიდგა. პარლამენტის გადატანით ქუთაისი პოლიტიკურად აქტიური ცენტრი ხდება და უკვე დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა ქალაქში ცენტრალური ოფისების ან თანაბარი ოფისების მოწყობაზე ფიქრი დაიწყონ. ამას გარდა, ქუთაისში მუშაობა მედიასაც გაორმაგებული ძალებით მოუწევს, რადგან თითო–ოროლა წარმომდგენლით მუშაობის აწყობას ვერცერთი ტელევიზია ვერ შეძლებს. ამიტომ, აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება და პრესისთვის ქუთაისი ცენტრალური თემა გახდება. ტელევიზიებში, დღეს რა ხდება? – მათი დროის დიდი ნაწილი გამოყოფილია თბილისში მიმდინარე პროცესების გაშუქებისთვის, მომავალში კი ვითარება შეიცვლება. ქუთაისი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი ძალმოსილებით ჩართვას იწყებს, რაც სხვა სფეროსთვის ბიძგის მიცემას გამოიწვევს.

– მეშვიდე მოწვევის პარლამენტში თქვენ ქუთაისს წარმოადგენთ. ისევ ქუთაისის მაჟორიტარად გიხილავთ?  

– ეს პარტიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, თუმცა, სჯობს, რომ ყველა ადამიანმა კენჭი იქ იყაროს, სადაც  დაიბადა და გაიზარდა. 2008 წელს, საპარლამენტო სიებთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების გამო, ქუთაისში  კენჭი ვიყარე, თუმცა, ეს  არ იყო პარტიის ნებაყოფლობითი ნაბიჯი, არამედ ეს იყო გარემოებებიდან გამომდინარე.

– ანუ, თქვენ კენჭს ხონში იყრით?

– სურვილი მაქვს, რომ კენჭი ხონში ვიყარო, მაგრამ პარტიული ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმას მივესალმები.